ჩვენს შესახებ
2011 წლიდან დღემდე სასწრაფო-გადაუდებელ და ამბულატორიული მომსახურების სამსახურს ხელმძღვანელობს პედიატრი, ექიმი-რეანიმატოლოგი ფიქრია ლურსმანაშვილი. სამსახური პაციენტებს სთავაზობს პირველად, როგორც თერაპიულ, ასევე ქირურგიულ გადაუდებელ დახმარებას, აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
მრავალპროფილური ბავშვთა საავადმყოფო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის სტაციონარულ, ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ მომსახურებას. კლინიკა დიდი ტრადიციების მატარებელია და არსებობის ხანგრძლივ ისტორიას ითვლის.
1997 წლიდან, ყოფილი ბავშვთა მე-2 საავადმყოფო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა გახდა, სადაც სამედიცინო საქმიანობის პარალელურად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის.
კლინიკაში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ექიმი-სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ პროფესორები: გივი ჟვანია, მარიამ გრიგალაშვილი, ირაკლი ციციშვილი, თამაზ გაჩეჩილაძე, ლეო ავალიანი, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე და სხვა.
თსსუ-ის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა კვლავაც აგრძელებს ტრადიციებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო პროგრამებში. რეგულარულად ტარდება სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობები ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის.
კლინიკაში ამავდროულად ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები, რაც ნებისმიერ სფეროში განვითარების აუცილებელი პირობაა.
კლინიკა ფუნქციონირებს 96 საწოლზე, აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, დანერგილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები და დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით.
თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები:
- თერაპიული სამსახური
- ქირურგიული სამსახური
- ნეონატოლოგიური სამსახური
- ენდოკრინოლოგიური სამსახური
- კრიტიკული მედიცინის სამსახური
- სასწრაფო-გადაუდებელი და ამბულატორიული სამსახური
- ანესთეზიოლოგიური სამსახური და საოპერაციო ბლოკი
- ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევის სამსახური