მარწყვი, საშიში პროდუქტი – როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულში ნაწლავური ინფექციებისგან

მარწყვი, საშიში პროდუქტი – როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულში ნაწლავური ინფექციებისგან




რა გამოწვევების წინაშე დგებიან მშობლები ზაფხულში და როგორ მოვემზადოთ წლის ყველაზე ცხელი სეზონისთის, როგორ დავიცვათ პატარები ნაწლავური ინფექციებისგან და როგორ მოვიქცეთ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, რა ასაკიდან მივცეთ პატარებს ახალი ხილი და რა სიფრთხილე გამოვიჩინოთ სხვადასხვა პროდუქტების მომზდებისას – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში
„სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრებრა.

გადაცემის მსვლელობისას ცნობილი ექიმის მისამართით ბევრი სამადლობელი წერილი და თბილი მესიჯი მოვიდა.


ბატონო ნუგზარ, ყოფით ცხოვრებაში ჩვენ ვიყენებთ ტერმინს ენტეროვირუსები, თუმცა, ვიცით, რომ ეს არასწორია. რითია განპირობებული, რატომ ჩნდება ზაფხულში ეს პრობლემა და შეგვიძლია თუ არა გარდამავალ სეზონზე ნაწლავური ინფექციების  პრევენცია მოვახდინოთ?

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მოვდივარ თქვენს გადაცემაში სტუმრად. მალე ზაფხული დადგება, რომელიც საქართველოში ცხელია ხოლმე და შესაბამისად, იქნება ცხელი დღეებისგან გამოწვეული სამედიცინო პრობლემები. როგორ უნდა მოვემზადოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ თბილისში, რაიონსა თუ თუნდაც საზღვარგარეთ.

პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: არ უნდა დავარღვიოთ ის სტანდარტული რეჟიმი, რითიც ვკვებავთ პატარებს. მათი რაციონი მაღალი სანიტარული ნორმებით უნდა იყოს მომზადებული. ზაფხულის პერიოდში მწვავე ნაწლავური ინფექციის შემცირებას განაპირობებს როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში უმთავრესი ინფექცია სწორედ როტავირუსია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სერიოზული პროექტი განახორციელა და უკვე რამდენიმე წელია, უფასოდ ტარდება ეს აცრა. ეს ნიშნავს, რომ როტავირუსული ნაწლავური ინფექციები მკვეთრად შემცირდება. წინათ, დიარეით მიმდინარე დაავადებების 37%-ს როტავირუსი იწვევდა. განვითარებულ ქვეყნებში უფრო ადრე დაიწყეს როტავირუსზე აცრა და მან უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა, წამოიწია ნოროვირუსმა. არ არსებობს ენტეროვირუსები, რომლებიც იწვევენ დიარეით მიმდინარე დაავადებას. ანუ, ენტეროვირუსი საერთოდ არ იწვევს მწვავე ნაწლავურ ინფექციას. ენტერონ – არის ნაწლავი, ალბათ ამიტომაც ამბობენ ხოლმე, რომ ის ნაწლავის ვირუსია. ნაცვლად ამისა, უნდა ვთქვათ – ჩემს შვილს აქვს ნაწლავური, ვირუსული ხასიათის ინფექცია, ან ბაქტერიული ინფექცია. ვირუსული ინფექციების გარდა, მწვავე ნაწლავურ ინფექციას იწვევს დიზენტერია, სალმონელოზი, ნაწლავის ჩხირი და სხვა.


როგორ მოვიქცეთ პირველი ნიშნების გამოვლენისას?

ნაწლავური ინფექცია მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მისი ნიშნებია – გულისრევა, დიარეა, ანუ ნაწლავთა მოქმედების გახშირება. სამჯერ და მეტჯერ ნაწლავის მოქედება უკვე დიარეად განიხილება, მაგრამ არა ახალშობილებში. ასევე, შეიძლება ახლდეს ცხელებაც. სანამ ექიმთან მიხვალთ, პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოთ პერორალური რეჰიდრატაცია. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა მიეცეს ის სითხე, რომელსაც ის კარგავს ან ღებინებით, ან ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით. ეს შეიძლება იყოს წყალი, იდეალურია ელექტროლიტების პაკეტი. 2 წლამდე ასაკის ბავშვმა, ერთი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, უნდა მიიღოს 100 მლ. წყალი. 2 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვმა, ყოველი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, უნდა მიიღოს 200 მლ. წყალი. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთ რეკომენდაციას აძლევს განვითარებად ქვეყნებს. ჩვენ განვითარებული, კულტურული ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ხელმისაწვდომია ელექტროლიტების ნარევი.


რატომ არის ზოგიერთი ბავშვი უფრო მეტად მიდრეკილი ამ ინფექციისკენ და თუ არის შესაძლებელი როგორმე დავიცვათ ბავშვები მისგან?

რთული სამედიცინო კითხვაა. საერთოდ, დაავადებას განაპირობებს მემკვიდრული განწყობა. როდესაც მწვავე ნაწლავურ ინფექციაზე ვსაუბრობთ, ის სერიოზული დაავადებების რიგს მიეკუთვნება. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მსოფლიოში სასუნთქი სისტემის ინფექციების შემდეგ, მწვავე ნაწლავური ინფექცია ფატალურობის კუთხით მეორე ადგილზე დგას. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი არ არის. მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენცია არის სწორედ როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენცია ასევე არის სუფთა სასმელი წყალი, ელემენტარული სანიტარულ ჰიგიენური ნორმებისა და იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის. როდესაც ზაფხულში ვამზადებთ საკვებს, განცალკევებული უნდა იყოს უმი და მოხარშული მზა საკვები. თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული ხორცი, ბოსტნეული. ხშირად მინახავს ზღვის სანაპიროზე, როგორ მიირთმევს საკვებს წყლიდან ამოსული ადამიანი. თითქოს მარტივი რეკომენდაცია ხელების დაბანასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საკვების მიღების წინ, პირველი პრევენციაა მწვავე ნაწლავური ინფექციისათვის. მაცივარში ნებისმიერი პროდუქტი +5 გრადუსზე უნდა შევინახოთ.

მშობლები ხშირად ჩქარობენ, ბავშვს ესა თუ ის ხილი გაასინჯონ. უნდა მივირთვათ ნებისმიერი ხილი, მაგრამ უმჯობესია, ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ხილი მივიღოთ. სასტიკად იკრძალება, გზის პირას გასაყიდად გამოტანილი ხილის შეძენა. ის ჰაერი გამონაბოლქვისგან არის დაბინძურებული, ხილის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებები შედის და ხდება ხილისგან მოწამვლა.

ცალკე მინდა ვისაუბრო მარწყვზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარწყვი ერთ-ერთ საშიშ პროდუქტად დაასახელა. მასში პესტიციდების შემცველობა 40%-ს შეადგენს, ჩემი მორიდებული რჩევაა, მარწყვის მიცემა 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიზღუდოს. ზოგჯერ, თერმული დამუშავების შემდეგაც კი ინარჩუნებს მარწყვი ზოგიერთ მავნე თვისებას. ხილი უნდა იყოს გარეცხილი, ის მხოლოდ დაბანილი ხელით უნდა გათალოთ. ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი, გარგარი – ძალიან კარგია. 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს არ ვურჩევ ლეღვს, საზამთროს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, როგორ არის შენახული, როგორ მოხდა ბაზრამდე მისი ტრანსპორტირება და ა.შ. თუ გაჭრით საზამთროს, ის ბოლომდე უნდა იქნას რეალიზებული და მაცივარში არ უნდა შეინახოთ. ზოგჯერ სჯობს, ხილი რომელიმე კომპოტის სახით მიიღოს ბავშვმა. შაქარი და მარილი კაცობრიობის უმთავრეს მტრებად განიხილება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენ არცერთ მათგანს არ ვუწევთ რეკომენდაციას.


თუ ჩვენ ბავშთა კვების რაციონში 2 წლამდე ვზღუდავთ შაქარს, მაშინ რა სახით ტკბილეული შეიძლება მას შევთავაზოთ?

ჩემი მდიდარი კლინიკური გამოცდილება ადასტურებს, რომ სუპერმარკეტში ნაყიდი ტკბილეული იმ ფასად, რა ფასადაც ის იყიდება, არ შეიძლება იყოს სასარგებლო ბავშვისთვის. სამ წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება არავითარი შოკოლადი, მითუმეტეს საქართველოში, თუ არ არის ეტიკეტზე ასაკობრივი შეფასება მითითებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკვების დაძალება კატეგორიულად იკრძალება. შეგვიძლია გავარკვიოთ მიზეზები, რატომ არ ჭამს, რატომ აქვს დაბალი ჰემოგლობინი და ა.შ. ზაფხულში ბავშვები ცოტას ჭამენ, მაგრამ ინტენსიურად იზრდებიან. ხილი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ არ დავაძალოთ. ბავშვი რაციონალურ საკვებს უნდა იღებდეს, უნდა იყოს კარგად ადუღებული რძე და ვარგისიანი რძის პროდუქტები, უნდა მიიღოს ხორცპროდუქტები.


რეკომენდაციები, რომლებიც ეხება დასვენებას. აქაც ბევრი მოსაზრება არსებობს – ღირს თუ არა ზღვაზე ბავშვის დასვენება და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ქალაქგარეთ?

რეკომენდაცია ერთია და მშობლის შესაძლებლობა მეორე. შესაძლოა ოჯახს სურდეს კეთილმოწყობილ კურორტზე დაასვენოს ბავშვი, მაგრამ ვერ ახერხებდეს. ზოგიერთი დაისვენებს საქართველოში, ზოგიერთი კი მსოფლიოს ცნობილ კურორტებზე – ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ მთავარი ის არის, როგორ მოვიქცევით. არ უნდა მივიღოთ ის საკვები, რაც აქამდე არ გამისინჯავს ჩემს ქვეყანაში. შესაძლოა კვებისმიერი ალერგია გამოვლინდეს. უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა, ხელები უნდა დაიბანოთ ხშირად, განსაკუთრებით სანამ საკვებს მოამზადებთ.

ბატონო ნუგზარ, როდესაც დავაანონსეთ, რომ  თქვენ იქნებოდით ჩვენი გადაცემის სტუმარი, ბევრი თბილი წერილი მოვიდა თქვენი მისამართით. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს პირდაპირ ეთერში ვერ წავიკითხავ, თუმცა, ამ ორ ადამიანს დავპირდი, რომ მათ მოკითხვას

აუცილებლად გადმოგცემდით:


ანა მაღრაძე: ბატონი ნუგზარს ბადალი არ ჰყავს, უანგარო, კეთილშობილი, საყვარელი და  პროფესიონალი პროფესორია. ჩემს შვილთაშვილს ელენეს ბატონმა ნუგზარმა აჩუქა სიცოცხლე. მე ვერ გამოვთქვავ იმ უსაზღვრო მადლიერებას, რაც დამსახურებულად ეკუთვნის ბატონ ნუგზარ უბერს ჩვენგან. ბავშვზე გვატყუებდნენ სხვა ექიმები ტუბერკულოზი აქვსო, ბატონი ნუგზარის სწორმა დიაგნოზმა და სწორმა მკურნალობამ დადებითი შედეგი დაგვიდო. მის ადამიანურ გრძნობასა და გაგებას პატივს ვცემ და ვეთაყვანები. იგი არის ბავშვთა უნიკალური  სპეციალისტი, მე ვერ დავუკარგავ ამ სიკეთეს. რომ არა ბატონი ნუგზარი, შეიძლება უმძიმეს შედეგის წინაშე აღმოვჩენილიყავით. მე 72 წლის ქალი ვარ და ასეთი გულისხმიერი, უანგარო ექიმი არ მინახავს.


მარინა ბენიძე: ბატონი ნუგზარი ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანია. მე ტყუპები მყავს. ორივენი ერთად მიმყავდა ხოლმე კონტროლზე. გამომყვებოდა ხოლმე მისაღებში და მიმღებს აფრთხილებდა. ამათგან ორის მომსახურება არ აიღოთ. ერთი აიღეთო. დღეს ორი ტყუპის გაზრდა გმირობააო. არ არსებობს ამ კაცისთვის სამუშაო საათები… ღამის საათებშიც შეგვიწუხებია და რჩევა მოუცია. ალბათ ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ქვეყანა…



წყარო: fortuna.ge



თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ქოლ–ცენტრს  ნომერზე 577 29 34 66



გისურვებთ ჯანმრთელობას!