არ იტირო ბებო, მე შენი „შაქრის გოგო“ ვარ...

არ იტირო ბებო, მე შენი „შაქრის გოგო“ ვარ...




ერთი კვირაა, ცრემლი არ შემშრობია თვალზე. ახლა ცოტა გონს მოვედი... მინდა, ჩემი დარდი გაგიზიაროთ და გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად ყურადღებიანები იყოთ შვილებისა და შვილიშვილების მიმართ...

ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული ქეთა, რომელიც ჯერ სამი წლისაც არაა, ჩვეულებრივ ხალისითა და ბავშვური სიცელქით გამოირჩეოდა. სექტემბრის პერიოდში წყლის სმას მოუმატა, ჯერ ცხელოდა და ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვი. როცა აგრილდა და კვლავ გემრიელად ეწაფებოდა წყალს, ავფორიაქდი. სადაც ამის შესახებ ვამბობდი, ეღიმებოდათ, მედიცინის სიყვარულით რაღაცები გეჩვენება, უყვარს წყალი და მორჩაო, მეუბნებოდნენ.


ყველას და ყველაფრის მიუხედავად, მე და თამომ წავიყვანეთ ქეთა ბავშვთა დიაგნოსტიკურში, ინგა ექიმს ავუხსენი ჩემი გულისტკივილი, რომელმაც მოგვცა მიმართვა შაქარზე.

შევედით, გული ამოვარდნას მქონდა, თამოს კალთაში ეჯინა ქეთა, მე ზემოდან დავცქეროდი, როცა ექთანმა სისხლი აუღო, სინჯი აპარატში ჩადო, 410 დაეწერა! ექთანმა გამოაძრო, ურნაში ჩააგდო და მეორე გაუკეთა, იგივე აჩვენა. მე გავითიშე, ექთანი წამოხტა და წასვლა დააპირა.

დავიღუპეთ-მეთქი?! — ვკითხე. მისი სასოწარკვეთილი სახე არასოდეს დამავიწყდება:
„ქალბატონო, მგონი აპარატმა აურია, ეხლავე ექიმს შემოვიყვანო.“ თამოს შეშინებულ თვალებს წავაწყდი, რომელიც შველას მთხოვდა და მე ვიყავი უძლური, უსუსური და განადგურებული ბებია, რომლისთვისაც, იმ წუთში, სიკვდილი იქნებოდა შველა, მხოლოდ! შემოვარდა ექიმი, გარეთ აფორიაქდა ხალხი. ქეთას ვენიდან აუღეს სისხლი, უფრო ზუსტი პასუხი იქნებაო... ერთი სიტყვით, ჩემს პატარა გოგონას აღმოაჩნდა მაღალი შაქარი..

ჩავიხუტეთ ჩემი „შაქრის გოგონა“ და წამოვედით. როგორც ფეხი შევდგით სახლში, მე და თამო ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ტირილით ვიჯერეთ გული... ბავშვები შეგვეცოდნენ,გვიყურებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რატომ იცრემლებოდნენ დედიკო და ბებიკო...


ერთია, დაისვას დიაგნოზი და მეორეა, სად წაიყვანო, იმ დროს, როცა ბევრი ცუდი მესმის საავადმყოფოების შესახებ. ახლობელმა ექიმმა გვირჩია გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა და ბედნიერი ვარ, რომ არჩევანი აქ შევაჩერეთ. მისვლის პირველი წუთიდან იყო მაქსიმალური ყურადღება და სრული მობილიზება ექიმებისა და ექთნებისა. იმ დროს, როცა თავზე დატეხილი გაქვს მოულოდნელი, გულის გამაჩერებელი განაჩენი, მედპერსონალის პროფესიონალიზმი და მათი სხარტი მოქმედება გამშვიდებს, იმედს გაძლევს, რომ ყველაფერი კარგად იქნება!


მე მქონდა პატივი, პირადად შევხვედროდი ენდოკრინოლოგს, თსსუ-ს პროფესორს, ქალბატონ მარინა გორდელაძეს, რომელიც საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა „დიაბეტური სკოლის“ დირექტორი და 21 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

ქალბატონმა მარინამ უდიდესი სითბოთი და დამაჯერებელი ფაქტებით დაგვარწმუნა, რომ ინსულინით მკურნალობა აუცილებელი და ამ ეტაპზე, სასწრაფოც კია...

უდიდესი მადლობა ქალბატონ მარინას ესოდენ დიდი ყურადღებისა და პროფესიონალური თანადგომისათვის. ასევე მადლიერებას გამოვხატავ დიაბეტური სკოლის ხელმძღვანელის, ექიმ- ენდოკრინოლოგ, ქეთას მკურნალი ექიმის, ქალბატონ მაია ფხალაძის მიმართ. ასევე, უნიჭიერეს, პროფესიონალ, შეწუხებულ ბავშვებთან ურთიერთობის დიდოსტატებს, ექთნებს: მედეა მამულაშვილს, ნინო გიორგობიანს, ზინაიდა ოქროპირიძეს.


გავიდა ძალიან დაძაბული, მაგრამ იმედებითა და უკეთესი მომავლის სურვილით გაჯერებული, ერთი კვირა. ჩემი „შაქრის გოგონა“ თითქოს უცებ გაიზარდა, დიდი ადამიანივით გაითავისა თავს დამტყდარი მოულოდნელობა, სისხლის ანალიზისთვის აუღელვებლად ამზადებს პაწია თითებს, მან ინსულინის ნემსიც „დაიმეგობრა“, მასში იპოვა ის ძალა, რომელიც აკლდა და უხასიათობას სძენდა... მდგომარეობა ნელ-ნელა ბალანსდება ჟვანიას კლინიკის მედიკოსებით და იმედით ვცოცხლობთ, ვისწავლით დიაბეტთან ურთიერთობას და ქეთას გავულამაზებთ ცხოვრებას...


თქვენ კი, ჩემო მეგობრებო, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით მიეცით თქვენს პატარებს: ნაირნაირი შოკოლადები, ნაყინები, გაზიანი სასმელები, შოკოლადის კარაქი და უამრავი ნუგბარი, რომლის გადაჭარბებულმა მიღებამ, შეიძლება ისე დააზიანოს პანკრეასის ჯირკვალი, რომ ინსულინის საკმარისი რაოდენობა აღარ აღმოჩნდეს ორგანიზმში...

ბებოს „შაქრის გოგონა“ ყველა პატარას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს!

P.S არ გადადოთ, ხვალვე სისხლის ანალიზზე, შაქრის დონის დასადგენად!!!


ლელა დვალი–დევრისაშვილი


 

ასევე მრავლად არის მადლიერი მშობლების წერილები თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტისა და მისი მედ–პერსონალის მიმართ.

გთავაზობთ ამ წერილების მცირედ ნაწილს: