ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ბავშვებში

რა უნდა ვიცოდეთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის შესახებ? აღნიშნულ საკითხზე რჩევებსა და საყურადღებო რეკომენდაციებს მოგაწვდით თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ნევროლოგი, თსსუ ასოცირებული პროფესორი სოფიო ბახტაძე.



ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა. მისი სიხშირე შეადგენს სკოლის ასაკის ბავშვთა 5%-ს. ზოგიერთი ავტორის მიხედვით 5-12 წლის ასაკის ბავშვებში მისი გავრცელება შეადგენს 10-20%-ს. დადგენილია, რომ აშშ-ში აღნიშნული მდგომარეობა დიაგნოსტირებული აქვს 3 მილიონამდე ბავშვს. მისი სიხშირე ყველაზე ნაკლებია ჩინეთში. სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს. გავრცელებულია უფრო ბიჭებში გოგონებთან შედარებით, ეს თანაფარდობა შეადგენს 4:1 ბიჭების სასარგებლოდ.
არსებობს მისი 3 ქვეტიპი:

  1. ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომის კომბინირებული ფორმა, სადაც უყურადღებობა და  ჰიპერაქტივობა თანაბრად არის წარმოდგენილი;
  2. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის უპირატესად უყურადღებობით მიმდინარე ტიპი;
  3. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის უპირატესად ჰიპერაქტივობით მიმდინარე ტიპი.

აღსანიშნავია, რომ ბიჭებში უფრო ხშირია ჰიპერაქტივობით მიმდინარე ფორმა, მაშინ როდესაც გოგონებში სჭარბობს უყურადღებობით მიმდინარე ფორმები.

მისი დიაგნოსტირება ხდება კლინიკური ნიშნების საფუძველზე. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლის და მშობლის მიერ სპეციალიზებული კითხვარის შევსება.

ამ სინდრომის ძირითადი პრობლემებია ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობა და ჰიპერაქტივობა. მათთან დაკავშირებული სირთულეებია:

  • ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში;
  • პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში;
  • დაბალი თვითშეფასება და უპატივცემულობა საკუთარი თავის მიმართ;
  • ქცევის პრობლემები;
  • ნეგატიური დამოკიდებულება მშობლებთან;
  • ნეგატიური დამოკიდებულება მასწავლებლებთან;
  • აგრესიულობა.

ყურადღების დეფიციტი ვლინდება:

  • თანატოლებთან შედარებით ყურადღების კონცენტრაციის უნარის ხანგრძლივობის სიმცირეში;
  • ყურადღების შერჩევითობისა და ფოკუსირების დარღვევაში;
  • სელექციური ყურადღების სიმწირეში, სტიმულების აღქმისა და გაგების შეზღუდულ უნარში;
  • ხელის შემშლელი სტიმულისადმი ზედმეტად მგრძნობიარობაში.

ასეთ ბავშვებს ყურადღება ძალზე ადვილად გადააქვთ ხელისშემშლელ სტიმულებზე; მათ არ შეუძლიათ იმპულსური რეაქციის შეჩერება ისეთ სიტუაციაში, რომელიც მოითხოვს კონცენტრირებულ, ორგანიზებულ და მიზანმიმართულ მოქმედებას; ეს ყოველივე იმით აიხსნება, რომ ასეთ ბავშვებში ძალიან დაბალია აქტივაციის დონე და ამიტომ ისინი სტიმულირების სხვა წყაროებს ეძებენ. ტვინის აქტივობის დონე ჰიპერაქტიურ ბავშვებში გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ ბავშვებში.

იმპულსურობა ვლინდება:

  • დავალებაზე პასუხის გაცემისას, შეჩერების და დაფიქრების უუნარობაში;
  • საკუთარი ჯერის დალოდების უუნარობაში;
  • თანმიმდევრული მოქმედების დაგეგმვისა და კონტროლის პრობლემებში;
  • დაუფიქრებელ მოქმედებაში.

ჰიპერაქტივობა ვლინდება ჭარბ მოტორულ აქტივობაში. აქტივობის ხარისხის გასაზომი სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით მიღებული შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ბავშვები, სხვა ბავშვებთან შედარებით, მოუსვენრობის მაღალი დონით ხასიათდებიან. აქტიურობის ზრდა ნაკლებად შესამჩნევია თავისუფალი თამაშის დროს, მაგრამ აშკარა ხდება წესებით შეზღუდული თამაშების, ფილმების ყურების, ან კონსტრუქტორით თამაშის დროს. პირველ რიგში აუცილებელია სინდრომის დიაგნოსტიკა და სწორი შეფასება. იმის გამო, რომ გამოვლინებები მრავალფეროვანია, სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულად ვლინდება, უშუალო დაკვირვებასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოგროვება. დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რამდენად ეთანხმება ქცევითი გამოვლინებები დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, რა სიხშირით და რომელ სიტუაციებში აღმოცენდება პრობლემური ქცევები და რა ხარისხით უშლის ეს ქცევები ბავშვს ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და გარემოსთან შეგუებაში, ასევე, აქვს თუ არა ბავშვს სხვა თანმხლები აშლილობა.

სწორი დიაგნოსტიკისათვის საჭიროა:

  1. მშობლის ინტერვიურება სახლში ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით;
  2. მასწავლებლის ინტერვიურება კლასში ბავშვის ქცევის შესახებ;
  3. ბავშვის ფსიქოლოგიური ტესტირება ინტელექტის დონისა და ფსიქიკური ფუნქციების ასაკობრივი მომწიფების დადგენის მიზნით;
  4. ბავშვზე უშუალო დაკვირვება, რომლის დროსაც ფასდება ბავშვის იმპულსურობის, ჰიპერაქტივობისა და უყურადღებობის ქცევითი გამოვლინებები და მათი ხარისხი;
  5. ბავშვის მდგომარეობის შეფასება კომორბიდული აშლილობების გამოვლენის მიზნით და დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის: აუცილებელია ბავშვის შფოთვითი აშლილობის, დეპრესიის, ქცევის დარღვევის, ოპოზიციურ–დევიანტური ქცევის, განვითარების პერვესიული აშლილობისათვის დამახასიათებელი კრიტერიუმების შემოწმება.

ADHD–ის მკურნალობა და სიმპტომების შემსუბუქება მაქსიმალურად ეფექტურია მაშინ, როდესაც გამოიყენება სხვადასხვა სახის მიდგომები.

  • უპირველეს ყოვლისა, მშობლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებული ADHD–ის შესახებ, რათა ადეკვატური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ ბავშვის მდგომარეობის შესახებ, შეძლონ სწორად განსაზღვრონ და დააკვირდნენ სიმპტომებს;
  • ბავშვისათვის მიზანშეწონილია, ინდივიდუალური, ან ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება. კონსულტაცია შეიძლება მოიცავდეს ADHD–ის შესახებ ინფორმირებას;
  • სოციალური ურთიერთობის ჩვევების ჩამოყალიბების ტრენინგს;
  • სპეციალური ტექნიკების სწავლებას, რომლების ბავშვს დაეხმარებიან იმპულსის შეკავებასა და ყურადღების კონცენტრაციაში.

მშობლებისა და მასწავლებლების მიერ ქცევითი ტექნიკის  გამოყენება, დაეხმარება ბავშვს წარმატებით შეხვდეს გარემოს მოთხოვნებს. ADHD–ის მქონე ბავშვების უმრავლესობა მიისწრაფვის სხვებისგან მოსაწონი ქცევისაკენ, დავალების წარმატებით დასრულებისაკენ, ამიტომ წინასწარ შეთანხმებული არავერბალური სიგნალი, შეიძლება, ძალიან სასარგებლო გამოდგეს დავალებასთან დასაბრუნებლად.

დავალების დამთავრებისა და მითითების შესრულების შემთხვევაში, წახალისება (პრიზი, ჯილდო, შექება) სასარგებლოა ამ მიღწევების განმტკიცებაში. ეს დადებითი განმტკიცება დროული და ძალიან ხშირი უნდა იყოს. წინა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის წახალისება ყოველ 5–10 წუთშია საჭირო. დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დღეში რამდენჯერმე. მოზრდილებისთვის –დღეში ერთხელ.

არსებობს მისი ფარმაკოლოგიური მკურნალობის მეთოდიც, თუმცა აღნიშნული პრეპარატების გამოყენება შეზღუდულია მათი გვერდითი მოვლენების გამო.

 

 

თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.


თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 29 34 66

 

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!