ეკა უბერი: როგორ მოვერიოთ მაღალ ტემპერატურას, როდესაც სიცხის დამწევი პრეპარატები უძლურია

როგორ მოვერიოთ მაღალ ტემპერატურას, როდესაც სიცხის დამწევი პრეპარატები უძლურია?


 

 

 

გადაცემას „სტუმრად ექიმთან” მედიცინის დოქტორი,  თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის თერაპიის სამსახურის უფროსი, თსსუ ასოცირებული პროფესორი, ექიმი–პედიატრი ეკა უბერი ესტუმრა, რომელმაც მშობლებისთვის საინტერესო ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორებიცაა: ვირუსები და მისი საგანგაშო სიმტომები, ხველა და ამოსახველებელი საშუალებები, აცრები, კვებითი აუტანლობა, ბუნებრივი და ხელოვნური კვება წლამდე ასაკის ბავშვებში. ეკა უბერმა ასევე უპასუხა ეთერში შემოსულ ზარებსაც.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ თებერვალში ვირუსების ახალი ტალღა წამოვა, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს და რა მდგომარეობაა ამჟამად მომართვიანობის მხრივ?

 

მომართვიანობა მომატებულია, თუმცა, ეს არ არის გამონაკლისი და ყოველ წელს ამ პერიოდში ასე ხდება. ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები და ორსულები ინფექციის მიმართ უფრო მაღალი მიმღებლობით ხასიათდებიან. შესაბამისად, იზრდება პატარა პაციენტების რაოდენობაც და ყველაზე ხშირად მათ რესპირატორული ვირუსებით განპირობებული დაავადებები.

ის, რომ ბავშვი ხშირად ავადობს, არ არის პათოლოგია. თუკი ბავშვი წელიწადში 4-8-ჯერ ხდება ავად, ეს ნორმაა. ბავშვი უნდა გახდეს ავად, რომ მყარი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს. ახალშობილი ნულოვანი იმუნიტეტით იბადება და გარემოსთან და ადამიანებთან კონტაქტისას უყალიბდება გარკვეული იმუნიტეტი.

რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორებს და სოციალურ გარემოს – რა პირობებში, რა სიმჭიდროვეში იზრდება ბავშვი, როგორ იცავენ მშობლები მის ორგანიზმს ინფექციების შემოტევისგან და ა.შ.

 

აღნიშნეთ, რომ თებერვალში ინფექციების ახალი ტალღა გავრცელდება. რუსეთის ზოგიერთ რეგიონში დაფიქსირდა გრიპის ვირუსის ეპიდემია და შესაძლებელია საქართველომდეც ჩამოაღწიოს. აჟიოტაჟი და ემოციები პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მთავარია პაციეტმა დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.


ჩემს შვილს „სუსტი ყელი“ აქვს – რამდენად სწორია ეს ტერმინი, რატომ არის ეს ჩივილი ასეთი ხშირი?

 

ყელის ტკივილი არის ერთ-ერთი სიმპტოპმი ვირუსული ინფიცირებისა.

ყელის ტკივილი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, თუმცა, ყველაზე ხშირად ეს სწორედ ვირუსული ყელის ტკივილია და ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს სუსტი ყელი აქვს.

ვირუსის უხშირესი სამიზნე არის ყელი და ნუშურა ჯირკვლები. ყოველი ვირუსის შემდეგ ხდება რკალისა და ნუშურა ჯირკვლების ჰიპერემია, რაც რესპირატორული ვირუსული ინფექციების თანმდევია. ამავე დროს შეიძლება იყოს ხველა, ცემინება, ყურის ტკივილი და ა.შ. ყელის ტკივილის ცალკე გამოხატვა არ ღირს, რადგან აღნიშნული სიმპტომი საერთო მდგომარეობის გამომხატველია. მშობლები ხშირად კითხულობენ, ხომ არ ჩაატარონ ტონზილექტომია. ტონზილექტომიას, ანუ ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთას, აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები. მაგალითად ხშირი ავადობა ჩირქოვანი პროცესით, როდესაც ექიმი ყოველ ჯერზე ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ჩირქოვან პროცესთან და არა მხოლოდ ნუშურების გაწითლებასთან და ყელის ტკივლთან. ერთი და იგივე სიმპტომატიკით – მაღალი ტემპერატურით, ყელის მწვავე ტკივილით შეიძლება დაიწყოს როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექცია.

 

ყელის გაწითლება არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად ჩირქოვანი პროცესია და საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარებას. ცალსახად იმის გადაწყვეტა, რომ ბავშვს სუსტი აქვს ყელი და უნდა ამოიკვეთოს ნუშურა ჯირკვლები, სწორი არ არის. ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.


ხშირად საუბრობენ ყელისათვის სავლებ საშუალებებსა და საწუწნ აბებზე, აქვს თუ არა ეფექტი მათ რეალურად?

 

6 წლამდე არცერთი მათგანი არ არის სასურველი, 6 წლის შემდეგაც მათი ეფექტურობა მოკლე ვადიანია და მათ სამკურნალო მოქმედება არ გააჩნიათ. საუკეთესო საშუალებად ამ დროს აღიარებულია იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატები, რომლებსაც აქვთ როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ისე ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, შესაბამისად გარკვეული პერიოდით ამცირებს ყელის ტკივილსაც. ყელის ტკივილი ამ შემთხვევაში განპირობებულია ნუშურა ჯირკვლების შეშუპებით, რაც განსაკუთრებით საკვების მიღებისა და ყლაპვის დროს ვლინდება. ჩვილების შემთხვევაშიც სწორედ იბუპროფენის შემცველ პრეპარატებს ვიყენებთ, ეს პრეპარატი ტემპერატურას იმაზე დაბლა არ სწევს, ვიდრე საჭიროა.

 

ვისაუბროთ ხველაზე, მშობელს ხშირად უჭირს იმის განსაზღვრა რა ტიპის ხველასთან აქვს საქმე…

 

ხველა არის ძალიან გავრცელებული სიმპტომი როგორც ზედა, ისე ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებისას. ანატომიურად მიიჩნევა, რომ სახმო იოგების ზემოთ არის ზედა სასუნთქი გზები, სახმო იოგების ქვემოთ კი ქვედა სასუნთქი გზები. მშობლის მიერ ამისი დიფერენციაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმმა უნდა შეაფასოს, რასთან გვაქვს საქმე. უხშირესი მიზეზი არის ბრონქიტი, ანუ ქვედა სასუნქი გზებიდან მომდინარე პრობლემა, რომელსაც ვირუსი იწვევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხველის მიზეზი მხოლოდ ბრონქიტი არ არის და შეიძლება იყოს ვირუსული ლარინგოტრაქეიტი, ანუ ლარინგიტი, რომელიც კრუპის სინდრომით არის ცნობილი და ისევ ექიმმა უნდა გაარკვიოს, რამდენად საშიშია ხველა. მშობლებს ვურჩევ, სპეციალისტის გარეშე არ დასვან დიაგნოზი, განსაკუთრებით სამ წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში.


რამდენ დღეში უნდა მივიდეთ ექიმთან და რა არის ის სიმპტომი, როდესაც აღარ უნდა გადავდოთ პედიატრთან ვიზიტი?

 

ხველა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად შესაძლოა ბავშვმა სათამაშოს ნაწილი გადაყლაპოს და სასუნთქ გზებში მოხვდეს. ამიტომ ზუსტი მითითების მიცემა, თუ როდის უნდა მიმართოს მშობელმა პედიატრს, რთულია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

 

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ამოსახველებელ საშუალებებზეც, ამბობენ, რომ მათ არანაირი ეფექტი არ აქვთ…

 

მათი გამოყენება შეზღუდულია ასაკობრივად, ორ წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან ამოხველების რეფლექსი ბავშვს მკვეთრად არ აქვს ჩამოყალიბებული. შესაძლებელია, ამოსახველებლის მიცემამ პრობლემები შექმნას და სწორად ვერ მოახერხოს ნახველის ევაკუაცია.

 

მანამ, სანამ ბავშს ექიმი ნახავს, მშობლებს ვურჩევ გაუკეთონ ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით, რომელიც დაარბილებს ზედა და ქვედა სასუნთ გზებს.


მშობლები ხშირად ჩივიან, რომ რთულია მაღალი ტემპერატურის მართვა… არსებობს თუ არა რაიმე პრაქტიკული რეკომენდაცია?

 

პირველ რიგში სიცხის დამწევი პრეპარატის მიცემაა საჭირო, მისი მიღება შეიძლება არაუმეტეს ოთხჯერ დღეში 4-6 საათიანი ინტერვალებით.

 

ძალიან ხშირად, პირველი 24-36 საათის განმავლობაში რთულად ექვემდებარება ტემპერატურა სიცხის დამწევს. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ჯგუფის პრეპარატს, რომელიც უკვე მიცემული გვაქვს, უნდა დავუმატოთ სხვა ჯგუფის პრეპარატი და დოზა გავაორმაგოთ. შეგვიძლია, ფიზიკური მეთოდებით მივეხმაროთ, მათ შორის თბილი წყლის აბაზანით. 36-37 გრადუსზე გამთბარი წყალი დაეხმარება ტემპერატურის გამოსვლას ორგანიზმიდან.  მშობელი დროს იგებს, ამასობაში სიცხის დამწევი პრეპარატის მეორეჯერ მიცემის დრო დადგება და დოზის გადაჭარბება აღარ მოგიწევთ.

მაღალი სიცხის არსებობა არ ნიშნავს ანტიბიოტიკების მიცემის საჭიროებას. ძალიან ხშირად ვირუსული ინფექციები იწყება ე.წ. ჰექტიური ტემპერატურით, რაც არ საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას. ანტიბიოტიკების მიღების აუცილებლობა ლაბორატორიული მონაცემებით დასტურდება. ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს და დაავადების ხანგრძლივობას ვერ ამცირებს.


აქტუალურია კვებისა და კვებითი აუტანლობის თემაც, არსებობს თუ არა მკაცრად გაწერილი ჰაიდლაინი, როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი და რა არის სწორი კვების ფორმულა?

 

კვებითი აუტანლობა საკმაოდ ხშირად გვხდება, განსაკუთრებით ჩვილებში. შემთხვევათა უმრავლესობაში საქმე გვაქვს ძროხის რძის ცილის აუტანლობასთან, რაც მშობლებს ლაქტოზის აუტანლობაში ერევათ. პრობლემა უმთავრესად ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებში ფიქსირდება, რადგან დედის რძე ცილოვანი შემადგენლობით განსხავდება ძროხის რძისგან დამზადებული ადაპტირებული ნარევებისგან. კვებითი აუტანლობა ფიქსირდება ბუნებრივი კვების შემთხვევაშიც, როდესაც დედა დიდი რაოდენობით იღებს რძის ნაწარმს. კვებითი აუტანლობის დადგენა და კლინიკური გამოვლინება შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და ერთ-ერთი უხშირესი მიზეზი არის ღებინება და არა წამოქაფება, ყაბზობა, მუცლის შეუპოვარი ტკივილები, პერიოდული გულძმარვა, დიარეა და ა.შ. მათ შორის წონის დეფიციტი.

 

ერთ წლამდე ასაკის ბავშვის კვება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების წესს, გონებრივ განვითარებას განაპირობებს. წლამდე სწორი კვება ერთ-ერთი გარანტიაა გონებრივი და ფიზიკური სწორი განვითარებისა.

ბუნბრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს ექვს თვემდე არაფერს ვუმატებთ, მათ შორის წყალსაც კი, ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს კი ოთხი თვიდან ვუწყებთ დამატებითი რაციონის შედგენას. ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ემატებათ ბავშვებს როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი კვებისას, ეს არის ვიტამინი D3.

 

აღმოჩნდა, რომ გონებრივი განვითარების პირდაპირ პროპორციულია ბავშვის წონაში ნამატი. ძალიან ხშირად, ქართული სინამდვილიდან გამომდინარე, მშობლებს ეჩქარებათ პატარებს დააგემოვნებინონ ტკბილეული, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლები და ა.შ.

 

ბავშვის გემოვნება სამი წლის ასაკამდე ყალიბდება, როგორც მიაჩვევთ და რა ფორმითაც შესთავაზებებთ საკვებს, ისე ჩამოუყალიბდება სწორი კვებისკენ გემოვნება.

ხშირად გამიგია, რომ ბავშვი უჭმელია, წონით ასაკთან მიმართებაში კი ნორმალურია. გაირკვევა, რომ მიირთმევს ცომეულს, ტკბილეულს და აღარ იღებს ჯანსაღ საკვებს. რაც უფრო ადრე შესთავაზებთ არაჯანსაღ საკვებს, მით მაღალია რისკი, რომ არასწორი კვებითი ქცევები ჩამოუყალიბდეს.

 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოწვია მოზრდილ ბავშვებში ძროხის რძის ე.წ. ”სოფლის რძის” მიღების საკითხმა, რას იტყვით თქვენ?

 

სოფლის რძე თავისი შინაარსით უკვე ჯანმრთელია, თუმცა აქვე გასათვალისწინებულია ზოგიერთი ფაქტორი, რადგან არაპასტერიზებული რძე შეიძლება ინფექციების გადამტანი იყოს, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციაც. უმჯობესია ბავშვმა პასტერიზებული რძე მიირთვას.

 

ამბობენ, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები უფრო ძლიერები არიან იმუნიტეტის თვალსაზრისით…

 

მსოფლიოში არაერთი კვლევაა ამ საკითხზე ჩატარებული. აღმოჩნდა, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები პირველი 6 თვის განმავლობაში უსწრებენ თავიანთი გონებრივი განვითარებით ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს. ერთი წლის ასაკში კი მათი IQ შეფასება თანაბრდება და საბოლოო ჯამში დიდი განსხავვება არ არის. რაც შეეხება იმუნიტეტს, მიიჩნევა, რომ დედის რძე ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, დედის მიერ პატარას გადეცემა მზა ანტისხეულები მთელი რიგი ვირუსების მიმართ. კვებასთან ერთად აგრეთვე მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე სეირნობა, მინიმუმ ორი საათის განმავლობაში.


მსმენელი: – რა განსხვავებაა ფასიანსა და უფასო აცრებს შორის?

 

ამ ეტაპზე ფასიანი და უფასო აცრები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან, რადგან სახელწიფომ იზრუნა და შემოიტანა ევროპული ხარისხის ვაქცინა. შეგიძლიათ თავისუფლად აცრათ თქვენი პატარები უფასო ვაქცინებით.

 

მსმენელი: – ვირუსული პერიოდის დაწყებამდე ვცდილობთ ხოლმე იმუნიტეტის გაძლიერებას. რა რეკომენდაციას გაუწევთ C ვიტამინს, რამდენად ეფექტურია ის?

 

C ვიტამინთან დაკავშირებით მომიწვეს თქვენი მოლოდინი გავაწბილო. C ვიტამინის ეფექტი იმუნიტეტის გამყარების საქმეში ძალიან სუსტია და პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი აქვს. ადრე აქტიურად გამოიყენებოდა C ვიტამინი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა მარტო C ვიტამინი, არამედ ვერც ერთი „იმუნოპრეპარატი“ ვერ აძლიერებს იმუნიტეტს გრიპისა და რესპირატორული ვირუსების მიმართ, გარდა გრიპის სეზონური ვაქცინაციისა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ვირუსთან ბრძოლის საქმეში და ის ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყყისში კეთდება, მანამ სანამ ვირუსების მწვავე შემოტევა დაიწყება. დღეს ვაქცინაციის ჩატარება ნაწილობრივ შესაძლებელია, იმუნიტეტის გამომუშავებას მინიმუმ ორი კვირა სჭირდება. მართალია ქალაქში გრიპის სეზონური ვაქცინის მიმართ დეფიციტია, მაგრამ თუ სადმე არის შემორჩენილი, რა თქმა უნდა გირჩევთ, ბავშვი აცრათ, მითუმეტეს, თუ ის დადის ბაგა-ბაღში, ან სკოლაში.

 

მსმენელი: – მანამ სანამ ბავშვს ბაღში წავიყვანდი, გაუკეთე გრიპის აცრა, მიუხედავად ამისა, შეხვდა ყველა ვირუსი მთელი თავისი სიმძაფრით… და კიდევ ვირუსის შემდეგ ძალიან დიდხანს რჩება სურდო, რითი შემიძლია დავეხმარო ამ დროს?

 

ეს პრობლემა ბევრ მშობელს აწუხებს, რატომ არ არის ეფექტური ყველა შემთხვევაში გრიპის ვაქცინაცია… მინდა ავღნიშნო, რომ პირველ წელს გრიპის აცრა კეთდება ორჯერადად, ერთი თვის შუალედით, რაც უფრო აძლიერებს მის ეფექტს. გრიპის ვაქცინაცია არის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო და სამწუხაროდ არა ყველა ვირუსის მიმართ, რომელიც გაციების მსგავსი სიმპტომატიკით შეიძლება წავიდეს, მაგალითად ადენოვირუსი, რინოვირუსი და ა.შ. რაც შეეხება იმას, რომ სურდო რჩება დიდხანს, ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, თუმცა, შესაძლებელია საქმე გვქონდეს ვირუსით განპირობებულ ალერგიულ რინიტთან, რომელიც რჩება კარგა ხნის განმავლობაში და შესაძლოა ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები დაგვჭირდეს. თუმცა, უნდა შეფასდეს კონკრეტული სიტუაცია, ეს არის ვირუსით გამოწვეული ალერგიული რეაქცია, თუ ეს არის ბაქტერიული ინფექციით გართულება, ანუ სინუსიტის ჩამოყალიბება. თუ ამას პერიოდული ხასიათი აქვს და ეს კონკრეტული შემთხვევა ერთჯერადი არ არის, სავარაუდოდ საქმე გვაქვს ვირუსით გამოწვეულ ალერგიულ რინიტთან. სამწუხაროდ, გრიპის სეზონურ ვაქცინაციას 100%-იანი თავდაცვა არ აქვს, მისი ეფექტი 50-60%-ით განისაზღვრება. არის შემთხვევები, როდესაც გრიპის ვაქცინა არ არის ეფექტური, ასეთი ბავშვების შემთხვევაში, მშობლებს ვურჩევ არ გაუშვან ბაღში და უფრო იზოლირებული ცხოვრების წესი შეურჩიონ, სანამ კრიტიკულ ასაკს არ გასცდებიან.