თაფლი და თბილი რძე სპაზმური ხველის მოსახსნელად

თაფლი და თბილი რძე სპაზმური ხველის მოსახსნელად - ეკა უბერი უახლესი რეკომენდაციებით


 

რატომ რჩება ხველა ბავშვებში პედიატრთან მიმართვიანობის მთავარ მიზეზად, რა უნდა ვიცოდეთ შემაწუხებელი ხველის, მისი სიმპტომების, მკურნალობისა და შესაძლო გართულებების შესახებ, რა ტიპის მედიკამენტებით იხსნება შემაწუხებელი ხველა და რა უახლესი კვლევები არსებობს შემაწუხებელ სიმპტომთან ბრძოლის  ნაწილში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის თერაპიის სამსახურის უფროსმა, ექიმმა-პედიატრმა, თსსუ ასოცირებული პროფესორმა ეკა უბერმა ისაუბრა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სეზონური გრიპისა და ვირუსების ფონმა გადაიარა, რატომ ჩივის მშობლეთა დიდი ნაწილი ისეთ შემაწუხებელ სიმპტომზე, როგორიცაა ხველა?

 

ხველა ძალიან აქტუალურია და მთელს მსოფლიოში პედიატრთან მიმართვიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ხველა, რომელიც  შემაწუხებელია ბავშვისა და რა თქმა უნდა მშობლისთვისაც, ხშირ შემთხვევაში, რესპირატორული ვირუსებით განპირობებული დაავადებების ერთ-ერთი თანმდევი პროცესია. სეზონების მიხედვით და რეგიონალური ფაქტორების გათვალისწინებით, ვირუსები ვარირებენ და პერსისტირებენ. შესაბამისად, ოქტომბრის თვიდან დაწყებული აპრილი-მაისის შუა რიცხვებამდე, შესაძლებელია გაგრძელდეს რესპირატორული ვირუსების აქტივაცია. ანუ თითქმის მთელი სამი სეზონი აქტივირებს რესპირატორული სინციტიალური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ორ წლამდე ბავშვებში სწორედ ხველით ვლინდება.  განსაკუთრებით დღენაკლულ ახალშობილებში რესპირატორულმა სინციტიალურმა ვირუსმა შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებთან ხველა მარტივი გაციების თანმდევია, ცხელებასთან, რინიტთან, ყურის ტკივილთან, ყელის ტკივილთან, კონიუქტივიტთან ერთად და ის  3-4 კვირის განმავლობაში უნდა გავიდეს, თუ საქმე არ გვაქვს გართულებასთან.

როგორც წესი, ხველა ეს არის სიმპტომი, რომელიც შესაძლოა 3-4 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს ჯანმრთელ ბავშვთან, მოზრდილებში იგივე ვირუსის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5-7 დღე და ერთ კვირაში ყველა პრობლემა პრაქტიკულად აღმოიფხვრას. 3-4 კვირის განმავლობაში გაგრძელებულ ხველაზე, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, განგაშს არ ვტეხთ.

როდესაც ხველა 2 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება  და ხველის ინტენსივობა კლების მაგივრად იმატებს, მაშინ განვიხილავთ ხველის გამომწვევ სხვა მიზეზებს. ეს შეიძლება იყოს ყივანახველა, ბორდეტელა პერტუსიის ჩხირი, პნევმონია, უცხო სხეულის ასპირაცია, ცისტური ფიბროზი და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია, უმრავლესი შემთხვევები უპრობლემოდ მთავრდება და განსაკუთრებულ ჩარევებს არ საჭიროებს.

 

შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ხველა გაზაფხულზე ალერგიულ ბავშვებს ახასიათებს?

 

არიან ხშირად მოავადე ბავშვები, 1-დან 6-წლამდე, რომლებსაც 6-8 ჯერ შეიძლება ჰქონდეთ რესპირატორული პათოლოგია, მაგრამ ისინი პრაქტიკულად ჯანმრთელები იყვნენ. აქვე გასათვალისწინებელია სახლში მაღალი სიმჭიდროვე, რესპირატორულ ინფექციებთან კონტაქტის რისკი, ბავშვი ბაღში დადის თუ არა, არიან თუ არა ოჯახში მწეველები და ა.შ. ანუ რისკ–ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკი.

მეორე ჯგუფი ე.წ. ხშირად მოავადე ბავშვების, ეს არიან ატოპიური ბავშვები, რომლებასაც აქვთ ატოპია, ანუ ალერგიული კომპონენტი. ეს შესაძლოა გამოიხატოს არა მხოლოდ გარემო ფაქტორების ან პროდუქტების მიმართ, არამედ იყოს ვირუსინდუცირებული, რაც ნიშნავს, რომ მაპროვოცირებელია გაციების ვირუსი და ბავშვს სხვა ალერგიულ კომპონენტზე დატვირთვა არ აღენიშნება. ალერგოლოგები და პედიატრები ამ მდგომარეობას ბავშვთა ასთმას ვუწოდებთ, ანუ ბავშვთა ასთმა ეს არის ვირუსინდუცირებული სპაზმური ხველა, რომელიც როგორც წესი გარდამავალია და შესაძლოა, ჰქონდეს პერსისტიული ხასიათი. 6-7 წლის ასაკის შემდეგ, როდესაც რესპირატორული ინფექციების სიხშირე მცირდება, ბავშვთა ასთმის დიაგნოზიც თანდათან დღის წესრიგიდან იხსნება.

მესამე ჯგუფს მიეკუთვნებიან ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები, რომლებსაც საფუძვლად უდევთ რომელიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც ამწვავებს რესპირატორული ვირუსული ინფექციების მიმდინარეობას.

მეოთხე ჯგუფში კი ერთიანდებიან იმუნოდეფიციტური ბავშვები, რომლებსაც შესაძლებელია თანდაყოლილად, რაიმე იმუნოდეფიციტური მდგომარეობა ჰქონდეთ, რის გამოც უხანგრძლივდებათ ან ურთულდებათ ვირუსი. ხშირად საჭიროებენ ანტიბიოტიკო თეარაპიას, რის გამოც სიმპტომების ალაგება გაცილებით რთულდება, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში.

 

ხველის იმ ტიპზე მინდა გკითხოთ, როდესაც მას თან ახლავს რინიტი და ის პრაქტიკულად არ სრულდება, რასთან გვაქვს ამ დროს საქმე?

 

ხველა არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუცილებლად ბრონქიტი ან ფილტვების ანთება აქვს. ხველა შესაძლოა, რინიტით იყოს გამოწვეული, ანუ ცხვირის შიგთავსის გადანადენით  ცხვირ-ხახაში, რის შედეგადაც შესაძლებელია, განსაკუთრებით ღამის საათებში და დილის მონაკვეთში, ადგილი ჰქონდეს დიდი რაოდენობით პროდუქტიულ ხველას. ზოგადი პასუხის გაცემა, თუ როგორ ვუმკურნალოთ ხველას, პედიატრებს გვიჭირს, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, გუშინ როდესაც ლიტერატურას ვათვალიერებდი,  აღმოვაჩინე, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ამერიკის პედიატრთა აკადემიამ  მხარდაჭერა გამოუცხადა თაფლის გამოყენებას ღამის ხველების ლიკვიდაციასთან მიმართებაში. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1 წლამდე ბავშვისთვის თაფლის მიცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ძალიან მაღალია ბოტულიზმის განვითარების რისკი. თუ ბავშვს 1-დან 6 წლამდე არ აღენიშნება კონკრეტულ პროდუქტზე, ამ შემთხვევაში თაფლზე ალერგია, თავისუფლად შეგვიძლია, ამ პროდუქტის ხველის საწინააღმდეგო საშუალებად გამოყენება. ჩვენი ბებიების მეთოდი, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ საკმაოდ ფართე, ორმაგი, ღრმა პლაცებო კვლევის შედეგად დაადასტურა და მას მაღალი მტკიცებულება მისცა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაღალი მტკიცებულების რეკომენდაციები ძალიან ცოტა აქვს მედიცინას.

 

ანტიჰისტამინური პრეპარატებით ხველის მკურნალობა, რას ფიქრობთ ამ ძველ მაგრამ ნაცად მეთოდზე და რატომ მოქმედებს ეს პრეპარატები, მათ შორის არაალერგიულ ადამიანებზე?

 

აღმოჩნდა, რომ უამრავ პრეპარატს გაცილებით მეტი გვერდითი ეფექტი აქვს და მეტი გართულება შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე სარგებელი. მაგალითად ავიღოთ ცხვირში შესასხურებელი. თითქოს უებარმა და უსაფრთხო წვეთებმა, განსაკუთრებით 1 წლამდე ასაკში, ჩასხმის დროს პოზიციის შეცვლისას შესაძლოა, დოზის 20-25% გადაჭარბებაც კი მოგვცეს. აქედან გამომდინარე, მათი უსაფრთხოება ბოლომდე არ არის შესწავლილი და დადგენილი.

აღმოჩნდა, რომ გართულებების ერთ-ერთი მიზეზი მედიკამენტების არა რეგულარული, არა სისტემური და დაუსაბუთებელი მიღებაა.  ყველა მედიკამენეტს თავისი ჩვენება აქვს და მისი მიღება, მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც შემიძლია გავცე, ეს არის, რომ განსაკუთრებით 1 წლამდე ბავშვებში, სახლის პირობებში, თვითნებური გამოყენებისთვის შესაძლოა რეკომენდირებული იქნას მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარით ინგალაცია, რომელსაც შესაძლოა დამატენიანებელი ეფექტი ჰქონდეს და შეანელოს მარტივი გაციების სიმპტომები.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებელი მედიკამენტების  ნუსხა, რომელსაც უსაფრთხოების მაღალი კოეფიციენტი აქვს, ძალიან მწირია და პრაქტიკულად ერთ გვერდზე ეტევა. ამიტომაც ადრეული ასაკის ბავშვებში, ხველების მოსახსნელად, უხშირესად პრიორეტს საინგალაციო საშუალებებს ვანიჭებთ, რა დროსაც დოზირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება რა თქმა უნდა საურველი არ არის.

 

ამოსახველებელი პრეპარატები, რას იტყვით მათ გამოყენებაზე 2 წელს ზევით ბავშვებში?

 

შეიძლება რა თქმაუნდა, თუმცა, შესაძლებელია მშობელი თვლიდეს, რომ ბავშვს ნახველიანი პროდუქტიული ხველა აქვს, მაგრამ რეალურად მას ჰქონდეს სპაზმური ხველა, რომელსაც ობსტრუქცია ახლავს. ობსტრუქციით, ე.წ. სპაზმური, ხმაურიანი სუნთქვით მიმდინარე ხველის შემთხვევაში, ამოსახველებელი პრეპარატები კიდევ უფრო ამძაფრებს სპაზმს. ის ნახველის დაძვრას უწყობს ხელს და შესაძლოა ხველაც გააძლიეროს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ რაციონალური რეკომენდაციის მიცემა იმ მშობლებისთვის, რომელთა შვილებს ხველა აწუხებთ არ შემიძლია. ყოველ, კონკრეტულ  შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ინდივიდუალური მკურნალობის ტაქტიკა. ისევ განვმეორდები, რომ შესაძლოა თაფლიანი წყალი მივცეთ ბავშვს საღამოს, ალერგიის არ არსებობის შემთხვევაში, ან თბილი რძე, ამ შემთხვევაშიც თუ ბავშვს რძეზე ალერგია არ აქვს. მართალია ამერიკელებს და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას ჯერ რძეზე მტკიცებულების დონე არ დაუდიათ, მაგრამ ალბათ მოვა დრო და ჩვენი ბებიების ძველ რეცეპტზეც იტყვიან, რომ ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.

 

როგორ მოვძებნოთ გასაღები, მშრალი და შემაწუხებელი ხველის მოსახსნელად?

 

ყველა მშობელს აქვს მოძებნილი გასაღები,  როგორ უშველოს ბავშვს, როდესაც სპაზმურ, შემაწუხებელ ხველას აქვს ადგილი. თუ ხველა გამოწვეულია ვირუსებისგან, ხშირი ავადობის შედეგად,  ერთ-ერთი მეთოდია ვირუსებისგან პრევენციის მეთოდების გამოყენება, ასევე გრიპის სეზონური ვაქცინაცია. ჩემდა გასაკვირად, ამერიკაში ჩემი მეგობრის შვილი არ მიიღეს საჯარო ბაღში, სანამ გრიპის სეზონური ვაქცინაცია არ ჩაუტარდა. რა თქმა უნდა გრიპის სეზონური ვაქცინაცია არ არის პანაცეა, ის ნულამდე ვერ დაიყვანს ავადობის მაჩვენებელს, მაგრამ 60 %–ით ამცირებს მას და გართულებების პრევენციასაც იძლევა. ყველაზე ელემენტარული, ყველაზე უბრალო და ამავე დროს მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, რადგან ვირუსული ინფექციები ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებებია, რომელიც მარტივ ჰიგიენურ ღონისძიებებს ექვემდებარება. ასევე სიმჭიდროვე ოჯახში, თუ თამბაქოს კვამლის პერსისტირდება დახურულ სივრცეში, რა თქმა უნდა ზრდის ავადობის სიხშირეს, შემდგომში კი ვირუსული ინფექციებით განპირობებულ ხველების ეპიზოდებსაც. რაც ეხება პრეპარატებს, ევროპასა და ამერიკაში კოდეინის შემცველი ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები იყიდება, თუმცა საქართველოში ამის ფუფუნება არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრეპარატები ძალიან ეფექტურია, მათაც ბევრი გვერდითი მოვლენა და გართულებები აქვთ.

 

და რა დროს გვჭირდება ჰორმონალური პრეპარატების ჩართვა და მართალია თუ არა მოსაზრება, რომ ბავშვის ორგანიზმი ჰორმონებს ადვილად ეჩვევა და ხვალ ისინი უბრალოდ აღარ იმოქმედებს?

 

ჰორმონალური პრეპარატების მოხმარებას თავისი შეზღუდვები აქვს. საბედნიეროდ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდულ ანუ ჰორმონალურ პრეპარატებს მინიმალური შეღწევადობა აქვს და შესაბამისად, ორგანიზმში სისტემური ცვლილებების და გვერდით მოვლენების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. უკიდურეს შემთხვევაში დასალევი კორტიკოსტეროიდული პრეპარატები 5-7 დღის განმავლობაში შეიძლება გამოყენებულ იქნას, ისიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პრაქტიკულად აღარ გამოიყენება. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდული პრეპარატები კი შესაძლებელია ორი კვირის ხანგრძლივობითაც კი გამოიყენებოდეს და მინიმუმამდე დაყვანილი გვერდითი მოვლენები ახლდეს, ან საერთოდ არ ჰქონდეს ადგილი გვერდით მოვლენებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მათი გამოყენება ადრეული ასაკიდანვე შეიძლება, უსაფრთხოების კომპონენტი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს აქვთ, მაგრამ მინიმალური.

ჰორმონალური პრეპარატი  შესაძლოა გამოვიყენოთ ცრუ კრუპის დროს, როდესაც ბავშვს აქვს მყეფარე ხასიათის ხველა, ხმაურიანი სუნთქვა და ხმის ტემბრის შეცვლა ანუ დაბოხება. სწორედ ასეთ დროს გამოიყენება საინჰალაციო ჰორმონალური პრეპარატები, რომლებიც სწრაფად ხსნის ამ ტიპის ხველას.

 

და ბოლოს, შეიძლება თუ არა ხველა განკურნოს ანტიბიოტიკმა?

 

ანტიბიოტიკო თერაპია შესაძლოა ეფექტური იყოს, თუ ბაქტერიული ინფექციით გართულებულ ბრონქიტთან გვაქვს საქმე, მაგრამ მსგავსი ტიპის მკურნალობის დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა. ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ვიქცევით. შესაძლოა, გახანგრძლივებული ხველის მიზეზი ყივანახველა იყოს, ვაქცინაციის მიუხედავად. შესაძლოა, ასპირაციული პნევმონია იყოს, რაც არც თუ ისე იშვიათია ადრეული ასაკის ბავშვებში. ამიტომ, როდესაც ხველა 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება და პერსისტიულ ხასიათს იძენს, ინტენსივობა კლების ნაცვლად მატულობს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ სამკურნალო ღონისძიებად შესაძლოა განხილულ იქნას ანტიბიოტიკოტერაპია. მაგრამ პირველ რიგში უნდა გაირკვეს მიზეზი და დაისვას სწორი დიაგნოზი.


fortuna.ge