ისრაელის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ექიმები ოპერაციებს ჟვანიას კლინიკაში, კლინიკის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ატარებენ!
ჰაიფას საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
2017 წლის 18 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიიღო ქალაქ ჰაიფას (ისრაელი) საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები: ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი რან შტაინბერგი, ქირურგი არკადი ვაჩიანი, ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯოზეფ ჰაიმ ბენ არი და ანესთეზიოლოგი ამიტ ლეჰავი. სტუმრებს ახლდნენ თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგები: ასოცირებული პროფესორი მერაბ ბუაძე და ასისტენტ-პროფესორი ავთანდილ კუტუბიძე. დელეგაციას რექტორთან ერთად შეხვდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორები, პროფესორები: ხათუნა თოდაძე და რიმა ბერიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.
სტუმრებს მიესალმა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. მან განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ის დიდი ღვაწლი, რომელსაც უკვე ათეული წელია, რაც ჰაიფას საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან უანგარო თანამშრომლობით ეწევიან.
ჰაიფას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რან შტაინბერგმა, დელეგაციის სახელით, მადლობა მოახსენა რექტორს გულთბილი მიღებისთვის, აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები მათთვის უკვე ტრადიციულია და ყოველთვის სიხარულით ჩამოდიან თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, თითქოს მეორე სახლში ბრუნდებოდნენ: „ჩვენთვის ჩვენი ორი კლინიკა: ჰაიფას საუნივერსიტეტო კლინიკა და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა ერთგვარად ახლობელია და სიამოვნებით ვაკეთებთ ურთულეს ოპერაციებს ორივე კლინიკის პაციენტებისთვის. იმედი მაქვს ეს მეგობრული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება“.
ჰაიფას საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგი, პროფესორი არკადი ვაჩიანი საქართველოშია დაბადებული. მან განსაკუთრებული სიყვარულით ისაუბრა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ემოციაზე. თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში მათ განსაკუთრებით რთული დიაგნოზის მქონე პაციენტებთან უხდებათ შეხვედრა: „ჩვენ უდიდესი მონდომებით ვაკეთებთ ყველაფერს რომ დავეხმაროთ საქართველოს პატარა მოქალაქეებს გამოჯანმრთელებაში. ამას აქამდეც დიდი სიამოვნებით ვაკეთებდით და ამიერიდანაც ასე იქნება“...
შეხვედრის დასასრულს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ უნივერსიტეტის სიმბოლიკიანი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა საპატივცემულო სტუმრებს.