მიხაილ ლენცე - საქართველოზე შეყვარებული გერმანელი ექიმი, რომელიც პაციენტებს თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში სინჯავს

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საქართველოში 2013 წლიდან მსოფლიოში აღიარებული პედიატრი მიხაელ ლენცე იმყოფება. ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის


აკადემიურ კლინიკაში საქმიანობს. მიხაელლენცე აქტიურად იღებს მონაწილეობას ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობის პროცესში, ასევე იღებს პაციენტებს სხვადასხვა ჩივილით.  აღსანიშნავია, რომ პროფესორი ლენცეს გადაწყვეტილებით, ის ამას ქველმოქმედების ფასად აკეთებს და უკვე უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს. ქართველი პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის ვიზიტისას ენის ბარიერის პრობლემაც მოხსნილია. პროფესორი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და გერმანულ ენებზე. მას ჰყავს ქართველი ასისტენტი მარიამ ღუღუნიშვილი, რაც კომუნიკაციას კიდევ უფრო აადვილებს. რადიო „ფორტუნა“ პროფესორს კლინიკაში ესტუმრა და მასთან ერთად ერთი დღე გაატარა. ჩვენმა ჟურნალისტმა მშობლებთან გასაუბრებაც მოასწრო და ისიც გაარკვია, რომ მიხაელ ლენცემ ბევრი მათგანის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა.

 

პირველად მიხაელ ლენცე საქართველოში 2005 წელას ჩამოვიდა  და ქართველ ექიმებს შეხვდა.  მან ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას თანამშრომლობა თავად შესთავაზა და საქმიანობაც მალევე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ლენცე პროფესიით გასტროენტეროლოგია, მისი პაციენტები ის პატარებიც არიან, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემა აქვთ – მათ შორის მწვავე რესპირაციული ინფექციები, რაზეც მიმართვიანობა ყველაზე მაღალია. საინტერესოა, რომ პროფესორი ლენცე მიმდინარე წლის მარტში რადიო „ფორტუნასაც“ სტუმრობდა, სადაც გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მენინგოკოკურ ინფექციაზე ისაუბრა. ამჯერად პროფესორმა საქართველოში პირველი ვიზიტი გაიხსენა:

„პირველად საქართველოში ჩამოვედი 2005 წელს, ეს იყო გასტროენტეროლოგების შეხვედრაზე და თავიდანვე მომეწონა საქართველო. მე თავად ბაიერნიდან ვარ, სადაც ბევრი მთაა და აქაურობამ ძალიან მომხიბლა. მივხვდი, რომ ჩვენ უნდა შეგვეცვალა საქართველოში მედიცინა, რადგან რუსული განვლენა იგრძნობოდა, შესაბამისად, ჩამოვედი 2013 წელს და ამ დღემდე 2000 პაციენტი მივიღე უკვე ამ კლინიკაში“.

 

პროფესორი ამბობს, რომ ჟვანიას კლინიკა საქართველოში ერთადერთი ბავშვთა საუნივერსიტეტო კლინიკაა და არჩევანიც სწორედ ამის მიხედვით გააკეთა.  პროფესორი მიიჩნევს, რომ საქართველოში კვლავ არის სკეპტიკური დამოკიდებულება აცრების მიმართ, რაც არასწორია:

„ბევრს ჰგონია, რომ აღარ არსებობს დიფტერია და მისი მსგავსი დაავადებები, მაგრამ ეს ასე არ არის, დაავადება აღარ გვხვდება მაშინ, როცა 70-80% არის აცრილი, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ეპიდემიები გავრცელდება. სახელმწიფოს რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ არ მიიღონ სკოლებში და საბავშვო ბაღებში ის ბავშვები, რომლებიც არ არიან აცრილები და ითვლებიან საშიშებად“, – ამბობს მიხაელ ლენცე.

პროფესორის ვიზიტზე ვრცლად ისაუბრა გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკიას გენერალურმა დირექტორმა, ლია ძიძიგურმაც:

 

„მიხაელ ლენცე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში 2013 წლიდან მოღვაწეობს და ყოველ წელს 6 თვის განმავლობაში საქართველოში იმყოფება. ის გერმანიის სამთავრობო პროგრამის DAAD-ის ეგიდითაა ჩამოსული და ევროპის გასტროენტეროლოგთა, ჰემოტოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი გახლავთ. ისაა ბონის უნივერსიტეტის პროფესორი და საერთოდ, მსოფლიოში აღიარებული პედიატრი-გასტროენტეროლოგი. აგერ უკვე 5 წელია, ვთანამშრომლობთ და მინდა გითხრათ, რომ ის ძალიან თავმდაბალი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია. იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობის პროცესში. სვამს გასტროენტეროლოგიური ნოზოლოგიების დიაგნოზს, ესაა ცელიაკი, მუკოვისციდოზი, ვილსონის დაავადება, კრონის დაავადება. მართალია, ეს დაავადებები საქართველოში იშვიათია, მაგრამ რატომღაც ამ ბოლო წლებში იმატა დიაგნოსტიკამ მუკოვისციდოზზე და ცელიაკიაზე. ის თანამშრომლობს ბონის საუნივერსიტეტო კლინიკასთან, გვაკავშირებს იქაურ პროფესორებთან და აქტიურად მონაწილეობს გასვლით პროფილაქტიკურ ღონისძიებებში, რომლებიც რეგიონებში ტარდება“

 

აგაირკვა, რომ საქართველოზე და ქართველ პაციენტებზე შეყვარებული ექიმის ქველმოქმედება პაციენტებთან ურთიერთობას  სცდება. ორი წლის წინ პროფესორმა მილიონიანი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა და ჟვანიას კლინიკას ფიბრობრონქოსკოპები, ენდოსკოპები, მონიტორები  და ფიბროგასტროსკოპები საჩუქრად გადასცა.  პროფესორი საქართველოში გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ფარგლებში იმყოფება, რაც გულისხმობს იმას, რომ მიხაელ ლენცე ყოველ წელს, 6 თვის განმავლობაში ჟვანიას კლინიკაში პატარა პაციენტებს მიიღებს და ასევე ქართველ ექიმებს მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროცესში დაეხმარებ.