დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
 
ზაფხულის პერიდოში ადრეული ასაკის ბავშვებში, ჩვეულებრივ იმატებს კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიის, კერძოდ კი დიარეის სიხშირე, რომელიც ბავშვთა ასაკის  ერთ-ერთ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. დიარეა  ნაწლავთა გახშრებული მოქმედებაა (3-ზე მეტად დღე-ღამეში) შეცვლილი თხელი კონსისტენციის, გაზრდილი მოცულობის განავლით როდესაც განავალი შეიცავს პათოლოგიურ მინარევებს (სითხეს, ლორწოს ან სისხლს). დიარეა განპირობებულია ნაწლავში სითხისა და მარილების შეწოვის და გამოყოფის დისბალანსით, მასთან  ხშირად ასოცირდება ღებინებაც. დიარეის დროს ორგანიზმიდან იკარგება დიდი რაოდენობით სითხე, რაც ზოგჯერ ადმიანის სიცოცხლეს სერიოზულად ემუქრება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დიარეა შედის  5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევ დაავადებების ხუთეულში.  დიარეა შეიძლება მიმდინარეობდეს   მწვავედ (14 დღემდე) და გახანგრძლივებულად ე.წ. პერსისტიული დიარეა (14- დღეზე მეტი). დიარეის, განსაკუთრებით მწვავე დიარეის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს ინფექცია წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ვირუსებით, ისე ბაქტერიებითა და უმარტივესებით. ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია ვირუსული, განსაკუთრებით კი როტავირუსული დიარეა, რომელიც მინიმუმ ერთხელ მაინც გადააქვს ყველა 5 წლამდე ასაკის ბავშვს. ინფექციების გარდა დიარეა შესაძლოა განპირობებული იყოს:

  • მედიკამენტებით (ანტიბოტიკები, საფაღარათო საშუალებები, და სხვ)
  • კვებითი ალერგენებით ან საკვების აუტანლობით (ალერგია ძროხის რძეზე, და სხვ.)
  • მონელებისა და შეწოვის პროცესების დარღვევით (ლაქტოზის, საქაროზის, იზომალტოზის დეფიციტი, მალაბსორბცია და სხვ.)
  • ქიმიოთერაპიით და სხვ.  

ინფექციური დიარეის შემთხვევაში გადაცემის ძირითადი გზა ორალურ-ფეკალურია, ანუ დაავადებას განაპირობებს ფეკალიებიდან გამოყოფილი გამომწვევის პირში მოხვედრა (დაბინძურებული ხელებით, სათამაშოებით). დაავადება ასევე ხშირად გადაეცემა დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით.    დიარეის ძირითადი კლინიკური სიმპტომები ნებისმიერი გამომწვევის შემთხვევაში ერთნაირია, როგორიცაა  ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, გარკვეული სიმძაფრით გამოხატული ტემპერატურული რეაქცია, გაუწყლოების ნიშნები, თუმცა გამომწვევი მიზეზის  მიხედვით დაავადების კლინიკა შეიძლება  განსხვავდებოდეს. ზოგიერთი ბაქტერით (შიგელა, სალმონელა და სხვ.) და უმარტივესით (ამება, ლამბლია, კლოსტრიდია) განპირობებული დიარეის შემთხვევაში ვლინდება მუცლის ძლიერი ტკივილი, ტენეზმები, ინტოქსიკაციის მოვლენები, სხეულის მაღალი ტემპერატურა, განავალი ასეთ დროს შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს  და სისხლს. ვირუსული, ისევე როგორც ზოგიერთი ბაქტერით (მაგ: ქოლერა, სალმონელა) განპირობებული დიარეის შემთხვევაში ვლინდება ღებინება, სითხის დიდი რაოდენობის შემცველი და მკვეთრად გაზრდილი მოცულობის განავალი, იკარგება დიდი რაოდენობით სითხე, ხშირად ვლინდება მძიმე გაუწყლოების ნიშნები. ჩვეულებრივ ტემპერატურული რეაქცია ვლინდება ინფექციური დიარეისას, არა ინფქციური აგენტებით (მაგ: მედიკამენტები, მალაბსორბცია) განპირობებულ დიარეას ცხელება არ ახასიათებს. დიარეა ხშირად რთულდება გაუწყლოებით -- ადამიანის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სითხისა და მარილების დანაკრაგით. მეტად მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგად იცოდნენ გაუწყლოების ნიშნების ამოცნობა, რომ მათი გამოვლენის შემთხვევაში არ დაკარგონ დრო და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. გაუწყლოების ნიშნებს მიეკუთვნება: კანისა და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, თვალების ჩავარდნა, უცრემლო ტირილი, მივარდნა ან ძლიერი აგზნება, ძილიანობა, სითხის მიღების შეუძლებლობა  და სხვ. დიარეის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, რათა დროულიად განისაზღვროს დიარეის გამომწვევი მიზეზი, ჩატარდეს შესაბამისი, ადეკვატური მკურნალობა და თავიდან იქნას აცილებული გართულებების განვითარება. 

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ექიმთან ვიზიტამდე? ბავშვის ნებისმიერი დაავადების და განსაკუთრებით კი დიარეის დროს ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას წარმოადგენს სითხით დატვირთვა. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დიარეის შემთხვევაში იკარგება არა მარტო წყალი, არამედ მინერალური მარილები, მათ შორის ნატრიუმის და კალიუმის. ამიტომ აუცილებელია სითხით დატვირთვასთან ერთად სპეციალური სარეჰიდრატაციო ხსნარის მიწოდება, რომელიც ახდენს გაუწყლოების განვითარების პრვენციას, ხელს უწყობს მარილების შეწოვას და ღებინების სიხშირის შემცირებას. ყოველი დიარეული ეპიზოდის შემდეგ ბავშვმა უნდა მიიღოს 2 წლამდე ასაკში დაახლოებით 50-100, ხოლო 2 წლის შემდეგ 100-200 მლ სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარი. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოცემული სითხე ბავშვს უნდა მიაწოდონ არა ერთბაშად, არამედ მცირე ულუფებით და ხშირად, დაუშვებელია ორალური სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარის კონცენტრაციის დარღვევა, იგი უნდა გაიხსნას ზუსტად იმ რაოდენობის ანადუღარ ცივ წყალში, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე. თუ ბავშვი ვერ სვავს სითხეს, ძილიანია ან ვლიდნება ხშირი და შეუპოვარი ღებინება საჭირო ხდება სითხის ინტავენური მიწოდება. შესაძლებელია დიარეის სამკურნალოდ გამოყენებული იყოს პრობიოტიკები, ცოცხალი ე.წ “მეგობარი ბაქტერიები”, რომლებიც თრგუნავენ ნაწლავში პათოლოგიური ფლორის გამრავლებას, ხელს უწყობენ საკვების მონელებასა და შეწოვას, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზში და ასტიმულირებენ იმუნიტეტს. მრავალი რეკომენდაციების მიერ ორალურ სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარის პარალელურად პრობიოტიკების გამოყენება ამცირებს  დიარეის ხანგრძლივობის 1 დღით და ნაწლავთა მოქმედების სიხშირეს 1,5-ჯერ. 

შემთხვევათა ნაწილში, ზოგიერთი ბაქტერიით გამოწვეული დიარეის დროს საჭირო ხდება ანტიბიოტიკის დანიშვნა. ამავე დროს დაუშვებელია მშობლების მიერ ანტიბიოტიკის თვითნებურად გამოყენება. ანტიბიოტიკი ზემოქმედებს მხოლოდ არსებულ ბაქტერიულ ინფექციაზე და არ იწვევს ბაქტერიული ინფექციის პრევენციას. ანტიბიოტიკების არარაციონალური ანუ არასწორი გამოყენება მრავალ საფრთხესთან ასოცირდება, პირველ რიგში ეს არის მიკროორგანიზმების გაზრდილი რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის მომავლში საზოგადოებას, რომ არიშული ანტიბიოტიკები არაეფეტური აღმოჩნდეს  რეზისეტნტობა გაზრდილ მიკრობების მიმართ.  მეორე მხრივ ანტიბიოტიკები ზემოქმედებენ ნაწლავში არსებულ “მეგობარ ბაქტერიებზე” რაც იწვევს დისბიოზის განვითარებას. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ხშირად იწვევს მდგომარეობის გაუარესებას  და ზრდის მრავალი გვერდითი მოვლენის განვითარების რისკს, როგორიცაა: ალერგიული რეაქცია, დიარეა, ღებინება, სოკოვანი ინფექცია  და სხვ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანტიბიოტიკოთერაპია ეფექტურია დიარეის შემთხვევათა მხოლოდ 5-15% -ში. 

ჩვილ ბავშვს, რომელსაც აღენიშნება დიარეა სითხის გაზრდილი რაოდენობით მიწოდებასთან ერთად აუცილებლად სჭირდება ოპტიმალური კვება, რათა არ განვითარდეს კვების დეფიციტი. დიარეის შემთხვევაში რეკომენდებულია ბავშვმა მიიღოს საკვები შედარებით უფრო მცირე ულუფებით და გაიზარდოს კვების სიხშირე. ძუძუთი კვების შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია ხშირი ძუძუთი კვების გაგრძელება. ნებისმიერ  შემთხვევაში დიარეის დროს ბავშვმა უნდა მიიღოს მისი ასაკისთვის შესაბამისი საკვები მკაცრი დიეტის გარეშე. არ არის რეკომენდებული შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი სითხეების გამოყენება, რომელიც აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას. დიარეის ეპიზოდის შემდეგ რეკომენდებულია მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში 1 დამატებითი საკვები ულუფის მიწოდება, რაც ხელს უწყობს დაავადების დროს განვითარებული წონის დანაკლისის აღდგენას. 

მეტად მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგად იცოდნენ დიარეის  თავიდან აცილების გზები. პრევენციის საუკეთესო მეთოდს ჰიგიენური ნორმების დაცვა წარმოადგენს. პირველ რიგში აუცილებელია ხელის ხშირი დაბანა, საკვებად მისაღები პროდუქტების კარგად გარეცხვა, დასალევად სუფთა წყლის გამოყენება, მომზადებული საკვების მაცივარში შენახვა. გასათვალისიწნებელია, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ბევრი პროდუქტი მალფუჭებადია და ასეთი პროდუქტების გამოყენებამდე უნდა შეფასდეს მისი ვადა. ამჟამად საქართველოს იმუნიზაციის კალენდარი სხვა დაავადებებთან ერთად ითვალისწინებს როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. როგორც აღვნიშნეთ, ბავშვთა ასაკში დიარეის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ როტავირუსული დიარეაა, მასზე მოდის დიარეის შემთხვევათა დაახლოებით ერთი მესამედი. ვაქცინაცია ორალურია, ანუ ხდება ვაქცინის ჩაწვეთება პირის ღრუში, იგი ტარდება 2 და 3 თვეზე დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსის, ჰეპატიტის, პოლიომიელიტის ვაქცინაციის პარალელურად და იცავს ბავშვს როტავირუსული ინფექციისგან. დიარეის პრევენციის ერთ ერთ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს ძუძუთი კვება. ქალის რძეში შემავალი დამცვალობითი ნივთიერებები სხვა დაავადებების მსგავსად დიარეის განვითარებისგანაც იცავენ ჩვილს. დადგენილია, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში დიარეის სიხშირე გაცილებით მეტია. 

მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინება დაეხმარება მშობლებს დიარეის პრევენციისა და ადეკვატურ მართვაში. 
 
მაია ხერხეულიძე, მედ. დოქტორი, 
თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პრფესორი, 
გ. ჟვანიას სახ. პედიატრიული აკადემიური კლინიკა. 

ექიმ-პედიატრ მაია ხერხეულიძესთან ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577293466. გისურვებთ ჯანმრთელობას! 
 
 
 

მსგავსი სიახლეები

მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე
თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას საექიმო სამუშაო ვიზიტით ამჯერადაც ეწვია ბონის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის ყოფილი დირექტორი, ექიმი-პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი და ნუტრიციოლოგი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე.
რა არის დიარეა და როგორ ვუმკურნალოთ მას
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია დიარეის მართვა და მისი დროული დიაგნოსტიკა.

რა არის დიარეა?
დიარეა-გახშირებული ნაწლავთა მოქმედებაა (3-ჯერ და მეტად 24 საათის განმავლობაში) სითხის შემცველი განავლოვანი მასებით.

რა არის დიარეის მიზეზები?
დიარეის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა ნაწლავური ინფექცია (გასტორენტერიტი) უხშირესია. ინფექციური გასტორენტერიტი შეიძლება გამოწვეულ იყოს ვირუსებით, ბაქტერიებითა და პარაზიტებით.

რა უნდა გავაკეთოთ დიარეის დროს?
დიარეის მკურნალობის ძირითადი პრინციპია ორგანიზმის სითხისა და ელექტროლიტური დანაკარგების შევსება. დიარეის უხშირეს გართულებას დეჰიდრატაცია წარმოადგენს.

რა არის დეჰიდრატაცია?
ეს არის ორგანიზმის გაუწყლოება, როცა სხეულის მიერ დაკარგული სითხის მოცულობა გაცილებით აღემატება მიღებული სითხის რაოდენობას. დეჰიდრატაცია შეიძლება ყველა ასაკში განვითარდეს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, რადგან სხეულის მცირე მასის გამო ძალიან სენსიტიურები არიან სითხის მცირე დანაკარგის მიმართაც კი. გაუწყლოების რისკი მატულობს, თუ დიარეას თან ერთვის ღებინება, სხეულის ან გარემოს მაღალი ტემპერატურა.

როგორია დეჰიდრატაციის ნიშნები?
ბავშვებში დეჰიდრატაციის ნიშნებია:
1. გაღიზიანებადობა ან ძილიანობა
2. გაიშვიათებული შარდვა
3. გრილი კიდურები
4. ცრემლის შემცირება ან უცრემლო ტირილი
5. ყიფლიბანდის ჩავარდნა

როგორ მკურნალობენ დიარეას?
დიარეის მკურნალობა მოიცავს სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის შევსებას, ადექვატური კვების უზრუნველყოფას და დიარეასთან ასოცირებული კომორბიდული მდგომარეობების მართვას.
 
მწვავე დიარეის შემთხვევაში გამოიყენება რეჰიდრატაციული ხსნარები. თუ ბავშვს შეუძლია სითხის დალევა, ინტრავენური რეჰიდრატაცია არ არის საჭირო. ორალური რეჰიდრატაციული ხსნარები წყლის, ელექტროლიტებისა და გლუკოზის ნარევია.

კვებითი რეკომენდაციები: რეჰიდრატაციული თერაპიის დროს ექსკლუზიურად ძუძუთი კვება შეუფერხებლად უგრძელდება, ყველა სხვა შემთხვევაში რეჰიდრატაციული თერაპიის დაწყებიდან არა უგვიანეს 4-6 საათის შემდეგ უნდა გაგრძელდეს კვება.

პრობიოტუიკული საშუალებები („მეგობარი“ ბაქტერიები) ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას. პრობიოტიკებით მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია რაც შეიძლება ადრე. ფერმენტული პრეპარატები რუტინულად არ გამოიყენება. ასევე, არ გამოიყენება ანტიდიარეული პრეპარატები ბავშვთა ასაკში. თუთიის პრეპარატები მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისთვის არის მოწოდებული, სადაც ხშირია ბავშვთა არასრულფასოვანი კვების (მალნუტრიციის) შემთხვევები. ანტიბიოტიკები რუტინულად არ გამოიყენება.

ინვაზიური (განავლოვან მასებში სისხლის არსებობა) დიარეის მკურნალობა მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო ღონისძიებას და დამატებით ემპირიულ ანტიბიოპტიკოთერაპიას სავარაუდო შიგელოზის სამკურნალოდ.

როგორია დიარეის პრევენცია?
1. ექსკლუზიურად ბუნებრივი კვება 6 თვის ასაკამდე
2. ხელების ხშირი დაბანა თბილი წყლით და საპნით (განსაკუთრებით საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ)
3. ვაქცინაცია - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო-ს) რეკომენდაციით როტავირუსის ვაქცინაცია შეყვანილია ეროვნული იმუნიზაციის პროგრამაში

როდის მივმართოთ ექიმს?
1. 3 თვემდე ასაკი
2. დიარეის 6 და მეტი ეპიზოდი 24 საათის განმავლობაში
3. დიარეა და ღებინება ერთდროულად
4. განავლოვანი მასები არ არის და მხოლოდ სითხეა
5. განავლოვან მასებში სისხლია
6. მუცლის მწვავე ან შეუპოვარი ტკივილი
7. დეჰიდრატაციის ნიშნები

თუ თქვენს პატარას ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც აღენიშნება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
საქველმოქმედო პროფილაქტიკური გასინჯვები ყაზბეგის რაიონში
საქველმოქმედო პროფილაქტიკური გასინჯვები ყაზბეგის რაიონში
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი