მწვავე აპენდიციტი

მწვავე აპენდიციტი


ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა და სხვა დაავადება, განსაკუთრებით საყურადღებოა არ გამოგვეპაროს სიმპტომები რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს მწვავე აპენდიციტით .  რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, როგორ ხდება დიაგნოსტიკა და რა სახის ქირურგიული ჩარევებია საჭირო ამ საკითხებზე ჩვენი კლინიკის ბავშვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი მერაბ ბუაძე გვესაუბრება.
 
ბავშვთა ასაკში ჭიანაწლავის ანთება ანუ აპენდიციტი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, მოზრდილებთან შედარებით მწვავე აპენდიციტი ბავშვებში კლინიკურად მიმდინარეობს უფრო მძიმედ და დიაგნოსტიკა რთულია, რაც განპირობებულია მისი ანატომიურ ფიზიოლოგიური თავისებურებებით. კერძოდ, ბავშვის დაბადებიდან პირველ თვეებში ჭიადანამატს ჩვეულებრივ აქვს ძაბრისებური ფორმა, ფართე ფუძე და წვრილი მწვერვალი, თითქოს იგი ბრმა ნაწლავის თავისებულ გამობერილობას წარმოადგენს და მხოლოდ მოგვიანებით იღებს იმ ფორმას, რაც დამახასიათებელია მოზრდილთათვის. გარდა ამისა, ბრმა ნაწლავიდან ჭიანაწლავში შემავალი ხვრელი, ე. წ. ჰერლახის სარქველი ახალშობილებში ღიაა, რომელიც 1 წლის ასაკიდან იწყებს განვითარებას და საბოლოოდ ყალიბდება 6–7 წლის ასაკში, ამის გამო ამ ასაკში ჭიანაწლავის დაცლისათვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი და მის სანათურში შიგთავსის შეგუბებას ადგილი არა აქვს. ბავშვთა ასაკში მწვავე აპენდიციტი შედარებით უფრო მწვავედ და ავთვისებიანად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში, რომლის მიზეზია ზოგიერთი ასაკობრივი თავისებურებანი, კერძოდ, როგორც ცნობილია, პერიტონიუმი იცავს მუცლის ღრუს ორგანოებს ერთმანეთთან შეხორცებისგან. პერიტონიუმს აქვს ინფექციასთან ბრძოლის უნარიც. თუ ინფექციის პირველადი წყარო დროულად იქნა მოცილებული, იგი სრულიად ახერხებს მისი შედეგების ლიკვიდაციას. სამწუხაროდ, პერიტონიუმის ეს თვისება კარგად არის გამოხატული მხოლოდ მოზრდილებში, რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, პერიტონიუმს ინფექციის მიმართ წინააღმდეგობის უფრო ნაკლები უნარი აქვს, ამიტომ ბავშვებში ჩირქოვანი პროცესი მუცლის ღრუში შედარებით ადვილად და სწრაფად ვრცელდება.

მუცლის ღრუში არის აგრეთვე დიდი ბადექონი, რომელიც წინსაფარივით ჩამოკიდებულია ზემოდან ქვემოთ და წინიდან ფარავს მუცლის ღრუს ორგანოებს. ცნობილია, რომ ბადექონი დიდ როლს ასრულებს მუცლის ღრუს ორგანოების დაცვაში და მას მუცლის ღრუს "დარაჯს" უწოდებენ. პატარა ბავშვებში ბადექონი სუსტად არის განვითარებული: იგი მოკლეა და თხელი, რის გამოც ვერ ღებულობს მონაწილეობას ანთებადი პროცესის შემოფარგვლაში. ბადექონის არასრული განვითარების შედეგად ამ ასაკში აპენდიკულარული ინფილტრატი გაცილებით იშვიათად გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში და დაავადება თავიდანვე გავრცელებული ჩირქოვანი ანთების სახეს იღებს. მწვავე აპენდიციტის ტიპიური კლინიკური სურათი შედგება შემდეგი ძირითადი სიმპტომებისაგან:

  1. მუცლის ტკივილი;
  2. ტემპერატურის აწევა;
  3. პირღებინება;
  4. მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა;
  5. ლეიკოციტოზი.

მუცლის ტკივილი უხშირესად ვითარდება თანდათან და აქვს მუდმივი ხასიათი. დაავადების პირველ საათებში ტკივილი აღინიშნება მთელ მუცელში ან ეპიგასტრალურ არეში. შემდგომ მტკივნეულობა ლოკალიზდება მარჯვენა თეძოს ფოსოში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს. შეტევების დროს ავადმყოფები იღებენ იძულებით მდგომარეობას, უფრო მეტად წევს ზურგზე ან მარჯვენა გვერდზე, ვინაიდან ბრმა ნაწლავისა და ანთებადი ჭიაყელა დანამატის  გადაადგილება აძლიერებს ტკივილს. ტკივილი ზოგჯერ საკმაოდ ინტენსიური ხდება და დაკავშირებულია ჩირქით სავსე აპენდიქსის გადაჭიმვაზე.

პირღებინება – ბავშვებში მწვავე აპენდიციტის საკმაოდ ხშირი სიმპტომია, რომელიც აღინიშნება დაავადების პირველ დღეს, ძირითადად არის ერთი ან ორჯერადი. მოგვიანებით პერიტონიტის განვითარებასთან ერთად, პირღებინებას აქვს უფრო მდგრადი ხასიათი და პირნაღებ მასაში ერევა ნაღველი.

სხეულის ტემპერატურა, როგორც წესი, არ აღემატება –37,5 გრადუსს, მხოლოდ აპენდიციტის გართულებული ფორმის დროს (დიფუზური პერიაპენდიკულური აბსცესი, ინფილტრატი აბსცედირების სტადიაში) იგი აღწევს 39 გრადუსს და შესაძლოა მეტს. ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების ნებისმიერ სტადიაში ტემპერატურა შეიძლება იყოს ნორმალური, ხოლო ოპერაციის დროს აღმოჩნდება ჭიაყელა დანამატის დესტრუქციული ცვლილებები და პერფორაციაც კი.

მწვავე აპენდიციტის დროს ბავშვებში შეიმჩნევა შეუფარდებლობა მაჯისცემის სიხშირესა და ტემპერატურის მომატებას შორის, რაც მიუთითებს ანთებადი პროცესის პერიტონეუმე გადასვლას და ზოგად ინტოქსიკაციას.

ადრეული ასაკის ბავშვებში (3 წლამდე) მწვავე აპენდიციტის კლინიკურ გამოვლინებას ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებანი, რაც გამოიხატება პირველ რიგში იმით, რომ კლინიკურ სურათში სჭარბობს ზოგადი სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ამ ასაკის ბევრი სხვა დაავადებებისათვის. თუ უფროსი ასაკის ბავშვებში წამყვანი ადგილი უჭირავს ჩივილს ტკივილზე მარჯვენა თეძოს ფოსოში, ადრეული ასაკის ბავშვებში პირდაპირი მითითება ტკივილზე არ აღინიშნება და ამ სიმპტომის არსებობაზე უნდა ვიფიქროთ მხოლოდ არაპირდაპირი ნიშნებით. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მათ შორის არის ბავშვის საქციელის (ხასიათის) შეცვლა, კერძოდ, მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვი მოდუნებულია, ჭირვეულია, ცუდათ შემოდის კონტაქტში. ბავშვის ჭირვეულობა უკავშირდება ტკივილის მომატებას, რომელიც იწვევს ძილის დარღვევას და ა. შ. 
საკმაოდ მუდმივი სიმპტომია მრავალჯერადი (3–5 ჯერ) პირღებინება, რაც ამ ასაკის ბავშვებში აპენდიციტის კლინიკური მიმდინარეობის ერთ–ერთი თავისებურებაა. ტემპერატურის მომატება აღინიშნება თითქმის ყოველთვის, რომელიც არა იშვიათად აღწევს 39 გრადუსამდე.

აღნიშნულ სიმპტომთა მუდმივობა პატარებში განპირობებულია არადიფერენცირებული ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციით ანთებადი პროცესის ლოკალიზაციაზე და ხარისხზე.
მწვავე აპენდიციტის დიფერენციალური დიაგნოსტიკა ბავშვებში რიგ შემთხვევებში რთულია, განსაკუთრებით ჭიაყელა დანამატის ატიპიური მდებარეობის დროს, რამდენადაც ამ შემთხვევაში კლინიკური სურათი მრავალ სხვადასხვა სომატურ, ინფექციურ და ქირურგიულ დაავადებათა სიმულაციას იძლევა.

დიფერენციალური დიაგნოსტიკის გატარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავადმყოფზე დაკვირვებას სტაციონარის პირობებში (2–6 საათი) და ყველა საჭირო გამოკვლევის ჩატარებას, ჩვენების მიხედვით პედიატრის, ინფექციონისტის, ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციას. ასაკთან ერთად სადიფერენციაციო დაავადებათა ნუსხაც იცვლება. ჩვილ ბავშვებში დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება ოტიტთან, ინვაგინაციასთან, ბავშვთა ინფექციებთან, პნევმონიასთან და სხვა. მოზრდილ ასაკში დიფერენციალური დიაგნოსტიკა ძირითადად ტარდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან. ამასთან არის მთელი რიგი დაავადებები, მაგ: მწვავე რესპირატორული დაავადებები, რომელთაც ახასიათებთ მუცლის ტკივილი, რაც დაკავშირებულია ბავშვთა ორგანიზმის მთელ რიგ ანატომო–ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან. მწვავე აპენდიციტის დასადასტურებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკურ კვლევას წარმოადგენს მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა, ანთებადი აპენდიქსის ზომების დადგენა (დიამეტრი ნორმაში 6 მმ ზე ნაკლებია), თავისუფალი სითხის არსებობა. რთულ შემთხვევებში შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.

დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში მკურნალობა ოპერაციულია, ტრადიციული ღია წესით. ოპერაციის პარალელურად ფართოდ დაინერგა მინიმალური ინვაზიური ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით.


თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.
 
 
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 29 34 66
 
 
გისურვებთ ჯანმრთელობას!
 

მსგავსი სიახლეები

რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
თერაპიული სტომატოლოგია
თერაპიული სტომატოლოგია
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები გ.ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი