რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძლიერი ხველის დროს

ნუგზარ უბერი: რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძლიერი ხველის დროს

 

ხველა ბავშვებში ექიმთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზია. რა იწვევს ხველას, რა რეკომენდაციების გათვალისწინება მართებთ მშობლებს, რამდენად საშიშია ხველა ღამით, რა უნდა ვიცოდეთ კრუპის, ბრონქიტის, ფილტვების ანთების შესახებ – ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრა.

 

ხველა პედიატრთან მიმართვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომ აწუხებს ზოგიერთ პატარას ის განსაკუთრებულად?

ხველა არის როგორც ფიზიოლოგიური ხასიათის, ისე პათოლოგიური. როდესაც ბავშვი დღის განმავლობაში 8-12-ჯერ ჩაახველებს, ეს ბრონხების გაწმედის პროცესია. თუმცა ამავე დროს ხველა შეიძლება რომელიმე დაავადების სერიოზული სიმპტომი იყოს, რომელიც ხშირად თვითლიმიტირებადი პროცესი გახლავთ. უნდა შეფასდეს ბავშვის ასაკი, ფონური მდგომარეობა და სხვადასხვა სამედიცინო გარემოება, ახლავს თუ არა ხველას რაიმე სხვა ნიშანი და ა.შ. ძირითადად ხველას თან ახლავს სურდო, ნაზალური ობსტრუქცია, რინორეა, ყელის ტკივილი, სიცხე, მადის დაქვეითება – ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს სასუნთქი სისტემის ინფექციასთან. არის შემთხვევები, როდესაც მოზრდილ ბავშვებში ეს პროცესი თვითლიმიტირებადია, თუმცა უმჯობესია, მშობელმა მიმართოს ექიმს, რათა მან შეაფასოს მდგომარეობა. თუმცა, პირვლი ვიზიტის დამთავრებისას, ჩვენ, ექიმები, მშობლებს ვაფრთხილებთ, რომ თუ ხველა გაგრძელდა, შეიცვალა ინტენსივობა, თუ სუნთქვა გახშირდა, ან დამძიმდა ბავშვის მდგომარეობა, მშობელი განმეორებით უნდა მივიდეს კონსულტაციაზე, ან მიმართოს სადღეღამისო გადაუდებელ დახმარებას.

 

რა ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინება მართებს მშობელს სპაზმური და შემაწუხებელი ხველის დროს?

მე როგორც ამბულატორიული და ჰოსპიტალური პრაქტიკის ექიმმა, მინდა ვთქვა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სწორედ ღამით რთულდება ხველა. ვსაუბრობ ვირუსული კრუპის სინდრომზე. ბავშვი საღამოს იძინებს ჩვეულებრივ, ღამით, 2-3 საათზე კი ეღვიძება შეცვლილი ხმის ტემბრით, მყეფარე ხველითა და ხმაურიანი სუნთქვით – წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვარდება ამ დროს მშობელი. სამედიცინო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ თუ ექიმი არ არის ამ მიმართულებით გამოცდილი, ისიც კი შეიძლება დაიბნეს. ეს არის ვირუსული ინფექციით გამოწვეული ხორხის ანთება, რასაც ჩვენ კრუპს ვეძახით, ეს შოტლანდიური სლენგია და ყვავის ჩხავილს ნიშნავს. მართალია არაკორექტულია ასეთი შედარება, მაგრამ მშობელი ასე უფრო ახდენს ხველის იდენტიფიცირებას.

 

შეიძლება თუ არა მოიხსნას კრუპი სახლის პირობებში?

საშუალო სიმძიმის კრუპი იხსნება სახლის პირობებში. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, მშობელმა ყველანაირი ღონე უნდა იხმაროს, რომ ბავშვი დააწყნაროს, რადგან ტირილი, ხმამაღალი საუბარი და გაღიზიანებადობა, ამძიმებს მდგომარეობას. კლინიკაშიც, როდესაც ასეთი დიაგნოზით მოდის ბავშვი, პირველ რიგში ბავშვისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ვცდილობთ. როგორ სწრაფადაც იწყება, სწრაფადვე კუპირდება, მხოლოდ ექიმის ჩარევით. ვირუსული კრუპის სინდრომმა იცის განმეორება და დედა ამას უკვე ადვილად ამოიცნობს, თუმცა ასევე საჭიროა ექიმის ჩარევა. საინტერესოა, რომ ასეთი ნიშნებით მიმდინარე სხვა დაავადებებიც არსებობს.

 

ყოფით ცხოვრებაში ხშირად ვიყენებთ ტერმინებს მშრალი და სვლი ხველა, რა ინფორმაციას აძლევს ის მშობელს?

ყველა ექიმისთვის გარკვეულია, ხველა რაიმე დაავადების სიმპტომია და ექიმმა უნდა დასვას დიაგნოზი, რამ გამოიწვია ის. ხველა შეიძლება იყოს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიშანი, რომელიც უხშირესად თვითგანკურნებადია, ასევე ხველა შეიძლება იყოს ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიშანი, როგორიც არის ბრონხიტი, ან ფილტვების ანთება. ბრონხიტი უმრავლეს შემთხვევაში თვითლიმიტირებადია, თუმცა, ბრონხიტის დროს ხველა 2-3 კვირა გრძელდება, ამიტომ პერიოდულად ექიმის შეფასებას მოითხოვს, რადგან შეიძლება ფილტვების ანთებაში გადაიზარდოს. თუ მშრალი შემაწუხებელი ხველაა, ან უნდა მოხსნას, ან სველ ხველაში უნდა გადავიდეს და შემდეგ სწრაფად მოხდეს ლორწოს სასუნთქი გზებიდან მოშორება, რადგან ლორწო საუკეთესო ნიადაგია მიკრობიოლოგიური ფლორის განვითარებისთვის.

 

რამდენად რეკომენდებულია სველი ხველისას ამოსახველებელი საშუალებები?

დამტკიცებულია, 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ამოსახველებელი საშუალებების მიცემა რეკომენდებული არ არის, რადგან ხველის ხასიათი მუდმივად იცვლება, თუ მშრალი ხველაა, შეიძლება ამოსახველებელმა საშუალებამ ხველის სიხშირე გააძლიეროს, ასევე, თუ იქ ლორწო ბევრია, ამოსახველებელმა შეიძლება დაახშოს ბრონხის სანათური და სასუნთქი სისტემა უარეს მდგომარეობაში ჩააგდოს. თუმცა, ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრია წამალი, რომელთა ინსტრუქციაში წერია, რომ ამ ასაკში ის დასაშვებია, თუმცა, ფაქტებზე დამყარებულმა მედიცინამ და არაერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ამოსახველებელი საშუალება ადრეულ ასაკში არ არის რეკომენდებული. აუცილებელია შეფასდეს, თუ რამ გამოიწვია ხველა. ფილტვების ანთების დროს ხველას ანტიბიოტიკით მკურნალობენ და ამით ხველაც მცირდება. მაგალითად, ვირუსული კრუპის დროს ხველას ინჰალაციითა და ჰორმონით მკურნალობენ.

 

რას გულისხმობს ტერმინი ალერგიული ხველა და დამოკიდებულია თუ არა ის ვირუსზე?

რასაკვირველია, ნებისმიერმა ინფექციამ და მათ შორის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ხველა. სტვენით მიმდინარე ხველა შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ინფექციით, ისე სხვადასხვა ალერგიული ფაქტორებით, მაგალითად მტვერის, ნესტის, სოკოს მიმართ გამოხატული მგრძნობელობით. ამისათვის ტარდება სპეციალური კვლევები, რაც ადგენს, რა იწვევს ხველას. არის ღამის ხველაც, რომელიც ყივანახველასთან არის დაკავშირებული და ბოლო წლებში მკვეთრად იმატა ამ დაავადებამ, მიუხედავად იმისა, რომ პატარები გეგმიურად იცრებიან. სამედიცინო საზოგადოება განიხილავს ვერსიას, რომ ყივანახველას აცრა განმეორებით გაკეთდეს, რომ კიდევ მრავალი წლის განმალობაში იყოს ორგანიზმი დაცული. მშობლების საყურადღებოდ მინდა ვთქვა – ხველა, რომელიც იწყება ღამით და მატულობს მისი ინტენსიობა, მიყოლებითია, დღისით კი თითქმის არ ფიქსირდება, ბავშვი ამ დროს კარგად გრძნობს თავს და ბრონქებზე არაფერი ისმინება, ამ დროს ყივანახველა ან გვეპარება მხედველობიდან, ან გვიან ვსვამთ დიაგნოზს. თუ გამოირიცხება ყველა სხვა ალტერნატიული დიაგნოზი, გულმკერდის რენდგენოგრამით, სიხლის ანალიზით, ეჭვი უნდა მივიტანოთ ყივანახველაზე.

 

რა სიხშირით უნდა ავადობდეს ბავშვი, რომ ეს მაჩვენებელი ნორმად ჩაითვალოს?

ევროკავშირის ქვეყნებში არსებული სტატისტიკის მიხედვით, ჯანრთელ ბავშვს „უფლება“ აქვს იავადოს წელიწადში 6-8-ჯერ. მინდა აღვნიშნო, რომ ავადმყოფობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7-10 დღეს. თუ ბავშვი უფრო ხშირად ავადობს, რთულდება მისი მდგომარეობა, ნიშნავს იმას, რომ ის ხშირად მოავადეა, თუმცა, ასეთ ბავშვებს ნორმალური იმუნური სტატუსი აქვთ. გასათვალისწინებელია მრავალი სამედიცინო გარემოება, ოჯახის სულადობა, ფართი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, რა სანიტარულ სტანდარტებს ექვემდებარება ბაღი თუ სკოლა და ა.შ.

 

შეიძლება თუ არა ბავშვი ავცრათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუკი ის მსუბუქად არის გაციებული, აქვს სურდო და ხველა?

აცრისას ბავშვი უნდა იყოს ჯანმრთელი და არ უნდა ჰქონდეს კვერცხზე ალერგია. ვაქცინა არ არის პანაცეა, მას აქვს თავისი თანმხლები ზარალი, თუმცა სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე ზიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით გრიპზე უნდა ჩატარდეს აცრა განსაკუთრებით მათთვის, ვინც რიკს-ჯგუფში შედის.

მსგავსი სიახლეები

 ყველაფერი კუჭ-უკანა ჯირკვლის ანთების შესახებ

ტელეკომპანია "პულსი" და პროფესორ ყარამან ფაღავას საავტორო გადაცემა "პედიატრიული ფაკულტეტი" თემაზე: პანკრეატიტი
რძის აუტანლობა რძის აუცილებლობის პირისპირ

პროფესორ ყარამან ფაღავას საავტორო გადაცემა "პედიატრიული ფაკულტეტი" თემაზე ძროხის რძის აუტანლობა ჩვილ ბავშვებში, ანუ ალერგია ძროხის რძის ცილაზე.
როგორ ვლინდება სეპტიკური ართრიტი ბავშვებში?

როგორ ვლინდება სეპტიკური ართრიტი ბავშვებში?

ენურეზი ანუ უნებლიე შარდვა ბავშვებში

ენურეზი ანუ უნებლიე შარდვა ბავშვებში

იშვიათი დაავადებების უფასო გენეტიკური ანალიზის პროგრამა თსსუ-ის გ. ჟვანის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში (ბიომარკერების კლინიკური კვლევა)

იშვიათი დაავადებების უფასო გენეტიკური ანალიზის პროგრამა თსსუ-ის გ. ჟვანის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში (ბიომარკერების კლინიკური კვლევა)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მარიამ გრიგალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მარიამ გრიგალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

ეკა უბერი:  ხშირი ავადობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს დაბალი იმუნიტეტი აქვს

ეკა უბერი:  ხშირი ავადობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს დაბალი იმუნიტეტი აქვს

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელთა განცხადება გრიპის ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელთა განცხადება გრიპის ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ცხელება შეუპოვარია და მედიკამენტებით ტემპერატურა დაბლა არ ჩამოდის

პედიატრმა ეკა უბერმა „ავტორადიოს“ ეთერში სტუმრობისას გრიპის სეზონზე და ამ სეზონისთვის დამახასიათებელ ყველაზე ხშირ სიმპტომზე, მაღალ ტემპერატურაზე ისაუბრა.

ეკა უბერი: როგორ მოვერიოთ მაღალ ტემპერატურას, როდესაც სიცხის დამწევი პრეპარატები უძლურია

როგორ მოვერიოთ მაღალ ტემპერატურას, როდესაც სიცხის დამწევი პრეპარატები უძლურია?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი