"შვილი რომ შემეძინა, მეგონა, გვერდით ახალშობილი პაციენტი მეწვა" - თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის თერაპიის სამსახურის უფროსი, ექიმი-პედიატრი, თსსუ ასოცირებული პროფესორი, ეკა უბერი დედის ამპლუაში

"შვილი რომ შემეძინა, მეგონა, გვერდით ახალშობილი პაციენტი მეწვა" - ცნობილი ექიმი ეკა უბერი დედის ამპლუაში
alt
1 / 2
Next
"ჩემი ცხოვრება ზუსტად ისეა, როგორც ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა ექიმობა, კერძოდ – პედიატრობა და ეს ოცნება ახდა. ბავშვები განსაკუთრებულად მიყვარს და მინდა, რომ მათ სამსახურში ვიყო მთელი ცხოვრება!" - ამბობს ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული ექიმი ეკა უბერი. იგი თავის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გვესაუბრება.

- როგორ შეძელით ერთროულად წარმატებული კარიერის აწყობა და ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგებაც?

- წილად მხვდა ბედნიერება, ვიყო იმ ოჯახის წევრი, რომელსაც დიდი სამედიცინო წარსული აქვს! მოგეხსენებათ, უბერები, საქართველოში თაობებით ექიმები ვართ. ბაბუა, პეტრე უბერი ცნობილი, დასავლეთ საქართველოში პირველი ექიმი იყო. 32

წლის წინ გარდაიცვალა და რამდენად სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც დღესაც მხვდებიან ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ბაბუას სიკეთე. მიყვებიან, როგორ გადაარჩინა ესა თუ ის პაციენტი... მამაჩემიც, ნუგზარ უბერი ცნობილი პედიატრია და მიუხედავად ასაკისა, დღემდე სიახლის ძიებაშია. ვიყო ასეთი ხალხის შთამომავალი, მიორმაგებს პასუხისმგებლობას. ამჯერად კი, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა – დედობაა! რაც შეეხება ჩემს კარიერას, ვცდილობ, რომ პირველ რიგში კარგი ექიმი ვიყო. არ შევარცხვინო ჩემი გვარი, რომელიც საქართველოში ექიმობასთან ასოცირდება! არ ვავნო ადამიანებს, დავეხმარო პატარებს და ბავშვების ჯანმრთელობის საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო! ადვილად არაფერი მოსულა, საკმაოდ გრძელი გზა გავიარე... საწყისი განათლება საქართველოში მივიღე,
შემდგომში სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგრძელე, შემდეგ - ავსტრიაში... ახლაც ყოველ წელს დავდივარ ინგლისში - ლონდონში საუნივერსიტეტო კლინიკაში და ერთთვიან სტაჟირებას გავდივარ, რომ მივყვე თანამედოვე ცხოვრების მაჯისცემას. პრაქტიკული უნარ-ჩვევები კიდევ უფრო რომ დავხვეწო, ბევრი რამ არის საჭირო. მაქსიმალურად ვცდილობ, ერთი საათი მაინც გამოვნახო ყოველდღე და ყველა სიახლეს გავეცნო მედიცინაში, წავიკითხო... ექიმებთან წარმატება და ცნობადობა დროთა განმალობაში მოდის კინომსახიობებისა და ვარსკვლავებისგან განსხვავებით. ჩემს შემთხვევაშიც ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მოვიდა. ჩემი ცხოვრება ზუსტად ისეა, როგორც ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა ექიმობა, კერძოდ – პედიატრობა და ეს ოცნება ახდა. ბავშვები განსაკუთრებულად მიყვარს და მინდა, რომ მათ სამსახურში ვიყო მთელი ცხოვრება!

 

mshoblebi
ეკა უბერის ვაჟი

- თქვენს ხელში უამრავმა ბავშვმა გაიარა... როცა თავად გახდით დედა და თქვენს შვილს პირველად შეხედეთ, ის ემოცია როგორ გახსენდებათ?

- პირველი ემოცია უცნაური იყო და ამას ჩემი ახლობლები ხუმრობით ხშირად მახსენებენ. როდესაც ჩემი შვილი დაიბადა და გვერდზე მეწვა ახალშობილი, რატომღაც ჩემი პაციენტი მეგონა. შემდგომ, ნელ-ნელა მოვიდა ის ინსტინქტი, რასაც დედობა ჰქვია... არცთუ ისეთი ახალგზარდა მშობელი ვარ და პირველი ემოცია, სიხარულის ცრემლები იყო. ძალიან შეგნებულ ასაკში გავხდი დედა და ალბათ ჩემი ემოციები გაორმაგებული იყო. ბევრ ჩემს მეგობარს, რომლებიც პატარა ასაკში გახდნენ მშობლები, უთქვამთ, რომ თავიდანვე დედობის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდნენ. ესაა დიდი პასუხისმგებლობა, სიხარული, ნერვიულობა, თუნდაც შიში, რომ დაიცვა და უსაფრთხოდ გყავდეს შვილი, მაქსიმალურად აარიდო ცუდი. ამ ასაკში ეს ყველაფერი გაორმაგებულია და ამას მეც გზადაგზა გავდივარ. ახლა ჩემი შვილი ხუთი თვისაა...

- როდესაც გაქვთ ამხელა ცოდნა და გამოცდილება, ეს გეხმარებათ თუ პირიქით, ხელს გიშლით როგორც დედას?

- როდესაც ლონდონის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩავდივარ, იქ ყველაფერს განსხვავებულად ვაფასებ. კიდევ უფრო მწვავედ აღვიქვამ, რამდენად მნიშვნელოვანია მერქვას სრულყოფილი, პროფესიონალი ექიმი. იქიდან ყოველთვის გაორმაგებული სტიმულით და ახალი გამოცდილებით ვბრუნდები, ეს პროფესიონალური განვითარების უწყვეტი პროცესია. რაც შეეხება ჩემს შვილს, მადლობა ღმერთს, ბავშვი ჯანმრთელია და არანაირი სამედიცინო დახმარება არ სჭირდება. თუმცა აქ ექიმობას უფრო დედობრივი ინსტინქტები და ემოციები ფარავს. ბავშვის გაზრდაში ექიმი ბაბუა მეხმარება, რომელსაც კორექტივები შეაქვს და ერთად მივდივართ ხოლმე გადაწყვეტილებამდე.

mshoblebi
მეუღლესთან ერთად

- დედობამ პაციენტებთან შეგცვალათ?

- სიმართლე გითხრათ, ყოველთვის დამზოგველი ექიმი ვიყავი. მშობლებიც მეუბნებიან, ეკა ექიმო, თქვენ ბევრი წამალი არ გიყვართო. ყოველთვის პირველხარისხოვან მედიკამენტებს ვნიშნავ. იმას, რაც კონკრეტულად იმ დაავადებისთვის არის საჭირო. ვცდილობ, მინიმუმადე დავიყვანო მედიკამენტების რაოდენობა, თუმცა არ ვაკლებ იმას, რაც აუცილებელია... რაც შეეხება პაციენტებს, ალბათ კიდევ უფრო მოსიყვარულე და თბილი გავხდი ბავშვების მიმართ. ამ მხრივ არც ადრე ვიყავი გამონაკლისი. ბავშვებთან ყველაზე ადვილად ვამყარებ კონტაქტს, რადგან ყველაზე უსუსურები, მართლები, გულწრფელები და საყვარლები არიან. მოსახლეობის ეს ნაწილი ჩემში ყოველთვის განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებდა. ეს გრძნობა რომ არ მქონოდა, ალბათ ექიმი ვერც ვერასდროს გავხდებოდი. ექიმობა არასოდეს მღლის. ადამიანების დახმარება უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს და უდიდესი სტიმულია, როდესაც განმეორებით კონსულტაციაზე დედა მოდის და მეუბნება, რომ მისი შვილი უკეთესად არის, ამაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის არ არსებობს! ბავშვის დამშვიდებულ და მხიარულ თვალებს რომ ხედავ, ამაზე კარგი სანახავი არაფერია! სანამ ერთი ადამიანი მაინც ჩათვლის საჭიროდ, რომ მე მას ვჭირდები, მანამდე სულ ხალხის სამსახურში ვიქნები!


- გვიანი დედობა ახსენეთ... რას ეტყოდით ქალბატონებს, გახდნენ დედები სოლიდურ ასაკში?

- ამას უფრო სწორ პასუხს ალბათ მეან-გინეკოლოგები გასცემენ. რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობას, დედის გარკვეული ასაკის შემდეგ რისკები იზრდება. თუმცა ტექნოლოგიური განვითარება მედიცინასაც შეეტყო და უამრავი ტესტი არსებობს ორსულობის პერიოდშიც, რომელიც სხვადასხვა დაავადებას პრევენციას ახდენს... ვფიქრობ, რომ დედობა ნებისმიერ ასაკში მისაღებია. პრობლემური მშობიარობისა და ახალშობილის დაბადების მხრივ, ყველა ასაკს აქვს თავისი რისკები. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ქალი დედა არ უნდა გახდეს. პირიქით, აუცილებლად უნდა გახდეს! ყველა ქალის დანიშნულება ალბათ პირველ რიგში დედობაა, რასაკვირველია, თუ მას სურვილი აქვს. არსებობენ ქალები, რომლებისთვისაც კარიერაა მნიშვნელოვანი და დედობა მეორეხარისხოვანი... ახლახან 3 მარტი იყო და პირველი წელი იყო, როდესაც ჩემმა შვილმა – სანდრომ დედის დღე მომილოცა. ეს განსაკუთრებული ემოცია და გრძნობაა, ძალიან ახალი, ფაქიზი და ყველაზე დიდი მუხტის მომცემი.


- საუბრის დასასრულს რას ურჩევდით დედებს, როგორც დედა, პედიატრის გამოცდილებით?

- დედებს ვურჩევდი, საკუთარ შვილებთან მაქსიმალურად დიდი დრო გაატარონ. დედის სითბოს ვერაფერი ცვლის. ამას განსაკუთრებულად მწავავედ ჩემს სიტუაციაში აღვიქვამ. სანდრო სამი კვირის იყო, როდესაც სამსახურში გავედი და სულ მონატრების რეჟიმში ვარ. ყველა დედას ვუსურვებ პატარების ჯანმრთელობას. დაე ექიმების საჭიროება მათთვის მინიმალური იყოს და მხოლოდ პრევენციის მიზნით უწევდეთ მოსვლა. ღმერთმა ბედნიერები დედები გამყოფოთ!


წყარო: mshoblebi.ge

მსგავსი სიახლეები

მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე
თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას საექიმო სამუშაო ვიზიტით ამჯერადაც ეწვია ბონის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის ყოფილი დირექტორი, ექიმი-პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი და ნუტრიციოლოგი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე.
რა არის დიარეა და როგორ ვუმკურნალოთ მას
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია დიარეის მართვა და მისი დროული დიაგნოსტიკა.

რა არის დიარეა?
დიარეა-გახშირებული ნაწლავთა მოქმედებაა (3-ჯერ და მეტად 24 საათის განმავლობაში) სითხის შემცველი განავლოვანი მასებით.

რა არის დიარეის მიზეზები?
დიარეის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა ნაწლავური ინფექცია (გასტორენტერიტი) უხშირესია. ინფექციური გასტორენტერიტი შეიძლება გამოწვეულ იყოს ვირუსებით, ბაქტერიებითა და პარაზიტებით.

რა უნდა გავაკეთოთ დიარეის დროს?
დიარეის მკურნალობის ძირითადი პრინციპია ორგანიზმის სითხისა და ელექტროლიტური დანაკარგების შევსება. დიარეის უხშირეს გართულებას დეჰიდრატაცია წარმოადგენს.

რა არის დეჰიდრატაცია?
ეს არის ორგანიზმის გაუწყლოება, როცა სხეულის მიერ დაკარგული სითხის მოცულობა გაცილებით აღემატება მიღებული სითხის რაოდენობას. დეჰიდრატაცია შეიძლება ყველა ასაკში განვითარდეს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, რადგან სხეულის მცირე მასის გამო ძალიან სენსიტიურები არიან სითხის მცირე დანაკარგის მიმართაც კი. გაუწყლოების რისკი მატულობს, თუ დიარეას თან ერთვის ღებინება, სხეულის ან გარემოს მაღალი ტემპერატურა.

როგორია დეჰიდრატაციის ნიშნები?
ბავშვებში დეჰიდრატაციის ნიშნებია:
1. გაღიზიანებადობა ან ძილიანობა
2. გაიშვიათებული შარდვა
3. გრილი კიდურები
4. ცრემლის შემცირება ან უცრემლო ტირილი
5. ყიფლიბანდის ჩავარდნა

როგორ მკურნალობენ დიარეას?
დიარეის მკურნალობა მოიცავს სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის შევსებას, ადექვატური კვების უზრუნველყოფას და დიარეასთან ასოცირებული კომორბიდული მდგომარეობების მართვას.
 
მწვავე დიარეის შემთხვევაში გამოიყენება რეჰიდრატაციული ხსნარები. თუ ბავშვს შეუძლია სითხის დალევა, ინტრავენური რეჰიდრატაცია არ არის საჭირო. ორალური რეჰიდრატაციული ხსნარები წყლის, ელექტროლიტებისა და გლუკოზის ნარევია.

კვებითი რეკომენდაციები: რეჰიდრატაციული თერაპიის დროს ექსკლუზიურად ძუძუთი კვება შეუფერხებლად უგრძელდება, ყველა სხვა შემთხვევაში რეჰიდრატაციული თერაპიის დაწყებიდან არა უგვიანეს 4-6 საათის შემდეგ უნდა გაგრძელდეს კვება.

პრობიოტუიკული საშუალებები („მეგობარი“ ბაქტერიები) ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას. პრობიოტიკებით მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია რაც შეიძლება ადრე. ფერმენტული პრეპარატები რუტინულად არ გამოიყენება. ასევე, არ გამოიყენება ანტიდიარეული პრეპარატები ბავშვთა ასაკში. თუთიის პრეპარატები მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისთვის არის მოწოდებული, სადაც ხშირია ბავშვთა არასრულფასოვანი კვების (მალნუტრიციის) შემთხვევები. ანტიბიოტიკები რუტინულად არ გამოიყენება.

ინვაზიური (განავლოვან მასებში სისხლის არსებობა) დიარეის მკურნალობა მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო ღონისძიებას და დამატებით ემპირიულ ანტიბიოპტიკოთერაპიას სავარაუდო შიგელოზის სამკურნალოდ.

როგორია დიარეის პრევენცია?
1. ექსკლუზიურად ბუნებრივი კვება 6 თვის ასაკამდე
2. ხელების ხშირი დაბანა თბილი წყლით და საპნით (განსაკუთრებით საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ)
3. ვაქცინაცია - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო-ს) რეკომენდაციით როტავირუსის ვაქცინაცია შეყვანილია ეროვნული იმუნიზაციის პროგრამაში

როდის მივმართოთ ექიმს?
1. 3 თვემდე ასაკი
2. დიარეის 6 და მეტი ეპიზოდი 24 საათის განმავლობაში
3. დიარეა და ღებინება ერთდროულად
4. განავლოვანი მასები არ არის და მხოლოდ სითხეა
5. განავლოვან მასებში სისხლია
6. მუცლის მწვავე ან შეუპოვარი ტკივილი
7. დეჰიდრატაციის ნიშნები

თუ თქვენს პატარას ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც აღენიშნება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
თერაპიული სტომატოლოგია
თერაპიული სტომატოლოგია
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი