„სიელმე ბავშვთა ასაკის ერთ–ერთ უხშირეს დაავადებად მოიაზრება“-მანანა კიკოლაშვილი

 

XXI საუკუნის მსოფლიოში რეფრაქციული ანომალიები მეტად აქტუალურ პრობლემად ითვლება. რეფრაქციის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი გართულებები კი სიელმე და ამბლიოპიაა.


 

როგორც ექიმი–ოფთალმოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში – მანანა კიკოლაშვილი “VIPMED. GE”-ს ჟურნალისტთან საუბარში განმარტავს, რეფრაქციული დაავადებები ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა. მისივე თქმით, დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, სიელმით დაავადებულთა პროცენტული მაჩვენებელი 5–6 %–ს აღწევს.

–ქალბატონო მანანა, რა არის რეფრაქცია?

–რეფრაქცია ეს თვალის ოპტიკური სისტემის გარდატეხის ძალის შეუსაბამობაა თვალის კაკლის ანატომიურ ღერძთან.

–რა სახის რეფრაქციული ანომალიები არსებობს?

–რეფრაქციის სახეებია: ემეტროპია და ამეტროპია. ემეტროპიის დროს რეფრაქცია სრულყოფილია და ამ დროს დანახული ობიექტი ბადურა გარსზე ზუსტად ფოკუსირდება, ხოლო ამეტროპია ეს რეფრაქციის ანომალიაა, რომლის დროსაც ობიექტი ბადურაზე არ ფოკუსირდება. ამეტროპიის სახეებია: მიოპია ანუ ახლომხედველობა, ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი.

–როგორია სტატისტიკა რეფრაქციული დაავადებების თვალსაზრისით?

–ზოგადად ახალშობილების 90 %–ს ჰიპერმეტროპიული რეფრაქცია ანუ შორსმხედველობა აღენიშნება, 8 %–ს ემეტროპია, ხოლო 2 %–ს ახლომხედველობა.

საშუალო ხარისხის შორსმხედველობა ჩვილობის ასაკშივე ნორმადაა მიჩნეული.

ევროპის თვალის სნეულებათა ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტმა 2015 წელს კოჰორტული კვლევა ჩაატარა. მეტაანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევროპულ პოპულაციებში რეფრაქციის გავრცელება სტატისტიკურად სხვადასხვანაირია: მიოპიური რეფრაქცია 30, 6 % –ს აღენიშნება, ჰიპერმეტროპია 25, 2%–ს, ხოლო ასტიგმატიზმი 23,9%–ს.

აზიაში მიოპიის პროცენტული მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე ევროპის პოპულაციებში.

2017 წლის დეკემბრის ბოლოს მონაცემებით, აღმოსავლეთ აზიაში, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში მიოპიის გავრცელებამ ეპიდემიურ მაჩვენებელს მიაღწია, რაც ნიშნავს იმას, რომ დღესდღეობით აღნიშნულ რეგიონში ახალგაზრდა პოპულაციის 90%–ს მიოპიური რეფრაქცია აღენიშნება.

ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით იგივე სტატისტიკური მაჩვენებლებია, რაც ევროპაში.

–რა ფაქტორები განაპირობებს რეფრაქციული დაავადებების ჩამოყალიბებას?

–რეფრაქციული ანომალიების ჩამოყალიბების ერთ ერთ მიზეზად შეიძლება გენეტიკური ფაქტორი დასახელდეს, თუ ერთ–ერთ მშობელს რეფრაქციის ანომალია აღენიშნება, ასეთ შემთხვევაში იგივე რეფრაქციის გამოვლინება ხშირია ბავშვებშიც. გარდა ამისა, მიოპიის გავრცელება ახალგაზრდა თაობის ეკრანდამოკიდებულებითაც არის განპირობებული პლანშეტურ მოწყობილობასთან: აიპედთან, ტელეფონთან, კომპიუტერთან და ა.შ. როგორც ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პოფესორი იან მორგანი EUROTIMES-ის ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნავს, ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს შენობებში ატარებენ, დღეში საშუალოდ 8 საათს კი ეკრანებთან სხედან, აღნიშნული ფაქტორები მიოპიის განვითარებას უწყობს ხელს. ახლომხედველობის განვითარებისა და პროგრესირების ხელშემწყობი ფაქტორი მზის სინათლის უკმარისობაა, რის გამოც პროფესორი იან მორგანი რეკომენდაციებს იძლევა, რომ ბავშვებმა მეტი დრო გარეთ გაატარონ.

–მკურნალობის რა მეთოდები არსებობს რეფრაქციული დაავადებების კუთხით?

–რეფრაქციის ანომალიების მკურნალობა მოიცავს კორექციას სათვალით ან ლინზებით, ასევე შესაძლებელია ლაზერული კორექცია, შორსმხედველობის დროს 10-12 წლის ასაკში, ხოლო მიოპიის შემთხვევაში 18 წლის ასაკში. რაც შეეხება ლაზერული კორექციის პროცედურას, ის აბსოლუტურად უმტკივნეულოა, ეს ნახევარ წუთიანი ლაზერული ოპერაციაა, რომელსაც საერთოდ ვერ გრძნობენ პაციენტები.

–ქალბატონო მანანა, რას ნიშნავს სიელმე და ამბლიოპია?

–სიელმე და ამბლიოპია არაკორეგირებული რეფრაქციის ანომალიების ხშირი გართულებებია. თუ რეფრაქციის ანომალიები კორეგირებულია, უმეტეს შემთხვევაში გართულებები არ ვითარდება.

სიელმე ეს არის თვალის მამოძრავებელი კუნთების დისბალანსი, რომლის დროსაც ერთი თვალი მუდმივად ან პერიოდულად გადახრილია საფიქსაციო წერტილიდან,

ხოლო ამბლიოპია, იგივე ზარმაცი თვალი მხედველობის ისეთი დაქვეითებაა, რომლის დროსაც მხედველობა არ კორეგირდება შესაბამისი ლინზებით და ამავე დროს თვალის ფსკერზე და მხედველობის გზებში შესაბამისი ცვლილებები არ ჩანს.

სიელმე არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალურ პრობლემასაც წარმოადგენს. ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი, სიელმის დროს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ზიანდება, როგორიცაა ბინოკულური მხედველობა. ბავშვები თავიანთ კოსმეტიკურ დეფექტს მწვავედ აღიქვამენ, რაც მათ ფსიქიკასა და ხასიათის ფორმირებაზე უარყოფითად აისახება და უკვე მოზრდილობაში გარკვეული პროფესიის შეზღუდვის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

სიელმის პრევენცია, დაკარგული ფუნქციების აღდგენა და ეფექტური სამკურნალო ღონისძიებების ძიება დღემდე აქტუალურ პრობლემად რჩება საქართველოსა და მსოფლიოში.

–სიელმის რამდენი სახეობა არსებობს?

– არსებობს რამდენიმე სახის სიელმე, რომლებიც ერთმანეთისგან წარმოშობის მიზეზებითა და განვითარების მექანიზმებით განსხვავდებიან. სიელმე შესაძლებელია იყოს: თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი სიელმე 1 წლამდე ასაკში ვითარდება. მისი გამომწვევი მიზეზებია ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები, ჰიდროცეფალია და სხვა დაავადებები. ხოლო შეძენილი- ძირითადად არაკორეგირებული რეფრაქციის ანომალიებითაა გამოწვეული, რომელის შესაძლოა 1,5-3 წლამდე ასაკში გამოვლინეს ვირუსული ინფექციის ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის ფონზე.

სიელმე ასევე შეიძლება იყოს: პარალიტიური, რომლის დროსაც სიელმის განვითარება ერთი ან რამდენიმე კუნთის დაზიანებით არის განპირობებული. მიმართულების მიხედვით სიელმე არსებობს: შიგნითა, გარეთა და ვერტიკალური. ვერტიკალურში ზედა და ქვედა სიელმე მოიაზრება.

–რამდენად აქტუალურია სიელმის პრობლემა დღევანდელ რეალობაში?

–სიელმე ბავშვთა ასაკის ერთ–ერთ უხშირეს პათოლოგიად ითვლება და ის ამეტროპიის შემდეგ მეორე ადგილზე დგას. სტატისტიკური მონაცემებით, სიელმით დაავადებულთა პროცენტული მაჩვენებელი 5–6 %–ს აღწევს.

–რამდენად მოქმედებს გენეტიკური ფაქტორი სიელმის ჩამოყალიბებაზე?

–გენეტიკური ფაქტორი გავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველა დაავადების განვითარებაზე

–რა მეთოდებით ხდება სიელმისა და ამბლიოპიის მკურნალობა?

–თავდაპირველად სიელმის დადგენა უნდა მოხდეს, შემდეგ სათვალის მოთხოვნილების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში სათვალის დანიშვნა. მცირე მოთხოვნილების დროსაც ინიშნებასათვალე, შემდეგ ეტაპზე ხდება თვალის ახვევა, რომელსაც ოკლუზია ეწოდება. ასევე უტარდებათ აპარატურული მკურნალობა-ვარჯიშები, ადრე ამას პლეოპტო-დიპლოპტური ვარჯიშები ეწოდებოდა. დღესდღეობით მსოფლიოში Vision therapy – მხედველობითი თერაპიის სახელწოდებითაა ცნობილი და თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდება სიელმის მკურნალობისთვის, ქირურგიულ ჩარევა იქნება საჭირო.

დღეს თანამედროვე მედიცინა დაავადების პრევენციასა და დროულ მკურნალობაზეა ორიენტირებული. მრავალი გამოკვლევა მოწმობს, რომ დაგვიანებული მკურნალობა ნაკლებ ეფექტურია. ამიტომ, ბავშვი რეფრაქციის ანომალიების პრევენციის და ასევე თვალის სხვა დაავადების დროული გამოვლინების მიზნით ერთ წლამდე ასაკში, 3 წლის და 5–6 წლის ასაკში უნდა შემოწმდეს.

გარდა ამისა, აუცილებელია ყველა ახალშობილს ჩაუტარდეს ბრუკნერის ტესტი- ვარდისფერი რეფლექსის შემოწმება, რისი საშუალებითაც შუქგამტარი არეების გამჭვირვალობის შეფასება ხდება, რადგან არსებობს ცალმხრივი-უნილატარელური თანდაყოლილი კატარაქტა, რომელიც თუ დროულად არ დადგინდა და ქირურგიული მკურნალობა თავის დროზე არ ჩატარდა,უნილატერალურია მბლიოპია განვითარდება, რაც თავის მხრივ ცალმხრივი-უნილატერალური სიელმის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს,მისი მკურნალობა კი საკმაოდ რთულია. 5–6 წლის ასაკში დაწყებული სიელმისა და ამბლიოპიის მკურნალობა ხანგრძლივი, შრომატევადი და უშედეგოა, ეს დიდ მატერიალურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული.

–რამდენ ხანს გრძელდება სიელმისა და ამბლიოპიის მკურნალობის პროცესი?

–სამწუხაროდ, სიელმისა და ამბლიოპიის მკურნალობა მარტივად და ექიმთან ერთი ვიზიტით არ ხდება, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, თუმცა დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში სრულიად გამოჯანმრთელება შესაძლებელია, სიელმე კი სრულიად განკურნებულად არ ითვლება, სანამ ბინოკულური მხედველობა, ფუზია და რეზერვები არ აღდგება.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სიელმის მკურნალობის მეთოდებზე ყოველთვის არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. მედიკოსთა ერთი ჯგუფი აღიარებდა, რომ სიელმის მკურნალობა მხოლოდ სათვალითკორექცია, ოკლუზია და ქირურგიული ჩარევაა, ხოლო მედიკოსების მეორე ჯგუფი კომპლექსურმკურნალობას: მხედველობით თერაპიას,რეფრაქციების კორექციასა, ოკლუზიას და ქირურგიულ მკურნალობას ემხრობოდა.

სწორედ ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო ჩვენს კლინიკაში ჩატარდა რეტროსპექტული და პროსპეტული კოჰორტული კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პაციენტებს, რომლებმაც ქირურგიული მკურნალობა 2–დან 4 წლამდე ჩაიტარეს და პარალელურად მხედველობით თერაპიას იტარებდნენ, ბინოკულური მხედველობა 75 %შემთხვევაში აღუდგათ. საკმაოდ კარგი შედეგია ისეთი რთული დაავადებისთვის, როგორიცაა სიელმე, თუმცა აქ მრავალი ფაქტორი იყო გათვალისწინებული: ექიმთან მიმართვიანობა, რეფრაქციის ანომალიების კორეგირება, ოკლუზიები, მხედველობითი თერაპია და დროული ქირურგიული მკურნალობა.


წყარო: vipmed.ge

მსგავსი სიახლეები

მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე
თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას საექიმო სამუშაო ვიზიტით ამჯერადაც ეწვია ბონის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის ყოფილი დირექტორი, ექიმი-პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი და ნუტრიციოლოგი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე.
რა არის დიარეა და როგორ ვუმკურნალოთ მას
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია დიარეის მართვა და მისი დროული დიაგნოსტიკა.

რა არის დიარეა?
დიარეა-გახშირებული ნაწლავთა მოქმედებაა (3-ჯერ და მეტად 24 საათის განმავლობაში) სითხის შემცველი განავლოვანი მასებით.

რა არის დიარეის მიზეზები?
დიარეის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა ნაწლავური ინფექცია (გასტორენტერიტი) უხშირესია. ინფექციური გასტორენტერიტი შეიძლება გამოწვეულ იყოს ვირუსებით, ბაქტერიებითა და პარაზიტებით.

რა უნდა გავაკეთოთ დიარეის დროს?
დიარეის მკურნალობის ძირითადი პრინციპია ორგანიზმის სითხისა და ელექტროლიტური დანაკარგების შევსება. დიარეის უხშირეს გართულებას დეჰიდრატაცია წარმოადგენს.

რა არის დეჰიდრატაცია?
ეს არის ორგანიზმის გაუწყლოება, როცა სხეულის მიერ დაკარგული სითხის მოცულობა გაცილებით აღემატება მიღებული სითხის რაოდენობას. დეჰიდრატაცია შეიძლება ყველა ასაკში განვითარდეს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, რადგან სხეულის მცირე მასის გამო ძალიან სენსიტიურები არიან სითხის მცირე დანაკარგის მიმართაც კი. გაუწყლოების რისკი მატულობს, თუ დიარეას თან ერთვის ღებინება, სხეულის ან გარემოს მაღალი ტემპერატურა.

როგორია დეჰიდრატაციის ნიშნები?
ბავშვებში დეჰიდრატაციის ნიშნებია:
1. გაღიზიანებადობა ან ძილიანობა
2. გაიშვიათებული შარდვა
3. გრილი კიდურები
4. ცრემლის შემცირება ან უცრემლო ტირილი
5. ყიფლიბანდის ჩავარდნა

როგორ მკურნალობენ დიარეას?
დიარეის მკურნალობა მოიცავს სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის შევსებას, ადექვატური კვების უზრუნველყოფას და დიარეასთან ასოცირებული კომორბიდული მდგომარეობების მართვას.
 
მწვავე დიარეის შემთხვევაში გამოიყენება რეჰიდრატაციული ხსნარები. თუ ბავშვს შეუძლია სითხის დალევა, ინტრავენური რეჰიდრატაცია არ არის საჭირო. ორალური რეჰიდრატაციული ხსნარები წყლის, ელექტროლიტებისა და გლუკოზის ნარევია.

კვებითი რეკომენდაციები: რეჰიდრატაციული თერაპიის დროს ექსკლუზიურად ძუძუთი კვება შეუფერხებლად უგრძელდება, ყველა სხვა შემთხვევაში რეჰიდრატაციული თერაპიის დაწყებიდან არა უგვიანეს 4-6 საათის შემდეგ უნდა გაგრძელდეს კვება.

პრობიოტუიკული საშუალებები („მეგობარი“ ბაქტერიები) ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას. პრობიოტიკებით მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია რაც შეიძლება ადრე. ფერმენტული პრეპარატები რუტინულად არ გამოიყენება. ასევე, არ გამოიყენება ანტიდიარეული პრეპარატები ბავშვთა ასაკში. თუთიის პრეპარატები მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისთვის არის მოწოდებული, სადაც ხშირია ბავშვთა არასრულფასოვანი კვების (მალნუტრიციის) შემთხვევები. ანტიბიოტიკები რუტინულად არ გამოიყენება.

ინვაზიური (განავლოვან მასებში სისხლის არსებობა) დიარეის მკურნალობა მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო ღონისძიებას და დამატებით ემპირიულ ანტიბიოპტიკოთერაპიას სავარაუდო შიგელოზის სამკურნალოდ.

როგორია დიარეის პრევენცია?
1. ექსკლუზიურად ბუნებრივი კვება 6 თვის ასაკამდე
2. ხელების ხშირი დაბანა თბილი წყლით და საპნით (განსაკუთრებით საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ)
3. ვაქცინაცია - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო-ს) რეკომენდაციით როტავირუსის ვაქცინაცია შეყვანილია ეროვნული იმუნიზაციის პროგრამაში

როდის მივმართოთ ექიმს?
1. 3 თვემდე ასაკი
2. დიარეის 6 და მეტი ეპიზოდი 24 საათის განმავლობაში
3. დიარეა და ღებინება ერთდროულად
4. განავლოვანი მასები არ არის და მხოლოდ სითხეა
5. განავლოვან მასებში სისხლია
6. მუცლის მწვავე ან შეუპოვარი ტკივილი
7. დეჰიდრატაციის ნიშნები

თუ თქვენს პატარას ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც აღენიშნება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
თერაპიული სტომატოლოგია
თერაპიული სტომატოლოგია
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი