ბრონქიტი ზამთრის პერიოდში ყველაზე ხშირი დაავადებაა

რჩევები დაავადებასთან გასამკლავებლად


ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირი დაავადება ბრონქიტია. თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პედიატრი, - ბავშვთა სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ყარამან ფაღავა ამბობს, რომ ბრონქიტი ხშირია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, თუმცა პროფესორი ხაზს უსვამს, რომ დაავადების პროგნოზი განსხვავებულია, ბავშვებში იგი უხშირესად მწვავე დაავადების გამოვლინებაა, მოზრდილებში არაიშვიათად ქრონიკულ ხასიათს ატარებს. ყარამან ფაღავა დაავადების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და მკურნალობის საუკეთესო გზებს გვთავაზობს.


რა არის ბრონქიტის გამომწვევი მიზეზი და რომელ სეზონზე ვლინდება დაავადება ყველაზე ხშირად?

ბრონქიტი წელიწადის ყველა დროს გვხვდება, მაგრამ მისი სიხშირე განსაკუთრებით მატულობს შემოდგომის ბოლოს, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე. ბრონქიტის განვითარებას, პირველ რიგში, ხელს უწყობს გაუკაჟებლობა, როდესაც, მაშინ უბრალო გაციებაც კი აქვეითებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. სხვადასხვა ინფექცია, ეს იქნება ვირუსები, ბაქტერიები, მიკოპლაზმები, ბრონქების ანთებას იწვევს. ზამთრის პერიოდში ძალიან ხშირია წვრილი ბრონქების ანთება, რომელსაც ჩვენ ბრონქიოლიტს ვუწოდებთ. იგი ვლინდება ჩვილ ბავშვებში, საკმარისად მძიმედ მიმდინარეობს, ზოგჯერ უბრალოდ ინჰალაციაც კი შველის, უწამლო ინჰალაცია, ორთქლით მკურნალობა, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის და უფრო ძლიერი პრეპარატებია საჭირო.

 

როგორ მიმდინარეობს ბრონქიტი მოზრდილებსა და ბავშვებში?

ბრონქიტი, რასაკვირველია, ბავშვებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მოზრდილებში შედარებით უფრო მსუბუქად. მეორე მხრივ, მოზრდილებში ამის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი არის თამბაქოს მოხმარება. თამბაქოს მწეველებში დაავადება ლამის ქრონიკულიც იყოს, აღარ ვსაუბრობ ტუბერკულოზზე. გარდა ამისა, ბრონქიტი შეიძლება იყოს ზოგიერთი მძიმე თანდაყოლილი დაავადების გამოვლინებაც. პირველ რიგში, ეს არის მუკოვისციტოზი, ანუ კისტოფიბროზი, ეს დაავადება თავისთავად იშვიათია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამასაც თავისი წვლილი შეიძლება შეჰქონდეს. ბრონქების დაზიანება შეიძლება, გამოწვეული იყოს ალერგიით. დაავადების ყველაზე მძიმე ფორმა არის ბრონქული ასთმა, მაგრამ, ასევე, შეიძლება იყოს .. ობსტრუქციული ბრონქიტი, ანუ ალერგიული ბრონქიტი. ერთი მეორეს ძალიან ჰგავს, დიფერენციაცია საკმაოდ რთულია. მოზრდილ ადამიანებში კი გვაქვს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, როდესაც ბრონქები ვიწროვდება და ეს პროცესი შეუქცევადია. ბრონქული ასთმის დროს, კარგად მკურნალობის შემთხვევაში, ცვლილებები შექცევადია.

 

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს კი შეუქცევადია და თანდათანობით სულ უფრო უჭირს ადამიანს, მერე უკვე გულის დაავადებაც ვითარდება. ესე იგი, ბრონქიტი ბავშვებში უფრო ხშირია, შესაძლებელია, მწვავე პერიოდში უფრო მძიმედაც მიმდინარეობდეს, მაგრამ პროგნოზი უფრო კარგია. საჭიროა გაკაჟება, სრულყოფილი მკურნალობა; მოზრდილებში ზოგჯერ მას შეიძლება ქრონიკული ხასიათი ჰქონდეს, შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება. საბედნიეროდ, ბავშვები ძალზე იშვიათად (ეს მაინც მოზრდილების დაავადებაა) კიდევ ბრონქოექტაზიურ დაავადებასაც ვხვდებით. ეს ნიშნავს, რომ ქრონიკული ბრონქიტის დროს ბრონქების სანათური ფართოვდება, პარკების მსგავსი რამ ვითარდება, სადაც ჩირქი გროვდება, და ეს ძალიან ძნელი სამკურნალოა.

 

თქვენ ახსენეთ ინჰალაციაც. როგორ უნდა ჩავატაროთ ინჰალაცია სწორად სახლის პირობებში?

ინჰალაციები ბრონქიტისა და ბრონქიოლიტის დროს პირველი მკურნალობაა. ინჰალაცია შეიძლება იყოს მარტივიც, წამლის გარეშე და შეიძლება წამლითაც. წამლის გარეშე ეს ნიშნავს ფიზიოლოგიური ხსნარით, ან ნატრიუმ ქლორის ოდნავ მომატებული კონცენტრაციის ან სოდის ხსნარით ინჰალაცია. ინჰალაცია შეიძლება იყოს ცივი, აპარატის მეშვეობით, შეიძლება უშუალოდ ორთქლით, ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს ვუმატებთ რამდენიმე ჩაის კოვზ სოდას, ან მარილს, პაციენტს ასე ვასუნთქებთ ერთი-ორი წუთის განმავლობაში.

 

რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, რამდენად გაუწევთ მკურნალობის ამ მეთოდს რეკომენდაციას?

საერთოდ, ორი პრინციპი არსებობს: ერთი არის, რომ პაციენტს მივცეთ ამოსახველებელი საშუალება. ამოსახველებელს ვაძლევთ იმისათვის, რომ ბრონქებში .. „საცობები არ შეიქმნას და მდგომარეობა კიდევ არ გაუარესდეს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამოსახველებლები 1.5 – 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ ინიშნება იმიტომ, რომ ბავშვებს უჭირთ ამოხველება და გაუმჯობესების მაგივრად სიტუაცია უარესდება. მკურნალობის მეორე გზა არის ხველის დამაწყნარებელი. ჩვეულებრივ, ამ მეთოდს ვიყენებთ ღამის საათებში, როცა ავადმყოფი ღამით ვერ იძინებს შემაწუხებელი მშრალი ხველის გამო.

 

ინიშნება თუ არა ბრონქიტის დროს ინექციური მკურნალობა?

ასეთ პაციენტებში, როგორც წესი, ნემსი არ ინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა 40%-50% შეიძლება ბაქტერიებით იყოს გამოწვეული, ანტიბიოტიკები (როგრორც დასალევი, ასევე ნემსის სახით), როგორც წესი, არ გამოიყენება. მე არ ვსაუბრობ ბრონქოექტაზიურ დაავადებას, ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკები წამყვანია, ჩვეულებრივი, ბანალური მწვავე ბრონქიტის დროს ჩვენ ანტიბიოტიკები არ გვჭირდება, ველოდებით, რომ ორგანიზმი მას ანტიბიოტიკების გარეშე მოერევა.

 

როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან?

ორი გზა არის: ერთი უწამლო მაქსიმალური გაკაჟება, ხელ-პირის ცივი წყლით დაბანვა. ფეხებზე ცივი წყლის გადავლება, ტანის დაზელვა სველი პირსახოცით, ცივი შხაპი (ეს საუკეთესო გზაა); ასევე მტვრიან და დაბინძურებულ ადგილებს უნდა მოვერიდოთ. პროფილაქტიკის მიზნით, ძალიან კარგია მთაში ასვლა. მთაში უფრო მშრალი ჰაერია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის სხვადასხვა დამაბინძურებლის და, ასევე, ალერგოგენების კონცენტრაცია დაბალია. რაც შეეხება წამლებს, აცრებს, პროფილაქტიკა ამ გზითაც შესაძლებელია, იმუნიტეტის გაზრდა მათი მეშვეობითაც შესაძლებელია.

წყარო: http://fortuna.ge

 

 

მსგავსი სიახლეები

მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე
თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას საექიმო სამუშაო ვიზიტით ამჯერადაც ეწვია ბონის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის ყოფილი დირექტორი, ექიმი-პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი და ნუტრიციოლოგი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი მიხაელ იაკობუს ჰელმუტ ლენტცე.
რა არის დიარეა და როგორ ვუმკურნალოთ მას
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია დიარეის მართვა და მისი დროული დიაგნოსტიკა.

რა არის დიარეა?
დიარეა-გახშირებული ნაწლავთა მოქმედებაა (3-ჯერ და მეტად 24 საათის განმავლობაში) სითხის შემცველი განავლოვანი მასებით.

რა არის დიარეის მიზეზები?
დიარეის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა ნაწლავური ინფექცია (გასტორენტერიტი) უხშირესია. ინფექციური გასტორენტერიტი შეიძლება გამოწვეულ იყოს ვირუსებით, ბაქტერიებითა და პარაზიტებით.

რა უნდა გავაკეთოთ დიარეის დროს?
დიარეის მკურნალობის ძირითადი პრინციპია ორგანიზმის სითხისა და ელექტროლიტური დანაკარგების შევსება. დიარეის უხშირეს გართულებას დეჰიდრატაცია წარმოადგენს.

რა არის დეჰიდრატაცია?
ეს არის ორგანიზმის გაუწყლოება, როცა სხეულის მიერ დაკარგული სითხის მოცულობა გაცილებით აღემატება მიღებული სითხის რაოდენობას. დეჰიდრატაცია შეიძლება ყველა ასაკში განვითარდეს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, რადგან სხეულის მცირე მასის გამო ძალიან სენსიტიურები არიან სითხის მცირე დანაკარგის მიმართაც კი. გაუწყლოების რისკი მატულობს, თუ დიარეას თან ერთვის ღებინება, სხეულის ან გარემოს მაღალი ტემპერატურა.

როგორია დეჰიდრატაციის ნიშნები?
ბავშვებში დეჰიდრატაციის ნიშნებია:
1. გაღიზიანებადობა ან ძილიანობა
2. გაიშვიათებული შარდვა
3. გრილი კიდურები
4. ცრემლის შემცირება ან უცრემლო ტირილი
5. ყიფლიბანდის ჩავარდნა

როგორ მკურნალობენ დიარეას?
დიარეის მკურნალობა მოიცავს სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის შევსებას, ადექვატური კვების უზრუნველყოფას და დიარეასთან ასოცირებული კომორბიდული მდგომარეობების მართვას.
 
მწვავე დიარეის შემთხვევაში გამოიყენება რეჰიდრატაციული ხსნარები. თუ ბავშვს შეუძლია სითხის დალევა, ინტრავენური რეჰიდრატაცია არ არის საჭირო. ორალური რეჰიდრატაციული ხსნარები წყლის, ელექტროლიტებისა და გლუკოზის ნარევია.

კვებითი რეკომენდაციები: რეჰიდრატაციული თერაპიის დროს ექსკლუზიურად ძუძუთი კვება შეუფერხებლად უგრძელდება, ყველა სხვა შემთხვევაში რეჰიდრატაციული თერაპიის დაწყებიდან არა უგვიანეს 4-6 საათის შემდეგ უნდა გაგრძელდეს კვება.

პრობიოტუიკული საშუალებები („მეგობარი“ ბაქტერიები) ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას. პრობიოტიკებით მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია რაც შეიძლება ადრე. ფერმენტული პრეპარატები რუტინულად არ გამოიყენება. ასევე, არ გამოიყენება ანტიდიარეული პრეპარატები ბავშვთა ასაკში. თუთიის პრეპარატები მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისთვის არის მოწოდებული, სადაც ხშირია ბავშვთა არასრულფასოვანი კვების (მალნუტრიციის) შემთხვევები. ანტიბიოტიკები რუტინულად არ გამოიყენება.

ინვაზიური (განავლოვან მასებში სისხლის არსებობა) დიარეის მკურნალობა მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო ღონისძიებას და დამატებით ემპირიულ ანტიბიოპტიკოთერაპიას სავარაუდო შიგელოზის სამკურნალოდ.

როგორია დიარეის პრევენცია?
1. ექსკლუზიურად ბუნებრივი კვება 6 თვის ასაკამდე
2. ხელების ხშირი დაბანა თბილი წყლით და საპნით (განსაკუთრებით საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ)
3. ვაქცინაცია - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო-ს) რეკომენდაციით როტავირუსის ვაქცინაცია შეყვანილია ეროვნული იმუნიზაციის პროგრამაში

როდის მივმართოთ ექიმს?
1. 3 თვემდე ასაკი
2. დიარეის 6 და მეტი ეპიზოდი 24 საათის განმავლობაში
3. დიარეა და ღებინება ერთდროულად
4. განავლოვანი მასები არ არის და მხოლოდ სითხეა
5. განავლოვან მასებში სისხლია
6. მუცლის მწვავე ან შეუპოვარი ტკივილი
7. დეჰიდრატაციის ნიშნები

თუ თქვენს პატარას ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც აღენიშნება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრა
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია
თერაპიული სტომატოლოგია
თერაპიული სტომატოლოგია
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
მშობლებო უთხარით თქვენს შვილებს გამორთონ კომპიუტერები, სმარტფონები, ტაბლეტები და გავიდნენ გარეთ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი