როცა ბავშვს ცხელა
როცა ბავშვს ცხელა
როგორ გინდა, პატარა ონავარი ზაფხულში შინ გაააჩერო?! ალბათ ზაფხულის არდადეგებიც იმისთვის მოიგონეს, რომ ბავშვებს ეზოში თამაშით გული ეჯერებინათ. ესეც არ იყოს, კარგ ამინდში აღმა-დაღმა სირბილი პატარებისთვის სასარგებლოა: მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანში D ვიტამინი წარმოიქმნება, რომელიც ძვლის ქსოვილის საშენი მასალის – კალციუმის ათვისებას უწყობს ხელს, ზომიერი ფიზიკური აქტიურობა კი ძვლებს ამაგრებს (ამის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად მეზობელი გვერდები გადაათვალიერეთ).
ერთი სიტყვით, ტრადიციას არ ვღალატობთ და ზაფხულში ბავშვს საშუალებას ვაძლევთ (უფლებასაც), რაც შეიძლება მეტი ხანი გაატაროს გარეთ, მაგრამ ანცობა-გართობამ უსაფრთხოდ რომ ჩაიაროს, რამდენიმე მარტივი წესის დაცვა მოგვიწევს.
უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ და საფრთხის არსზე სიტყვაც არ დაგვცდენია, – ეს არის მეტისმეტი სიცხე, მზის პირდაპირი სხივები და დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოება.
თურმე რაც უფრო თეთრია კანი, მით უფრო მალე იწვება. ასე რომ, თუ პატარა ბამბასავით ფითქინაა, მზეზე დიდხანს ნუ გააჩერებთ. გარდა ამისა, რა მცირე ხანიც უნდა დაყოს გარეთ, აუცილებლად წაუსვით მზისგან დამცავი კრემი და დაახურეთ კეპი ან პანამა.
თუ ბავშვი მელანოციტების სიჭარბით მშობლებს ან მათ მშობლებს დაემსგავსა, საქმე უკეთ არის – მელანოციტებში გამომწყვდეული მელანინი ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავს, ამიტომ შავგრემანი ბავშვები მზეზე უფრო იშვიათად იწვებიან.
ხდება ხოლმე, რომ მელანოციტებიანი გენეტიკით გათამამებული მშობლები მზის სხივებისგან ბავშვის დასაცავად არაფერს აკეთებენ და პატარაც სწორედ უყურადღებობის გამო იწვება.
დაიხსომეთ: თეთრი ბავშვები მზეზე ადვილად იწვებიან, შავგრემანები კი უფრო ძნელად, მაგრამ თუ ყურადღება არ მივაქციეთ, ადრე თუ გვიან ისინიც აუცილებლად მიიღებენ დამწვრობას!
პირველი პირობა პატარას დამწვრობისგან დასაცავად მზისგან დამცავი კრემის წასმაა. რაც უფრო მაღალია დაცვის ფაქტორის (SPF) ინდექსი, მით უფრო უკეთ და მეტხანს იქნება დაცული პატარა. თუ ბავშვი შავგრემანია, 15-დან 30-მდე SPF-იც ეყოფა, ხოლო ბამბაქულა ონავარს 30-ზე მაღალი SPF-ის მქონე კრემი უნდა წაუსვათ. ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს SPF-ის გვერდით მოყვანილი რიცხვი. საქმე მარტივ არითმეტიკაშია: ამ რიცხვზე უნდა გავამრავლოთ კანის შეწითლების (დაწვის) სავარაუდო დრო. თუ ბავშვი მზეზე წოლისას ან თამაშისას 20 წუთში იწვება, SPF 15-იანი კრემის წყალობით მას 15-ჯერ მეტხანს (15X20=300 წუთს ანუ 5 საათს) შეეძლება მზეზე უსაფრთხოდ ნებივრობა. და მაინც, კრემის იმედზე ბავშვს ხუთი საათი ნუ დატოვებთ, – ჯობს, ყოველ ორ საათში ერთხელ გადაუსვათ ფაფუკ კანზე დამცავი საშუალება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ცურვისა და ოფლიანობის დროს კრემი ჩამოირეცხება. ისიც კი, რომელსაც ფლაკონზე waterproof ანუ წყალგამძლეაო, აწერია. პაწიას კრემი გულდასმით წაუსვით, ნუ გამოტოვებთ კანის ნურც ერთ კუთხე-კუნჭულს. უგულისყურობის გამო უმეტესად დაუცველი რჩება ქუთუთოები, კისრის უკანა ნაწილი, ტერფები, სახის ის ნაწილი, სადაც თმიანი საფარველი იწყება... ისეც გაითვალისწინეთ, რომ მზის სხივები ბადისებრ, ნასვრეტებიან ტანსაცმელშიც ატანს.
ჰო, მართლა, არ დაგავიწყდეთ მზის სათვალე. ისეთი შეარჩიეთ, რომელიც კომფორტულად მოერგება პაწიას ცხვირს.
.
მოიკალით წყურვილი
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თამაშისა თუ ვარჯიშის დროს ბავშვი ხშირად სვამს წყალს. გაძლიერებვული წყურვილი იმის ბრალია, რომ ოფლთან ერთად ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, გადახურებული ორგანიზმიდან წყალი იოლად ორთქლდება... მართალია, პატარები მოზრდილებზე ნაკლებად იოფლებიან, მაგრამ სითხის მარაგის შევსებაც უფრო მალ-მალე სჭირდებათ.
დეჰიდრატაციაზე (გაუწყლოებაზე), გარდა წყურვილისა, მიუთითებს: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ძლიერი მოთენთილობა, შარდის მოცულობის შემცირება და შარდის გამუქება.
გაუწყლოების შემთხევვაში ვიქცევით ასე: მოწყურებულ ბავშვს წყალს ვასმევთ და რაც შეიძლება გრილ ადგილას (ჩრდილში ან კარგად განიავებულ შენობაში) მიგვყავს. როგორც კი მოსულიერდება, თამამად შეუძლია განაგრძოს თამაში.
დაემალეთ მზეს
ზედმეტი ინსოლაცია მზის დაკვრას იწვევს, მაგრამ სანამ მზის მწველი სხივები პაწიას თავში ჩაუკაკუნებდეს, გამაფრთხილებელ მესიჯებს უგზავნის. თავდაპირველად პატარა ონავარს შესაძლოა კუნთების სპაზმი დაემართოს. ამ მოვლენას ექიმები კრამპსაც უწოდებენ. ამ დროს ბავშვი უჩივის კუნთების ტკივილს, რომელიც არც დაჭიმვას უკავშირდება და არც ტრავმას. ტკივილს კუნთების სპაზმი ერთვის.
ეს პრობლემა, წესისამებრ, მაშინ იჩენს თავს, როდესაც მეტისმეტ სიცხეში ვარჯიშისას ბავშვი ძლიერ ოფლიანდება და ოფლთან ერთად იმ ელექტროლიტებსაც კარგავს, რომლებიც კუნთების ნორმალური შეკუმშვისთვის არის აუცილებელი.
პრობლემის მოსაგვარებლად ვიქცევით ასე: პატარას ელექტროლიტების შემცველ სითხეს ვასმევთ (მარგებელია აისოლი) და ცოტა ხანს ვასვენებთ, თან კუნთის მოდუნებაში ვეხმარებით – ვუკეთებთ მსუბუქ მასაჟს.
კუნთის კრამპი უპირატესად პირველი ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას ვითარდება. როდესაც პაწიას კუნთები ფიზიკურ აქტიურობას მიეჩვევა, პრობლემაც გაიშვიათდება.
მეტისმეტი სიცხე და ოფლიანობა ორგანიზმს ფიტავს. გამოფიტვა მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც პატარას სწყურია, ოფლად იღვრება, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევს და თამაშს ან ვარჯიშს განაგრძობს. შედეგად ბავშვი ძლიერ ითენთება, ძილი ერევა, კოორდინაცია ერღვევა, ფითრდება, აწუხებს თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, შესაძლოა, აღებინოს კიდეც, არც ის არის გამორიცხული, უეცრად კუნთების ძლიერი კრამპიც დაეწყოს.
თუ ბავშვს სიცხისმიერი გამოფიტვის ნიშნები შეატყვეთ, ასე მოიქეცით: სასწრაფოდ გადაიყვანეთ გრილ შენობაში, გახადეთ ტანსაცმელი, დაუზილეთ ტანი ცივი წყლით, ხოლო თუ არ აღებინებს, ცივი წყალი დაალევინეთ კიდეც, მოგვიანებით კი უთუოდ მიეცით ელექტროლიტების შემცველი სითხე (აისოლი). რაც მთავარია, იმ დღეს არამც და არამც აღარ გაუშვათ მზეზე სათამაშოდ.
აი, მზის დაკვრა უკვე სერიოზული პრობლემაა, ამიტომ ყურადღებით იყავით, საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, მაგრამ თუ მზის სხივებმა მაინც მიიტანა იერიში ბავშვის ორგანიზმზე, ამას შემდეგი ნიშნები მიგახვედრებთ: სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს, ბავშვს ღებინებას ან დიარეა, თავის ძლიერი ტკივილი აუვარდება, ძლიერ მოითენთება, გულისცემა გაუხშირდება, სწრაფად დაიწყებს სუნთქვას, განწყობა გაუფუჭდება, შესაძლოა, გულიც კი წაუვიდეს და კრუნჩხვა განვითარდეს.
მზის დაკვრის შემთხვევაში ბავშვს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდება, ექიმის მოსვლამდე კი ეცადეთ, ნებისმიერი საშუალებით გააგრილოთ: დაუზილოთ კანი სველი პირსახოცით, დაადოთ ყინულის ბურთულები...
წყარო: ავერსი.ge