როგორ ვითარდება თქვენი პატარა
როგორ ვითარდება თქვენი პატარა
შვილი უდიდესი ბედნიერებაა. მის პირველ ტირილს, პირველ სიტყვას, პირველ ნაბიჯს ემოციების ზღვა ახლავს თან. თუმცა, ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება – სიხარულს უხვად მოჰყვება საზრუნავიც. ახალბედა მშობლებს მოსვენებას არ აძლევს ეჭვი: ასაკის შესაბამისად ვითარდება ჩემი პატარა? ხომ არ აგვიანებს პირველი ბგერების გამოთქმას? დრო ხომ არ არის, ხოხვა დაიწყოს?.. ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა ნეირომოტორული განვითარების შეფერხების შესახებ, თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ნერვულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი, ნევროლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გელაძე გვესაუბერება.
– რას გულისხმობს ტერმინი “ნეირომოტორული განვითარება”?
– სიტყვა “ნეირო” გვამცნობს, რომ საქმე ეხება ნერვულ სისტემას. ნერვული სისტემა კი, როგორც ვიცით, თავის ტვინისგან, ზურგის ტვინისა და ნერვებისგან შედგება. ნერვული დარღვევები გულისხმობს მენტალური (გონებრივი), ქცევითი და მეტყველების განვითარების შეფერხებას, ნეირომოტორული კი, ამასთან ერთად, მამოძრავებელი სისტემის განვითარების შეფერხებასაც, რაც დროულად თავის დაჭერის, დაჯდომის, დადგომის, გავლის დაგვიანებით და სხვა ამგვარი ნიშნებით გამოიხატება.
ნეირომოტორული განვითარების შეფერხება ძალზე ზოგადი ტერმინია. ის შეიძლება გულისხმობდეს როგორც მსუბუქ, ასევე ისეთ მძიმე პრობლემასაც, როგორიც არის ცერებრული დამბლა. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რასთან გვაქვს საქმე – გონებრივ ჩამორჩენასთან, ქცევის დარღვევასთან თუ მეტყველების შეფერხებასთან, შეინიშნება თუ არა კუნთთა ტონუსის ცვლილებები, კიდურების სისუსტე ან დამბლა. ყოველივე ამისთვის კი ნატიფი ნევროლოგიური გასინჯვაა აუცილებელი.
— როგორ მივხვდეთ, ასაკის შესაბამისად ვითარდება თუ არა პატარა?
– ექიმისთვის ბავშვის ნეირომოტორული განვითარების შეფასება ძნელი არ არის, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რა არის ნორმა ამა თუ იმ ასაკისთვის. შეფასების გასაადვილებლად არსებობს რამდენიმე სკალა, რომელთაგან ყველაზე მოხერხებული და ადვილად გამოსაყენებელია დენვერის სკალა. ბავშვს თავდაპირველად თვალით ვაფასებთ, ვაკვირდებით თავის ქალის, სახისა და კიდურების პროპორციულობას. ვზომავთ თავის გარშემოწერილობას. ყურადსაღებია განვითარების მცირე ანომალიებიც – ე.წ. დისემბრიოგენული სტიგმები: ზედა ტუჩის ან სასის ნაპრალი, მიკროფთალმია (მცირე ზომის თვალის კაკალი), ეპიკანთუსი (კანის ვერტიკალური ნაკეცი თვალის ჭრილის შიდა კუთხეში), უნაგირა ცხვირი, ყურის ნიჟარების დეფორმაცია, მათი ატიპური განლაგება, რელიეფური ენა, ჰემანგიომები (სისხლძარღვოვანი ანომალიები) სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, პოლიდაქტილია (ზედმეტი თითი ხელზე ან ფეხზე) ან სინდაქტილია (ხელის ან ფეხის თითების ურთიერთმიმდებარე ფალანგების სრული ან ნაწილობრივი შეზრდა). ექიმისთვის მრავლისმთქმელია ბავშვზე დაკვირვება: ღუღუნებს თუ არა პატარა, აყოლებს თუ არა თვალს საგანს, იღიმება თუ არა ღიმილის პასუხად და სხვა
რას გვეუბნება რეფლექსები
– ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი პარამეტრია ახალშობილთა უპირობო რეფლექსები. მათი გამოკვლევა წარმოდგენას გვიქმნის ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. უპირობოა, მაგალითად, წოვის, ყლაპვის, კუსმაულის (ძუძუს ძებნის), რობინსონის (ტაცების), მოროს (მოხვევის) რეფლექსები. აშკარა პათოლოგიის მაჩვენებელია, თუ ისინი შეინიშნება 5-6 თვის შემდეგაც – იმ ასაკში, როცა უკვე გამქრალი უნდა იყოს.
რას ვაკვირდებით
– ბუნებრივია, ყველა პარამეტრის შეფასებას მშობელი ვერ შეძლებს, ეს ექიმის კომპეტენციაა, მაგრამ რომლებია ის მთავარი პარამეტრები, რომლებზე დაკვირვებაც მშობელს თავადაც შეუძლია? როგორია საგანგაშო ნიშნები?
– დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს, თანაბრად ამოძრავებს თუ არა ბავშვი კიდურებს მოხრისას და გაშლისას, რეგულარულად ახამხამებს თუ არა თვალებს, შეუძლია თუ რა წოვა, ლოყაზე შეხებისას თავის მობრუნება, ყლაპვა, მთქნარება, ტაცება, მუცელზე წოლისას თავის მოკლე ხნით გასწორება, აქვს თუ არა კიდურები მოხრილი, სტაბილურია თუ არა ტემპერატურა, სუნთქვა, როგორია ძილისა და ღვიძილის პერიოდები. ახალშობილი დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს და იღვიძებს მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე აწუხებს: შია, სველია და სხვა.
განვითარების შეფერხების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ჰიპოქსია – ჟანგბადის უკამრისობა მუცლად ყოფნის პერიოდში. ამით გამოწვეული პათოლოგიის, ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათიის, დიაგნოზი უმეტესად წლამდე ისმება.
შევშფოთდეთ თუ არა
– ხშირად მომმართავენ შეწუხებული მშობლები, რომლებიც ჩივიან, რომ ბავშვი თვალებს ქაჩავს, თავს უკან აგდებს და ჭირვეულობს და ვარაუდს გამოთქვამენ, რომ პატარას ქალასშიდა წნევა – ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია აქვს. მინდა, ყველა მშობელს ვუთხრა, რომ ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია საკმაოდ იშვიათი სინდრომია. თავის უკან გადაგდება პათოლოგიურ ნიშნად არ განიხილება, ხოლო თვალების ქაჩვა არის ე.წ. გრეფეს სიმპტომი, რომელიც თანდაყოლილია და პირველ თვეებში აბსოლუტურ ნორმად არის მიჩნეული.
რა უნდა შეეძლოს
– 15-20 დღის ნორმალურად განვითარებული ახალშობილი ამა თუ იმ საგანზე მოკლე ხნით აჩერებს მზერას. მომდევნო საფეხური საგნისთვის თვალის გაყოლებაა. 20-25 დღიდან იწყებს ღუღუნს, გამოსცემს გარკვეულ ბგერებს.
2-3 თვიდან იჭერს თავს, იღიმება, ღუღუნებს, კიდურებს ფართო ამპლიტუდით ამოძრავებს, აფიქსირებს მზერას და თვალს აყოლებს სათამაშოს, აქტიურად წოვს, აქვს მკვეთრად განსხვავებული ძილისა და ღვიძილის პერიოდები, ვერტიკალურად თუ დავიჭერთ, ფეხებს მოხრის, თავს გადასწევს და ნაბიჯების მსგავსი მოძრაობების შესრულებას ეცდება.
სამ თვემდე ასაკის ჯანმრთელი ბავშვი ცნობს დედის ხმას და რეაგირებს ღიმილზე, სიმღერაზე.
4 თვისა თავს კარგად იჭერს, აქვს თავის მინიმალური გადახრა (ამაზე ადრე ახალშობილს არ შეუძლია, თავი დამოუკიდებლად ამოძრაოს, ვინაიდან შესაბამისი სტრუქტურები სათანადოდ არ აქვს განვითარებული), ღუღუნებს, მარცვლებს უფრო გამოკვეთილად წარმოთქვამს, იცინის, იკვლევს საკუთარ მტევნებს, კიდურების ტონუსი საშუალო ან საშუალოზე სუსტი აქვს, ბგერით გამღიზიანებელზე ბრუნდება, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე, ტაცების, წოვის რეფლექსები ემორჩილება ნებას.
5-6 თვიდან ბუტბუტებს, იღებს საგნებს, თამაშისას გამოსცემს ბგერებს, ერთმანეთისგან განასხვავებს ოჯახის წევრებს და “უცხოებს”, ეძებს დაკარგულ ნივთს, იწყებს ჯდომას, ჯდომისას თავს არ ხრის, იწყებს საგნის ტაცებას ცალი ხელით, ბოთლს ხელში იჭერს.
9 თვიდან ხოხავს და დგება, დგას მანეჟში, მყარად ზის, ბუტბუტებს “დედას” , “მამას” ან მსგავს სიტყვებს, შემოდის კონტაქტში, ითხოვს ყურადღებას, უვითარდება ნატიფი მოძრაობები – სვამს ჭიქიდან, აერთებს ხელის ცერ და საჩვენებელ თითებს.
10-დან 15 თვემდე ფეხის ადგმა ნორმადაა მიჩნეული. რაც შეეხება ძილის ხანგრძლივობას, ადრეული ასაკის ბავშვებში ნორმად მიიჩნევა 10-დან 16 საათამდე ძილი.
ბავშვის განვითარების ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპები შესაძლოა ოდნავ ვარირებდეს. მაგალითად, თუ თქვენმა პატარამ ოდნავი დაგვიანებით აიდგა ფეხი ან დაიწყო მეტყველება, თავიდანვე ნუ შეშინდებით – თუ პირდაპირი ხაზის რომელიმე ახლო ნათესავს (დედას, მამას, ბიძას, ბებიას, ბაბუა და სხვ.) ასევე დააგვიანდა მეტყველებისა და სიარულის დაწყება, დიდია ალბათობა, ბავშვის ამგვარი განვითარება გენეტიკურად იყოს განპირობებული და სრულიადაც არ გვქონდეს საქმე განვითარების შეფერხებასთან. მაგრამ თუ თქვენი პატარა ზემოთ აღწერილ განვითარების ეტაპებს საგრძნობლად ჩამორჩება, აუცილებლად მიმართეთ ნევროლოგს.
მომავალ მშობლებს
– რა იწვევს ბავშვის ნეირომოტორული განვითარების შეფერხებას?
– დავიწყოთ იმით, რომ ბავშვის ჩასახვამდე აუცილებელია ორივე მშობლის გამოკვლევა და ორსულობის დაგეგმვა. ცივილიზებულ ქვეყანაში მცხოვრები ყველა წყვილი ვალდებულია, წარმოდგენა ჰქონდეს საკუთარ ჯანმრთელობაზე და იცოდეს, რომელი გენეტიკური დაავადებების მატარებელია. ხომ არ აქვთ ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელიმე პათოლოგია (გულის მანკი, ჰიპერტონიული დაავადება). გარდა ამისა, მომავალმა დედებმა უნდა შეიმოწმონ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, გენერაციული ორგანოების (საშვილოსნოს, საკვერცხის) მდგომარეობა და გამორიცხონ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. გასათვალისწინებელია ის ფაქტორებიც, – დედის ვიწრო მენჯი, დიდი ნაყოფი, პლაცენტის წინამდებარეობა და სხვა, – რომლებმაც მშობიარობის დროს შესაძლოა ნაყოფის ტრავმირება გამოიწვიოს, შემდგომ კი ბავშის განვითარების შეფერხება. ამრიგად, ნაყოფის ჩამოყალიბება და მერე უკვე ბავშვის განვითარება თითქმის 90%-ით დედის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.
მეტად მნიშვნელოვანია მშობლების ცხოვრების წესი და პირობები. დედის მწეველობა ძალიან მავნეა ნაყოფისთვის. შესაძლოა, სავსებით ჯანმრთელ ნაყოფზე ნიკოტინმა არ იმოქმედოს, მაგრამ ჰიპოქსიაში მყოფს უდიდესი ზიანი მიაყენოს.
პრობლემას წარმოშობს ჩვილის ძუძუთი კვების შეზღუდვაც. მოგეხსენებათ, რა უნიკალური თვისებები აქვს დედის რძეს, რაოდენ ფასდაუდებელია იგი ახალშობილისა და ჩვილისთვის, ამიტომაც მოვუწოდებ ყველა დედას, რაც შეიძლება მეტხანს აწოვონ შვილს ძუძუ. ჩემი აზრით, ძუძუთი კვების შეზღუდვის ერთ-ერთი მიზეზი თანამედროვე ცხოვრების რიტმია – ბევრი ახალნამშობიარევი დედა იძულებულია, სამსახურს დაუბრუნდეს, ბავშვი კი ძიძასთან რჩება. ხდება ისეც, რომ როდესაც დედას ვეკითხები, როგორ სძინავს მის შვილს, ის ძიძას მიუბრუნდება ხოლმე და მისგან ელის პასუხს. მინდა გთხოვოთ, შეძლებისდაგვარად მეტი დრო დაუთმოთ შვილთან ურთიერთობას – როცა ბავშვი გაიზრდება, წამოიჭრება უამრავი პრობლემა, რომელთა ერთბაშად აღმოფხვრა უკვე ძნელი იქნება .
ბავშვები და ტექნოლოგიები
– მე და ჩემს კოლეგებს ძალიან გვაშფოთებს, რომ საქართველოში ბავშვებს ჩვილი ასაკიდანვე აქვთ კონტაქტი მობილურთან, პლანშეტთან ან კომპიუტერთან. ის, რომ ბავშვი სხვანაირად არ ჭამს, არგუმენტი არ არის. პატარა ხედავს მოციმციმე გამოსახულებას, რომელსაც ვერ აღიქვამს, და ისმენს მისთვის გამაღიზიანებელ ბგერებს. არანაკლებ საზიანოა მისთვის გამოსხივება. საბოლოო ჯამში, ბავშვის სგანვითარებას ვაიძულებთ. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბოლო წლებში მომრავლდნენ ბავშვები, რომლებსაც მეტყველება დაგვიანებული აქვთ. დედა თავისი საქმით არის დაკავებული და პატარა საათობით უზის ტელევიზორს ან კომპიუტერს, რაც მკაფიო მაგალითია ვერბალური ურთიერთობის დეფიციტისა. ასეთ შემთხვევებში ექიმი მშობლებს აძლევს დარიგებას იმის თაობაზე, როგორ შეამცირონ ეკრანისადმი ბავშვის მიჯაჭვულობა, რაც ზოგჯერ ექიმისადმი მშობლების ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. დამეთანხმებით, რომ ჩვენს მიკროსოციუმშიც უამრავ ბავშვს აქვს მსგავსი პრობლემა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ეკრანდამოკიდებულება 2013 წელს ფსიქიატრიული დაავადებების ნუსხაში შეიტანა. ჩემი აზრით, დანაშაულია წლამდე ასაკის ბავშვთან ასეთი მოპყრობა მოვლის გასაადვილებლად. ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია მშობლებთან კონტაქტი. მის ასეთ დეფიციტს სავალალო შედეგამდე მივყავართ.
მშობლის როლი
– სწორი განვითარებისთვის აუცილებელია, ბავშვი მშობლებმა ასეირნონ, ასწავლონ ამა თუ იმ საგნის სახელი. ბავშვმა უნდა შეიმეცნოს გარე სამყარო და დაუახლოვდეს ბუნებას, ისწავლოს წიგნთან ურთიერთობა, ხატვა, მონაწილეობა მიიღოს თამაშში თანატოლებსა თუ მშობლებთან ერთად. თუ ასე არ მივუდექით ბავშვის აღზრდას, ნუღარ გაგვიკვირდება, რომ მის ზრდასთან ერთად თავს იჩენს უამრავი პრობლემა. მაგალითად, სასკოლო ასაკში გაუჭირდება თანატოლებთან ურთიერთობა, ვერ მოვახერხებთ სწავლით მის დაინტერესებას.
– როგორ ადგენენ ნეირომოტორული განვითარების შეფერხებას და რამდენად საშიშია პროგნოზი?
– დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია, რა სახით გამოვლინდება ნეირომოტორული განვითარების შეფერხება, რა არის წამყვანი – მენტალური განვითარების ჩამორჩენა, მოტორულისა თუ ორივესი ერთად?
გარდა შეფასების ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებებისა და კლინიკური გასინჯვისა, დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია ნეიროსონოსკოპიაც — თავის ტვინის ექოსკოპიური კვლევა. საეჭვო შემთხვევაში უნდა შემოწმდეს მხედველობა და სმენა, რადგან შესაძლოა, განვითარების ჩამორჩენა მათი ფუნქციის დაქვეითებით იყოს გამოწვეული. კრუნჩხვების არსებობის შმთხვევაში ელექტროენცეფალოგრამის მეშვეობით გამოვრიცხავთ ან ვადასტურებთ ეპილეფსიის არსებობას . მოტორული ფუნქციის დაქვეითების, მაგალითად, კუნთების ჰიპოტონიის (მოდუნების), დროს თანდაყოლილი ნერვკუნთოვანი დაავადების გამოსარიცხავად ტარდება ელექტრონეირომიოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში – ორთოპედის კონსულტაცია. განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფისაა და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარებაც. თანამედროვე მედიცინა გენეტიკური გამოკვლევის საშუალებასაც გვაძლევს.
პროგნოზი შეფერხების მიზეზსა და მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. საბედნიეროდ, ბავშვის ნერვულ სისტემას მაღალი ხარისხის ნეიროპლასტიკურობა ანუ აღდგენის უნარი ახასიათებს, ასე რომ, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით გამოხატული პათოლოგიის მქონე ჩვილი 1-1,5 წლისათვის განვითარების ტემპით შესაძლოა თანატოლებს გაუთანაბრდეს.
ნერვული სისტემის სხვადასხვა დაზიანების მქონე ბავშვებთან ხშირია თანდართული სომატური დაავადებებიც: ანემია, პნევმონია, ნაწლავთა დისფუნქცია და სხვა. ეს დაავადებები ამძიმებს ნეიროსომატური დარღვევების კლინიკურ მიმდინარეობას და ხელს გვიშლის დროული და ადეკვატური აღდგენითი თერაპიის ჩატარებაში.
თანამედროვე მიდგომა
– როგორია მკურნალობისადმი თანამედროვე მიდგომა?
– ნეირომოტორული განვითარების შეფერხების მკურნალობაში დიდი ადგილი უკავია სარეაბილიტაციო ღონისძიებებს: მასაჟსა და ვარჯიშს, ელექტროფორეზს, ჰიდროთერაპიას, ბალნეოთერაპიას... აუცილებელია ექიმების გუნდური მუშაობა. პროცესში ჩართულნი უნდა იყვნენ მასაჟისტი, მეთოდისტი. მეტყველებისა და ფსიქოემოციური სფეროს განვითარების დარღვევისას — ლოგოპედი და ფსიქოლოგი.
არც ისე დიდი ხნის წინ ნეირომოტორულ შეფერხებას უმთავრესად მედიკამენტურად მკურნალობდნენ. 10-15 წელია, წამლებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. სწორედ ამიტომ ვისაუბრე ასე ფართოდ იმ რისკფაქტორებზე, რომელთა ცოდნა და გააზრება ყველა მშობლისთვის აუცილებელია და რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ ბავშვის ნეირომოტორული განვითარების შეფერხება.
წყარო: ავერსი.ge
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 29 34 66
გისურვებთ ჯანმრთელობას!