პროფესორ არნდტ როლფსის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

პროფესორი არნდტ როლფსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია.


 


2018 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ცნობილი ნევროლოგი, გენეტიკოსი, იშვიათი დაავადებების ექსპერტი, პროფესორი არნდტ როლფსი (როსტოკის უნივერსიტეტი, გერმანია), რომელმაც წაიკითხა ლექციები შემდეგ თემებზე: „ბიომარკერების გამოყენება იშვიათი დაავადებების სწრაფი და ეფექტური დიაგნოსტირებისთვის“ და „პერსონალიზებული/ზუსტი მედიცინა – როგორ გადავლახოთ იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული სირთულეები“.

ვიზიტის ფარგლებში პროფ. როლფსი აგრეთვე ეწვია თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას. მან უფასო  კონსულტაცია გაუწია ნევროლოგიური და გენეტიკური პრობლემების მქონე პაციენტებს და უსასყიდლოდ განახორციელა მათი გენეტიკური ტესტირება.

პროფესორ როლფსის ხელმძღვანელობით და მხარდაჭერით უახლოეს მომავალში საქართველო ჩაერთვება ბიომარკერების მულტიცენტრულ საერთაშორისო კვლევაში, რომელიც მოიცავს შემდეგ დაავადებებს: კისტური ფიბროზი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, ტუბეროზული სკლეროზი, ალპორტის სინდრომი, გოშეს დაავადება, მემკვიდრული ანგიოედემა, ალფა მანოზიდოზი, მუკოპოლისაქარიდოზიები, მეტაქრომატული ლეიკოდისტროფია.

პროფესორი როლფსი კვლავ ეწვევა საქართველოს 2019 წლის მაისსში, „მე-2 საერთაშორის კონფერენცია ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა: ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში“ ფარგლებში და კვლავ გაუწევს კონსულტაციას გენეტიკური დაავადებების მქონე პაციენტებს.

პროფ. როლფსი არის იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული რამდენიმე საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევის მთავარი მკვლევარი და აქტიურად არის ჩართული მეტაბოლური დარღვევების ბიომარკერების კვლევაში, მათ შორის Sifap პროექტში (www.sifap.eu), რომელიც წარმოადგენს ფაბრის დაავადებასთან დაკავშირებულ ინსულტის მქონე ახალგაზრდა პაციენტების ყველაზე დიდ კვლევას მსოფლიოში, რამდენიმე ბიომარკერის  (BioHAE, BioGaucher, BioHunter, BioMorquio) და ნეიროგენეტიკური ეტიოლოგიის მქონე დაავადებების ეპიდემიოლოგიურ კვლევაში. პროფ. როლფს აქვს გამოქვეყნებული 250-ზე მეტი პუბლიკაცია საერთაშორისო მაღალი რანგის ჟურნალებში. იგი არის რამდენიმე საერთაშორისო ბიოტექნოლოგიური და ინდუსტრიული კომპანიის, EMA-სა და FDA-ის კონსულტანტი.


 

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 29 34 66

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!