ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები ბავშვებში.

რა უნდა ვიცოდეთ ყელ-ყურ ცხვირის დაავადებების შესახებ?



ბავშვები ყველაზე იოლად ცივდებიან, ყველაზე ხშირად სტკივდებათ ყელი, ყური და ეჭედებათ ცხვირი...

რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ოტორინოლარინგოლოგს? ყელ-ყურ-ცხვირის რომელი დაავადება გვხვდება ყველაზე ხშირად? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ  თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმ-ოტორინოლარინგოლოგს, თსსუ ასისტენტ-პროფესორს ირინა კეკელიძეს.


-ქალბატონო ირინა, რა არის ადენოიდები, რა ასაკში შეიძლება გაუჩნეს ბავშვს და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს?

ადენოიდები--- არის ცხვირ ხახის ნუშურა ჯირკვალი, მასთან ერთად ხახის ლიმფოიდური აპარატი წარმოდგენილია -- სასის ტონზილით, ენის ძირის ტონზილით და ლულის ტონზილით. ადენოიდების ჰიპერტროფიის მიზეზი ხდება სხვადასხვა ბაქტერიები, ვირუსები და ეს განსაკუთრებით ხშირია 3-10 წლამდე ასაკის ბავშვებში. ადენოიდების ზომაში მომატებამ, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გართულებები, როგორიც არის შუა ყურის ანთებები, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი ძილი. შორს წასულ შემთხვევებში: ყბის ფორმირების დარღვევა და ტიპიური, დამასასიათებელი ე.წ ადენოიდური სახე (მუდმივი პირღიაობის შედეგად განვითარებული).


-განასხვავებენ ადენოიდების გადიდების რამდენიმე ხარისხს. რას ნიშნავს ეს?

განასხვავებენ ადენოიდების გადიდების სამ ხარისხს: I ხარისხი - ბავშვი დღისით თავისუფლად სუნთქავს, ღამით კი ცხვირით სუნთქვა უჭირს (წოლისას ადენოიდები უფრო მეტად ახშობს სასუნთქ გზებს); II ხარისხი - ადენოიდები, პრაქტიკულად, სანახევროდ ფარავს ცხვირის ჰაერგამტარ გზას. ამიტომ ბავშვები ხშირად ხვრინავენ ძილში, დღისით კი იძულებული არიან პირით ისუნთქონ; III ხარისხი - ადენოიდები მთლიანად კეტავს ცხვირის ჰაერგამტარ გზას და ხელს უშლის ჰაერის ცხვირიდან სასულეში გადასვლას. ბავშვი მხოლოდ პირით სუნთქავს.


-როგორ მკურნალობენ ადენოიდებს? და როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა?

მკურნალობის ორი მეთოდი გვაქვს; მედიკამენტოზური და 2,3 ხარისხის ჰიპერტროფიის დროს, როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის ეფექტური, მივმართავთ ოპერაციულ მკურნალობას: ადენოტომიას.


-თუ ბავშვს უეცრად ხმაურიანი სუნთქვა დაეწყო, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

უეცრად აღმოცენებული ხმაურიანი სუნთქვის მიზეზი - საჭიროებს დიფერენციალურ დიაგნოზს სხვა პათოლოგიებთან, ვინაიდად ამის გამომწვევი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ადენოიდების ჰიპერტროფია; უეცრად აღმოცენებლი ხმაურიანი სუნთქვა საჭიროებს პედიატერთან, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან დროულ ვიზიტს.


-რა არის ქრონიკული ტონზილიტი და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას?

არსებობს ქრონიკული ტონზილიტის (სასის ნუშების ანთება) სამი ფორმა: კომპენსირებული, დეკომპენსირებული და ატროფილული. დეკომპენსირებული და ატროფირებული ფორმის დროს აუცილებელია ჩაუტარდეს პაციენტს ტონზილექტომია, ვინაიდან დაავადების აღნიშნული ფორმები იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა: გულის, სახსრების დაზიანება, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა. შესაძლებელია რევმატიზმის, ნეფრიტის განვითარება. კომპენსირებული ფორმის დროს შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე პაციენტის მკურნალობა. ქრონიკული ტონზილიტით ავადდებიან როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები. მიზეზი შეიძლება იყოს: განმეორებითი ანგინები, იშვიათად სხვა მწვავე ინფექციური დაავადებები (ქუნთრუშა, წითელა, დიფთერია). ქრონიკული ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის დარღვევა, ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებები, კარიესული კბილები, ქრონიკული ფარინგიტი, ქრონიკული რინიტი.


-როდის ვითარდება შუა ყურის მწვავე ანთება და რა სიმპტომები ახასიათებს ?

შუა ყურის მწვავე ანთებას უმთავრესად ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები იწვევს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე ზედა სასუნთქი გზების შეშუპებით მიმდინარე ალერგიული რეაქციები. ამ დროს შეშუპება ცხვირ-ხახიდან ევსტაქის მილებზე ვრცელდება, რაც მათ ობსტრუქციას (დახშობას) და შუა ყურის ანთების განვითარებას განაპირობებს. შუა ყური ჰაერით სავსე ღრუ ორგანოა, რომელიც ევსტაქის მილით ცხვირ-ხახას უკავშირდება. შუა ყურის ანთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა, ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, უმეტესად ბავშვთა ასაკში შეინიშნება. ბავშვის ევსტაქის მილი შედარებით ვიწროა და ჰორიზონტალურადაა განლაგებული, რაც ინფექციის შეჭრას და დაყოვნებას აადვილებს. ბავშვებთან შუა ყურის ანთების სიხშირეს ადენოიდური ვეგეტაციების ჰიპერტროფიაც უწყობს ხელს . შუა ყურის ანთების დროს უმთავრესად უჩივიან მწვავე ტკივილს, რომელიც გადაეცემა თვალბუდეს, თავს, ყბის ძვალს, მწვავდება ცემინების, მთქნარების, ტირილის დროს. ახალშობილებში ტრაგუსზე (გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან არსებულ ხრტილოვან წარმონაქმნზე) ზეწოლა ტკივილს აძლიერებს. პატარებში მწვავედ მიმდინარე ჩირქოვანი პროცესის დროს მოსალოდნელია ყურის უკანა მიდამოს მტკივნეულობა (მასტოიდიზმი) ან შეშუპება - მოცულობითი წარმონაქმნი (მასტოიდის აბსცედირება). ხშირია მაღალი ტემპერატურული რეაქცია, სისუსტე, გაღიზიანებადობა, ბავშვებში - ჭირვეულობა, უძილობა, ინტენსიური ტირილი. ტკივილის შესამცირებლად პაციენტები მტკივან ყურზე წოლას არჩევენ. ამ დროს შუა ყურში არსებული ანთებითი სითხე დაფის აპკს აწვება და შუა ყურის მედიალურ კედელზე არსებულ ნერვულ წნულს აღარ აღიზიანებს. შუა ყურის ანთების დროს ხშირად შეინიშნება სმენის დაქვეითება. ტოქსინების შიგნითა ყურში შეჭრის შემთხვევაში სმენის ნერვის დაზიანება და თავბრუხვევა-წონასწორობის მოშლაც მოსალოდნელია. თუ მტკივნეულობა მეორე დღესაც გაგრძელდა, გამწვავდა, ანდა გარეთა სასმენ მილში ჩირქოვანი ან ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენი შეინიშნება, ექიმს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივმართოთ.


-ხშირად მშობლები თვითნებურად აწვეთებენ ბავშვებს ყურში ტკივილგამაყუჩებელ წვეთებს. რა საშიშროება არსებობს ამ დროს?

პაციენტები თვითმკურნალობით ხშირად უფრო დიდ პრობლემას იქმნიან. პაციენტისათვის ძნელი გასარკვევია, ყურის რომელი სტრუქტურა არის დაზიანებული. თითოეული ნაწილის მკურნალობა კი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მაგალითად, დაფის აპკის დაზიანებისას, როდესაც გარეთა სასმენ მილში ჩირქოვანი ან ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენი შეინიშნება, ყურში ჩასაწვეთებელი წამალი უნდა შეიცვალოს. ამასთან, ჯერ გარეთა ყურის ტუალეტი (ანუ გამოსუფთავება) უნდა ჩატარდეს და მხოლოდ შემდეგ ჩავიწვეთოთ წამალი. ქაფურის სპირტი ანტისეპტიკური და ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) პრეპარატია. გაუზავებელი სახით მისი ყურში ჩაწვეთება - ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს. ძლიერი სითბური ეფექტის გამო შესაძლოა ყურის დამწვრობაც კი გამოიწვიოს. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ბავშვებთან მით უფრო - როცა არ ვიცით, როგორია დაფის აპკის მდგომარეობა.


-რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ოტორინოლარინგოლოგს ?

ვინაიდან ყელ- ყურ-ცხვირის დაავადები ანატომიური თავისებურებების გამო მეტად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან , აუცილებელია  ლარინგოლოგის დროული კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ცალკეული და ერთოვლივად რამდენიმე ორგანოს დისფუნქცია. აუცილებელია კონსულტაცია,  როდესაც არის: სმენასთან, სუნთქვასთან, ყლაპვასთან დაკავშირებული დაავადებები, რომლებიც გამომწვევის მიხედვით შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც ტემპერატურული რეაქციით ან მის გარეშე.


თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ქოლ–ცენტრს  ნომერზე 577 29 34 66. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით: საქველმოქმედო აქცია ყელ-ყურ-ცხვირის სრულ კვლევაზე 25 ლარად ნაცვლად 50 ლარისა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.