დიარეა ბავშვთა ასაკში - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

ზაფხულის პერიდოში ადრეული ასაკის ბავშვებში, ჩვეულებრივ იმატებს კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიის, კერძოდ კი დიარეის სიხშირე, რომელიც ბავშვთა ასაკის  ერთ-ერთ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. დიარეა  ნაწლავთა გახშრებული მოქმედებაა (3-ზე მეტად დღე-ღამეში) შეცვლილი თხელი კონსისტენციის, გაზრდილი მოცულობის განავლით როდესაც განავალი შეიცავს პათოლოგიურ მინარევებს (სითხეს, ლორწოს ან სისხლს). დიარეა განპირობებულია ნაწლავში სითხისა და მარილების შეწოვის და გამოყოფის დისბალანსით, მასთან  ხშირად ასოცირდება ღებინებაც. დიარეის დროს ორგანიზმიდან იკარგება დიდი რაოდენობით სითხე, რაც ზოგჯერ ადმიანის სიცოცხლეს სერიოზულად ემუქრება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დიარეა შედის  5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევ დაავადებების ხუთეულში.  დიარეა შეიძლება მიმდინარეობდეს   მწვავედ (14 დღემდე) და გახანგრძლივებულად ე.წ. პერსისტიული დიარეა (14- დღეზე მეტი). დიარეის, განსაკუთრებით მწვავე დიარეის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს ინფექცია წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ვირუსებით, ისე ბაქტერიებითა და უმარტივესებით. ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია ვირუსული, განსაკუთრებით კი როტავირუსული დიარეა, რომელიც მინიმუმ ერთხელ მაინც გადააქვს ყველა 5 წლამდე ასაკის ბავშვს. ინფექციების გარდა დიარეა შესაძლოა განპირობებული იყოს:
 

  • მედიკამენტებით (ანტიბოტიკები, საფაღარათო საშუალებები, და სხვ)
  • კვებითი ალერგენებით ან საკვების აუტანლობით (ალერგია ძროხის რძეზე, და სხვ.)
  • მონელებისა და შეწოვის პროცესების დარღვევით (ლაქტოზის, საქაროზის, იზომალტოზის დეფიციტი, მალაბსორბცია და სხვ.)
  • ქიმიოთერაპიით და სხვ.  


ინფექციური დიარეის შემთხვევაში გადაცემის ძირითადი გზა ორალურ-ფეკალურია, ანუ დაავადებას განაპირობებს ფეკალიებიდან გამოყოფილი გამომწვევის პირში მოხვედრა (დაბინძურებული ხელებით, სათამაშოებით). დაავადება ასევე ხშირად გადაეცემა დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით.    დიარეის ძირითადი კლინიკური სიმპტომები ნებისმიერი გამომწვევის შემთხვევაში ერთნაირია, როგორიცაა  ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, გარკვეული სიმძაფრით გამოხატული ტემპერატურული რეაქცია, გაუწყლოების ნიშნები, თუმცა გამომწვევი მიზეზის  მიხედვით დაავადების კლინიკა შეიძლება  განსხვავდებოდეს. ზოგიერთი ბაქტერით (შიგელა, სალმონელა და სხვ.) და უმარტივესით (ამება, ლამბლია, კლოსტრიდია) განპირობებული დიარეის შემთხვევაში ვლინდება მუცლის ძლიერი ტკივილი, ტენეზმები, ინტოქსიკაციის მოვლენები, სხეულის მაღალი ტემპერატურა, განავალი ასეთ დროს შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს  და სისხლს. ვირუსული, ისევე როგორც ზოგიერთი ბაქტერით (მაგ: ქოლერა, სალმონელა) განპირობებული დიარეის შემთხვევაში ვლინდება ღებინება, სითხის დიდი რაოდენობის შემცველი და მკვეთრად გაზრდილი მოცულობის განავალი, იკარგება დიდი რაოდენობით სითხე, ხშირად ვლინდება მძიმე გაუწყლოების ნიშნები. ჩვეულებრივ ტემპერატურული რეაქცია ვლინდება ინფექციური დიარეისას, არა ინფქციური აგენტებით (მაგ: მედიკამენტები, მალაბსორბცია) განპირობებულ დიარეას ცხელება არ ახასიათებს. დიარეა ხშირად რთულდება გაუწყლოებით -- ადამიანის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სითხისა და მარილების დანაკრაგით. მეტად მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგად იცოდნენ გაუწყლოების ნიშნების ამოცნობა, რომ მათი გამოვლენის შემთხვევაში არ დაკარგონ დრო და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. გაუწყლოების ნიშნებს მიეკუთვნება: კანისა და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, თვალების ჩავარდნა, უცრემლო ტირილი, მივარდნა ან ძლიერი აგზნება, ძილიანობა, სითხის მიღების შეუძლებლობა  და სხვ. დიარეის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, რათა დროულიად განისაზღვროს დიარეის გამომწვევი მიზეზი, ჩატარდეს შესაბამისი, ადეკვატური მკურნალობა და თავიდან იქნას აცილებული გართულებების განვითარება. 


როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ექიმთან ვიზიტამდე? ბავშვის ნებისმიერი დაავადების და განსაკუთრებით კი დიარეის დროს ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას წარმოადგენს სითხით დატვირთვა. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დიარეის შემთხვევაში იკარგება არა მარტო წყალი, არამედ მინერალური მარილები, მათ შორის ნატრიუმის და კალიუმის. ამიტომ აუცილებელია სითხით დატვირთვასთან ერთად სპეციალური სარეჰიდრატაციო ხსნარის მიწოდება, რომელიც ახდენს გაუწყლოების განვითარების პრვენციას, ხელს უწყობს მარილების შეწოვას და ღებინების სიხშირის შემცირებას. ყოველი დიარეული ეპიზოდის შემდეგ ბავშვმა უნდა მიიღოს 2 წლამდე ასაკში დაახლოებით 50-100, ხოლო 2 წლის შემდეგ 100-200 მლ სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარი. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოცემული სითხე ბავშვს უნდა მიაწოდონ არა ერთბაშად, არამედ მცირე ულუფებით და ხშირად, დაუშვებელია ორალური სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარის კონცენტრაციის დარღვევა, იგი უნდა გაიხსნას ზუსტად იმ რაოდენობის ანადუღარ ცივ წყალში, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე. თუ ბავშვი ვერ სვავს სითხეს, ძილიანია ან ვლიდნება ხშირი და შეუპოვარი ღებინება საჭირო ხდება სითხის ინტავენური მიწოდება. შესაძლებელია დიარეის სამკურნალოდ გამოყენებული იყოს პრობიოტიკები, ცოცხალი ე.წ “მეგობარი ბაქტერიები”, რომლებიც თრგუნავენ ნაწლავში პათოლოგიური ფლორის გამრავლებას, ხელს უწყობენ საკვების მონელებასა და შეწოვას, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზში და ასტიმულირებენ იმუნიტეტს. მრავალი რეკომენდაციების მიერ ორალურ სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარის პარალელურად პრობიოტიკების გამოყენება ამცირებს  დიარეის ხანგრძლივობის 1 დღით და ნაწლავთა მოქმედების სიხშირეს 1,5-ჯერ. 


შემთხვევათა ნაწილში, ზოგიერთი ბაქტერიით გამოწვეული დიარეის დროს საჭირო ხდება ანტიბიოტიკის დანიშვნა. ამავე დროს დაუშვებელია მშობლების მიერ ანტიბიოტიკის თვითნებურად გამოყენება. ანტიბიოტიკი ზემოქმედებს მხოლოდ არსებულ ბაქტერიულ ინფექციაზე და არ იწვევს ბაქტერიული ინფექციის პრევენციას. ანტიბიოტიკების არარაციონალური ანუ არასწორი გამოყენება მრავალ საფრთხესთან ასოცირდება, პირველ რიგში ეს არის მიკროორგანიზმების გაზრდილი რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის მომავლში საზოგადოებას, რომ არიშული ანტიბიოტიკები არაეფეტური აღმოჩნდეს  რეზისეტნტობა გაზრდილ მიკრობების მიმართ.  მეორე მხრივ ანტიბიოტიკები ზემოქმედებენ ნაწლავში არსებულ “მეგობარ ბაქტერიებზე” რაც იწვევს დისბიოზის განვითარებას. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ხშირად იწვევს მდგომარეობის გაუარესებას  და ზრდის მრავალი გვერდითი მოვლენის განვითარების რისკს, როგორიცაა: ალერგიული რეაქცია, დიარეა, ღებინება, სოკოვანი ინფექცია  და სხვ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანტიბიოტიკოთერაპია ეფექტურია დიარეის შემთხვევათა მხოლოდ 5-15% -ში. 


ჩვილ ბავშვს, რომელსაც აღენიშნება დიარეა სითხის გაზრდილი რაოდენობით მიწოდებასთან ერთად აუცილებლად სჭირდება ოპტიმალური კვება, რათა არ განვითარდეს კვების დეფიციტი. დიარეის შემთხვევაში რეკომენდებულია ბავშვმა მიიღოს საკვები შედარებით უფრო მცირე ულუფებით და გაიზარდოს კვების სიხშირე. ძუძუთი კვების შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია ხშირი ძუძუთი კვების გაგრძელება. ნებისმიერ  შემთხვევაში დიარეის დროს ბავშვმა უნდა მიიღოს მისი ასაკისთვის შესაბამისი საკვები მკაცრი დიეტის გარეშე. არ არის რეკომენდებული შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი სითხეების გამოყენება, რომელიც აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას. დიარეის ეპიზოდის შემდეგ რეკომენდებულია მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში 1 დამატებითი საკვები ულუფის მიწოდება, რაც ხელს უწყობს დაავადების დროს განვითარებული წონის დანაკლისის აღდგენას. 


მეტად მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგად იცოდნენ დიარეის  თავიდან აცილების გზები. პრევენციის საუკეთესო მეთოდს ჰიგიენური ნორმების დაცვა წარმოადგენს. პირველ რიგში აუცილებელია ხელის ხშირი დაბანა, საკვებად მისაღები პროდუქტების კარგად გარეცხვა, დასალევად სუფთა წყლის გამოყენება, მომზადებული საკვების მაცივარში შენახვა. გასათვალისიწნებელია, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ბევრი პროდუქტი მალფუჭებადია და ასეთი პროდუქტების გამოყენებამდე უნდა შეფასდეს მისი ვადა. ამჟამად საქართველოს იმუნიზაციის კალენდარი სხვა დაავადებებთან ერთად ითვალისწინებს როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. როგორც აღვნიშნეთ, ბავშვთა ასაკში დიარეის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ როტავირუსული დიარეაა, მასზე მოდის დიარეის შემთხვევათა დაახლოებით ერთი მესამედი. ვაქცინაცია ორალურია, ანუ ხდება ვაქცინის ჩაწვეთება პირის ღრუში, იგი ტარდება 2 და 3 თვეზე დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსის, ჰეპატიტის, პოლიომიელიტის ვაქცინაციის პარალელურად და იცავს ბავშვს როტავირუსული ინფექციისგან. დიარეის პრევენციის ერთ ერთ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს ძუძუთი კვება. ქალის რძეში შემავალი დამცვალობითი ნივთიერებები სხვა დაავადებების მსგავსად დიარეის განვითარებისგანაც იცავენ ჩვილს. დადგენილია, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში დიარეის სიხშირე გაცილებით მეტია. 


მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინება დაეხმარება მშობლებს დიარეის პრევენციისა და ადეკვატურ მართვაში. 

 

მაია ხერხეულიძე, მედ. დოქტორი, 

თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პრფესორი, 

გ. ჟვანიას სახ. პედიატრიული აკადემიური კლინიკა. 

ექიმ-პედიატრ მაია ხერხეულიძესთან ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577293466. გისურვებთ ჯანმრთელობას!