"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ყარამან ფაღავას რჩევები მშობლებს
"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ყარამან ფაღავას რჩევები მშობლებს
როგორი მშობლები არიან ყველასათვის ცნობილი პედიატრები - mshoblebi.ge-ს რუბრიკის სტუმარი ამჯერად პროფესორი, პედიატრი ყარამან ფაღავაა. მას უკვე შვილიშვილებიც ჰყავს და ძალიან საგულისხმო რჩევები აქვს მშობლებისთვის.
- ექიმების ოჯახიდან ვარ. ბაბუაჩემი ბავშვთა ექიმი იყო – ყარამან ფაღავა, შემდეგ მამაჩემი – ირაკლი ფაღავა პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, დედაჩემიც ექიმი იყო, ჩემი შვილებიც – ირაკლი ფაღავა პედიატრ-ენდოკრინოლოგია... ელენე ეპიდემიოლოგი, ისიც სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თანამშრომელი.
ჯერ კიდევ ბაბუაჩემის დედა – ქრისტინე შავდია სახალხო მკურნალი იყო... ჩვენს დიდ სანათესაოში უმეტესი მათგანი ექიმი იყო. რამდენიმე
დღის წინ შესრულდა მამაჩემის ასი წლისთავი, ახლახან გვქონდა საიუბილეო სხდომა. იყო წიგნის პრეზენტაცია. ნაჩვენები იყო ფილმი, სადაც ცოცხალი კადრებია, თუ როგორ სინჯავდა იგი ბავშვებს, ლექციებს რომ კითხულობდა, მშობლებს როგორ რჩევებს აძლევდა, როგორ მღეროდა.
მე სიმღერის ნიჭი არ დამყვა... პროფესორი ვარ და ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე: ავადმყოფებს ვსინჯავ, ვმკურნალობ, ლექციებს ვკითხულობ, პედიატრიის პოპულარიზაციას ვეწევი ტელევიზიით, გაზეთით. ფართო სპექტრის ექიმი ვარ. პრაქტიკულად პედიატრიის ყველა სფეროში სიტყვა მეთქმის. განსაკუთრებული ინტერესი მაქვს იმ სფეროში, როგორიცაა გასტროენტეროლოგია, რევმატოლოგია, ბრონქული ასთმა, უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, მოზარდთა მედიცინა და რაც მთავარია, საპროფესორო ავადმყოფები – რთული, იშვიათი და გაურკვეველი დაავადებებით.
სად და როდის გაიცანით თქვენი მეუღლე, ოჯახი როგორ შექმენით?
- მამაჩემს ძალიან უყვარდა ფეხით სიარული... როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, მამასთან ერთად მცხეთიდან ზედაზენზე ფეხით ავედი. მოგეხსენებათ ქართველებს უყვართ ბუნებაში სუფრის გაშლა და იქვე სამხედრო ექიმების სუფრა იყო. მათ შორის იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამედიცინო სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი, გენერალი – სედელნიკოვი. მისი მასპინძელი ქართველი გახლდათ, პოლკოვნიკი გოგი ქორიძე. გენერალი თავის ქალიშვილებთან ერთად იყო. უფროსი ქალიშვილი გავიცანი – ნატა სედელნიკოვა და მოკლედ რომ გითხრათ, რამდენიმე წელიწადში ცოლად შევირთე...
ზედაზენიდან დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. ოჯახი რომ შევქმენით, ინსტიტუტი მე უკვე დამთავრებული მქონდა, ჩემი მეუღლე კი ამთავრებდა. მამამისი უკვე მოსკოვში იყო გადასული სამუშაოდ, ესეც მიდიოდა და არ გავუშვი, ჩემთან დავიტოვე...
- როგორ იხსენებთ იმ ემოციას, როდესაც მამა გახდით?
- მამებს ბიჭი თითქოს უხარიათ, მაგრამ გოგოები უფრო მეტად უყვართ. პირველი გოგო გაჩნდა და ჩემი მეუღლე თურმე ნერვიულობდა, გიას ბიჭი უნდოდა და მე გოგო გავაჩინეო... (მე ოფიციალურად - ყარამანი მქვია, დაახლოებით მეთორმეტე ყარამანი ვარ გვარში, მაგრამ ისე გიას მეძახიან შინაურულად)... წლების შემდეგ ბიჭიც მეყოლა. როდესაც ჩემი ბიჭი დაიბადა, გოგომ ცოტა განიცადა და მითხრა, მე ალბათ ნაკლებად გეყვარებიო... ვუთხარი, შვილო, ნაკლებად როგორ მეყვარები, ჩემი იმედი ხარ, ჩემი მთავარი დამტირებელი და ის ბიჭია, შორს გასატყორცნი ისარი, სამომავლოდ და საპერსპექტივოდ-მეთქი...
- რა შეიცვალა თქვენთვის როგორც ექიმისთვის, რაც მშობელი გახდით?
- პროფესიაში არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ კი შეიცვალა... მამა ახალგაზრდა ასაკში გავხდი, 30 წელს არ ვიყავი მიღწეული. იმ დროს უკვე სტუდენტებს ვასწავლიდი და მას შემდეგ ყველა სტუდენტს შვილოს ვეძახი... ორი შვილიშვილი მყავს – ნატა და ყარამან-ალექსანდრე... შვილიშვილებიც ძალიან დიდი სიყვარულია, მაგრამ ისინი მშობბლებს ეკუთვნიან. სულ ვამბობ, შვილიშვილი ძალიან უნდა გიყვარდეს, მოეფერო, მაგრამ მუდამ გახსოვდეს, რომ პირველ რიგში მშობლებისანი არიან.
სიყვარულთან დაკავშირებით ერთ რამეს დავამატებდი: ბერძნები სიყვარულის სხვადასხვა ფორმას გამოყოყოფდნენ. ერთი საყოველთაოდ ცნობილი – ეროსი. არსებობს კიდევ ერთი საოცრად კეთილშობილური სიყვარული, რომელსაც – აღაპეს ეძახდნენ. ანუ მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შენგან არაფერი მინდა. ეს არის პირველ რიგში პაპების და დიდედების სიყვარული შვილიშვილების მიმართ. რა უნდა მინდოდეს შვილიშვილებისგან იმის გარდა, რომ კარგები და ბედნიერები იყვნენ?! შვილების მიმართ კი მაქვს მოთხოვნა, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია.
- შვილიშვილებს ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებთ?
- გააჩნია, რას ეძახით განებივრებას... საჩუქრები პატარა ბავშვებისთვის აუცილებელია და ეს ჩემი მეუღლის საქმეა უფრო მეტად... როცა განებივრებაზე ვსაუბრობთ, ყველას ვურჩევდი, რომ ემოცია მაქსიმალურად გამოხატონ. ეს არ ნიშნავს, ბავშვს რომ ყველაფრის ნება მისცენ. ძალიან კი მიყვარს ჩემი შვილიშვილები, მაგრამ როცა აუცილებელია, ვუკრძალავ კიდეც რაღაცეებს. ვეუბნები ეს და ეს არ შეიძლება-თქო. სხვათა შორს, მოფერებით უფრო მეტად ესმით... მშობლებს ვურჩევდი, საკუთარი საქციელით მისცენ კარგი მაგალითი ბავშვებს და მეორეც, ზედმეტი უარყოფითი ემოცია ააცილონ. რასაც ბავშვები საშინლად განიცდიან, ეს არის, როდესაც მათი მშობლები ავად არიან. ამიტომაც მშობლებმა მიხედონ თავიანთ ჯანმრთელობას, თუნდაც თამბაქოს მოერიდონ. ყველამ იცის, თამბაქო რომ მავნეა, ავად ხდის და თუ საკუთარი თავი არ ებრალებათ, შვილი მაინც შეიბრალონ... ბავშვებს უხარიათ ჯანმრთელი მშობლები! ოჯახში ხმამაღალი სიტყვა ყოველთვის ისმის, მაგრამ ბავშვების თანდასწრებით მოერიდონ! ბავშვები ყველაფერს ამჩნევენ! ამიტომაც მოეფერეთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ბავშვები, გამოხატეთ თქვენი სიყვარული მათ მიმართ, იქნებიან ბედნიერები, შესანიშნავი ოჯახიშვლები და მამულიშვილები!
წყარო: mshoblebi.ge