From what age to take a child to the sea and how to prepare a diet - recommendations from Eka Uber
რა ასაკიდან წავიყვანოთ ბავშვი ზღვაზე და როგორ შევუდგინოთ კვების რაციონი – რეკომენდაციები ეკა უბერისგან
როგორი უნდა იყოს კვების რაციონი გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, რომელ ხილს აქვს ყველაზე სასარგებლო თვისებები და რა ასაკიდან არის რეკომენდებული მისი მიღება, რა ფორმით ვლინდება ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი ნაწლავური ინფექციები და რომელია დასვენების საუკეთესო ადგილი ბაშვებისთვის – ამ და სხვა საინტერესო თემებზე მედიცინის დოქტორმა, თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურიკლინიკის ექიმმა-პედიატრმა ეკა უბერმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ისაუბრა.
მშობლები ხშირად ჩქარობენ ბავშვებისთვის ხილის მიცემას. როგორია თქვენი რეკომენდაცია ხილთან დაკავშირებით, რომელი ხილი უნდა ვაჭამოთ ბავშვს და რა ასაკიდან?
პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ რა უპირატესობა აქვს ხილს და რა სასარგებლო შემადგენლობები აქვს მას – ეს არის უჯრედისი, ვიტამინები და კარატინოიდები, ანუ ბეტა კაროტინი, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში, სიმსივნური დაავადებების პრევენციაში და ა.შ. ზოგადად, ერთი წლის ზემოთ ასაკის ჯანმრთელი ბავშვებისთვის, რომლებსაც კონკრეტული კომპონენტების მიმართ ალერგია არ აღენიშნებათ, არც ერთი ხილი უკუჩვენებას არ წარმოადგენს. მთავარი ის არის, რომელი ხილით უნდა დავიწყოთ და რა რაოდენობით. საქართველო მდიდარია ხილით და სასურველია, ყოველთვის სეზონური, ადგილობრივი ხილით დავიწყოთ. საზღვარგარეთიდან შემოსული ხილი გამოიყურება ლამაზად, არ ფუჭდება, რადგან ის სავსეა სხვადასხვა დანამატებით და ის საერთოდ არ არის საჭირო ბავშვისთვის.
დავიწყოთ ვაშლით, რომელიც მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებით და აპექტინით – ეს არის ნივთირება, რომელიც წმენდს ნაწლავებს და ცუდი ქოლესტერინის ნორმალიზებას უწყობს ხელს. ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტი არის ატამი, რომელიც მდიდარია კალციუმით, რკინით A და C ვიტამინებით და ის აუცილებლად სეზონზე უნდა მივცეთ ბავშვს. შეგვიძლია სეზონზე ჩვენ თვითონვე შევინახოთ ატამი, რომელსაც ფოლგის ქაღალდში გავახვევთ, ჩავდებთ საყინულეში და მოგვიანებით მივართმევთ პატარას.
რაც შეეხება კენკროვანებს, ძალიან ხშირია ალერგიული რეაქციები და ამიტომ მათი მიცემის დროს ცოტა მეტი სიფრთხილე გვჭირდება. კენკროვანები შეიცავენ წიწვებს, რომლებშიც შესაძლოა ბაქტერიებისა და ინფექციის წყარო იყოს, ამიტომ ერთი წლის ასაკის ბავშვებში თერმულად დაუმუშავებელს ხილს ვერიდებით. თუ ძალიან უნდა მშობელს, შეუძლია კომპოტი გააკეთოს და ისე მისცეს ბავშვს. რაც შეეხება ბანანს, მას ჩვენს ქვეყანაში არ აქვს ის ეფექტი, რაც რეალურად უნდა ჰქონდეს. გავითვალისწინოთ, რომ დიდი რაოდენობით ფრუქტოზას ბავშვი კარგად ვერ ინელებს, მაგალითად ერთი ვაშლი მისთვის კარგია, მაგრამ სამი ვაშლი შესაძლოა დიარეის მიზეზი გახდეს.
თავდაპირველად ხილის მიცემა მშობელმა უნდა დაიწყოს თერმული დამუშავებით, შემდეგ კი ცოცხალი მცირე და ზომიერი რაოდენობით გააგრძელოს.
ახლა მარწყვის სეზონია…
მარწყვი საფრთხილო პროდუქტია, ისევე როგორც საზამთრო და ნესვი. პროდუქტი, რომელიც მიწასთან ახლოს არის კარგად იწოვს ნიტრატებსა და ქიმიკატებს. ამიტომაც, სასურველი არ არის სამ წლამდე ასაკში აღნიშნული ხილის მიღება. ყველა ხილი შეიცავს შაქარს, ფრუქტოზას, რომელიც ასევე ზრდის ენდოკრინული დაავადებების განვითარების რისკს. ყველაფერში უნდა დავიცვათ ზომიერება, რადგან დიდი რაოდენობით შაქრის მიღება სასურველი არ არის. საკმაოდ კალორიულია ყურძენი, მსხალი, ლეღვი, კარალიოკი, ამიტომაც არის მათი ზომიერად მიღებაა საჭირო.
არსებობს თუ არა ხილი, რომელიც კარგად მოქმედებს დაბალ ჰემოგლობინზე და მისი მიღება რეკომენდებულია რკინადეფიციტური ანემიის დროს?
მაგალითად, ატამში არის დიდი რაოდენობით რკინის შემცველობა, მაგრამ კვებითი კომპონენტებით, უკვე განვითარებული დეფიციტის შევსება არ ხდება. ჯანმრთელი კვება არის პრევენცია, მაგრამ უკვე განვითარებული დეფიტი უნდა შეივსოს მედიკამენტებით.
რას იტყვით ბოსტნეულზე, რომელიც გაზაფხულის სეზონზე შემოდის და რამდენად რეკომენდებულია ის პატარებისთვის?
ბოსტნეულთან მიმართებაში საკითხი უფრო მსუბუქად დგას. ბოსტნეულიც შეიცავს დიდი რაოდენობით კარატინიოდებსა და უჯრედისს. აქაც უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი პროდუქტის უპირატესობა. მშობლებს ხშირად ეჩქარებათ ახალი კარტოფილის მიცემა პატარებისთვის. რეალურად კი, სანამ კარტოფილი კარგად არ შემოვა, სასურველი არ არის მიცემა, ხოლო ერთ წლამდე საერთოდ არ არის საჭირო. კარტოფილში ბევრი ვიტამინი არ არის, არსებობს უფრო მეტად სასარგებლო პროდუქტი, მაგალითად ბროკოლი, ან ყაბაყი, რომელიც სავსეა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. რაც შეეხება კიტრს, მისი მიცემა წლადე ასაკში არ შეიძლება, მასში ბევრი წყალია და ნაკლები მიკროელემენტები.
არის თუ არა პროდუქტები, რომელიც გაზაფხულზე უნდა შეიზღუდოს და რეკონედებულია თუ არა სეზონურად შეიცვალოს ბავშვის კვების რაციონი?
ზოგადად, სამ წლამდე ასაკის ბავშვებში კვების რაციონი არ იცვლება. აუცილებელი პირობაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. ცილები წარმოდგენილია ხორცით თევზითა და პარკოსნებით, მაგალითად ლობიოთი. ხორცი ან თევზი აუცილებელი პირობაა ყოველდღიური რაციონისთვის, სეზონის მიუხედავად. ვაშლის წვენის მიცემას ადრეულ ასაკში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც კი პატარას ტკბილს, შაქრით მდიდარ პროდუქტს შესთავაზებთ, შესაძლოა, ბოსტნეულმა დისკომფორტი გამოიწვიოს. ამიტომ, სასურველია ჯერ ხორცისა და ბოსტნეულის დაგემოვნება მოხდეს, რადგან გემოვნების რეცეპტორების ჩამოყალიბება ამ ასაკში ხდება, რასაც შესთავაზებ, ისეთი გემოვნება ჩამოუყალიბდება. მაგალითად, ადაპტირებული რძის ნარევი, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან უგემურია, პატარას ძალიან მოსწონს. ჩემი რჩევაა, ნუ იჩქარებენ მშობლები თავისუფალი ნახშირწყლების, შაქრებისა და ცხიმების, საფუარით სავსე ფუნთუშეულის დაგემოვნებას. ამ დროს ყალიბდება შერჩევითი უმადობა. ამიტომ ბავშვი ძალიან კარგად მიირთმევს ნახშირწყალს და ცხიმებს, მაგრამ უარს ამბობს ჯანსაღ კვებაზე.
რას იტყვით ხილფაფებზე, რომლებიც აფთიაქებში იყიდება…
ბავშვთა კვება ერთადერთი ხაზია, რომელიც მკაცრად კონტროლდება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ. ბავშვთა კვების პროდუქტი უნდა იყოს ბიო, კონსერვატებისგან, საღებავებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან თავისუფალი. ასეთი პროდუქტი თერმულად არის მოხუფული და წესით დანამატების გარეშეც კარგად უნდა ინახებოდეს.
რა რეკომენდაციები გაქვთ ბავშვებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ხილი?
ხშირად მშობელი ამბობს, რომ ბავშვი არაფერს ჭამს, ამ დროს ექიმი ბავშვის წონასა და სიმაღლეს ამოწმებს და თუ ის ასაკობრივ ნორმას შეესაბამება, საქმე გვაქვს შერჩევით უმადობასთან. ბავშვმა დააგემოვნა ნახშირწყლები, აქედან იღებს კალორიებს და უარს ამბობს ჯანმრთელ კვებაზე. ვარკვევთ, ბავშვი არასწორად ჭამს თუ ნამდვილად უმადობა აქვს. თუ სახეზეა უმადობა და ამას ერთვის ასაკობრივ ნორმასთან ჩამორჩენა, ვიწყებთ სხვადასხვა სახის კვლევებს უმადობის ზუსტი მიზეზის დასადგენად.
უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს ჭამა?
ეს არის ჩვენი გენეტიკური თვისება. საქართველოში ოჯახი ვალდებულია, რომ ბავშვმა კარგად ჭამოს. რეალურად დაძალების ინსტიტუტი ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, პირიქით, როგორც კი ბავშვს ვაძალებთ რაიმე პროდუქტს, მას აგრესია უჩნდება და უარს ამბობს იმ პროდუქტზე, თუნდაც ძალიან მშიერი იყოს. გაითვალისწინეთ, რაც უფრო გვიან დააგემოვნებინებთ „გემრიელ“ პროდუქტებს, მით უკეთესია. ბავშვმა ხომ არ იცის, რა გემო აქვს კანფეტს, შოკოლადს, ნამცხვარს…
რა სიხშირით შეიძლება ბავშვისთვის ნაყინის მიცემა?
ნაყინი არ არის პროდუქტი, რომელიც კატეგორიულად უნდა შეიზღუდოს, მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო და დღის განმავლობაში 100-150 გრამი საკმარისია. თუკი ბავშვი ნაყინს კარგად იტანს და სასუნთქი სისტემის გადაციება არ ხდება, ან ნუშურები არ აქვს მორეციდივე ჩირქოვანი პროცესით, პრობლემა არ არის. ნაყინში დიდი რაოდენობით შაქარია, ამიტომ ერთი ულუფა დღის განმავლობაში სრულიად საკმარისია.
როგორ და რამდენ ხანს უნდა ისვენებდეს ბავშვი ზაფხულში?
ბავშვის გარეთ გაყვანა ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი კომპონენტია, ნებისმიერ ამინდში, მაშინაც კი როდესაც ქარია, ის ორი საათი მაინც უნდა იყოს ჰაერზე. რაც შეეხება დასვენებას, ამ დროს ყველაზე სასარგებლოა მთა, მინიმუმ 1 200 მეტრი ზღვის დონიდან. იქ სადაც ბევრი სიმწვანე და ბევრი სუფთა ჰაერია, ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა. ადაპტაციას 7-10 დღეში სჭირდება და შესაბამისად შეცვლილი გარემოს აღქმას ორგანიზმი სწორედ ამის შემდეგ იწყებს – ამიტომ მინიმუმ ორი კვირა მაინც ბავშვი მთიან კურორტზე უნდა გვყავდეს. მიიჩნევა, რომ ურბანული ბავშვები უფრო ხშირად ავადობენ, განსაკუთრებით რესპირატორული პათოლოგიებით, ვიდრე სოფელში მცხოვრები ბავშვები.
გირჩევთ, ერთ წლამდე ასაკის ბავშვები ქალაქიდან შორს არ გაიყვანოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო პუნქტთან ახლოს იმყოფებოდეთ. ასევე, სასურველია 3-4 წლამდე ბავშვი არ მოხდეს ზღვის კურორტზე.
ბავშვები, რომლებსაც განსხვავებული პრობლემები აქვთ, მაგალითად ხველა, ან გლანდების პრობლემა… უნდა შევარჩიოთ თუ არა დასვენების ადგილი ამის მიხედვით?
სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ძირითადად, რესპირატორული ინფექციებია გავრცელებული. მთავარია ბავშვი იყოს ჰაერზე და ინფექციური წყაროსგან შორს. მოზრდილ ადამიანებს აქვთ იმუნიტეტი და იშვიათად ავადობენ, ხოლო სამ წლამდე ასაკის ბავშვებს იმუნიტეტი პრაქტიკულად არ აქვთ და მის გამომუშავებას სწორედ ვირუსების შეხვედრა უწყობს ხელს. შესაძლებელია იმუნიტეტის ხელოვნურად ჩამოყალიბება გარკვეული აცრების ჩატარების შედეგად.
ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ძვალ-სახსროვანი პრობლემები, ასეთი პატარებისთვის თუ შეიძლება ზღვაზე წაყვანა?
ინსოლაციის შემთხვევაში ძალიან რთულია ზომიერების დაცვა. ზღვისპირა კურორტებზე ბავშვი გარეთ მხოლოდ 10:00 საათამდე უნდა იყოს, ამის შემდეგ დაცული უნდა იყოს ულტრაიისფერი სხვივებისგან, გარდა ამისა, ზღვაზე აკლიმატიაზაცია უფრო ხანგრძლივია და შესაძლებელია 10-12 დღემდეც გაგრძელდეს. აკლიმატიზაციას ხელს უწყობს დიდი რაოდენობით სითხის მიცემა, ჩვეული რეჟიმის დაცვა და ა.შ.
თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, არის თუ არა ეს გარანტი იმისა, რომ ზამთარში ვირუსებისგან თავი დავიცვათ?
პირველ რიგში ადაპტირებული, სრულფასოვანი კვება, ძილისა და სიფხიზლის პერიოდების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. სამ წლამდე ასაკში ბავშვს 21:00 საათზე სასურველია ეძინოს. მშობლები ხშირად ამბობენ, რომ არ იძინებს მათი პატარა. ირკვევა, რომ ღამის ორ საათზე იმიტომ იძინებს, რომ დღის 12:00 საათამდე არ იღვიძებს. მთავარია რაც შეიძლება დიდი ხანი სეირნობა, ჯანრთელი ცხოვრების წესი, დროული ვაქცინაცია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა თავის შედეგს გამოიღებს.
როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი სეზონისთვის?
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სექტემბრის ბოლოს, ოქტობრის დასაწყისში შემოდის ხოლმე. ყოველ წელს იქმნება ახალი ვაქცინა, რომელიც დაფუძნებულია გასული წლების ვირუსებზე, ეს არის მზა იმუნიტეტი ორგანიზმისთვის და პლუს ამას, ვაქცინას ემატება 25% შესაძლო მუტაციებისა. ერთი ვირუსით ადამიანი ერთხელ ავადობს, გრიპის ვირუსი იმდენად სწრაფად განიცდის მუტაციას, რომ ორგანიზმი ვეღარ ცნობს მას და იგივე სიმპტომებით ავადდება, თუმცა სახეშეცვლილი ვირუსებით. მარტო ვაქცინაცია არ იქნება რა თქმა უნდა ეფექტური, გავიმეორებ, საჭიროა სრულფასოვანი კვება, შესაძლებელია კვებითი დანამატების მიღებაც, თუკი ბავშვი არ იკვებება ისე, როგორც საჭიროა. ვიტამინების მიღება ხშირად არაჯანსაღი პროდუქტების მიღებისკენ ლტოლვას აძლიერებს.
რა სიმპტომებით ვლინდება ნაწლავური ინფექციები?
ნაწლავური ინფექციები სეზონური ხასიათისაა, უხშირესად ვირუსული ეტიოლოგიით არის წარმოდგენილი და ამისი მიზეზი ხშირად არის როტა ვისრუსი. ჩვენს ქვეყანაში კეთდება როტა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, რომელიც ნაწილობრივ იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისკენ. რითია საშიში ეს დაავადება? რომ არ მოხდეს სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა და დაკარგულსა და მიღებულ სითხეს შორის წინასწორობის დარღვევა. ხშირად, ასეთი ინფექციისას დამახასიათებელია გულის რევა, გახშირებული ნაწლავთა მოქმედება. ხშირად განავალში სითხისა და ლორწოს შემცველობა. ამ დროს პირველი წამალი არის ორგანიზმის სითხით დატვირთვა. აფთიაქებში მრავალად მოიძებნება ელექტროლიტური ხსნარები, რომლებიც ჩანაცვლებით თერაპიას გულისხმობენ. ამ დროს მედიკამენტის მიცემა საჩქარო არ არის, პირველი არის სითხით შევსება, ანუ რეჰიდრატაცია. თუკი გახშირებული ნაწლავთა მოქმდება აქვს ბავშვს, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ამ დროს მისაღებია ყველანაირი სითხე უკიდურეს შემთხვევაში, თუმცა სასურველია ელექტროლიტური ხსნარები, რომლებიც მიღებულ სითხეს ორგანიზმში აკავებენ.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს ნაწლავური ინფექციების დროს?
ადრეული ასაკის ბავშვებთან მიმართებაში მშობლის ნდობა ძალიან რთულია, რადგან ის ადეკვატურად ვერ შეაფასებს, არის თუ არა გაუწყლოვანების საშიშროება, ამიტომ პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა შეეხმიანოს ექიმს, რადგან უფრო სწრაფად აღმოიფხვრება პრობლემა.
გაცილებით ეფექტურია პეროლარულად მიღებული სითხეები და არა გადასხმა. გადასხმა არის ალტერნატივა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი საჭირო რაოდენობით სითხეს ვერ იღებს.
პირველი ორი დღის განმავლობაში მშობლის ძალისხმევაა საჭირო, რომ ბავშვს სითხის ადეკვატური რაოდენობა მიაწოდოს და ექიმმა უნდა შეაფასოს, რამდენად სწორია მისი სახლის პირობებში მკურნალობა.
არსებობს თუ არა დაავადებები რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში უფრო მეტად არის გამოვლენილი?
ვიტყვი, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ”ენტეროვირუსები” სრულად სხვა დაავადებების გამომწვევია და ის არაფერ კავშირშია გახშირებულ ნაწლავთა მოქმედებასთან. ეს ტერმინი არასწორია ნაწლავურ ინფექციებთან. სკოლამდელი ასაკის ბავშვი ავადობს ხშირად და ეს არის ნორმა, უფრო მეტიც, თუ მას არ უტარდება ვაქცინაცია, ეს განაპირობებს იმუნიტეტის გამომუშავებას.
დიარეულ დაავადებებს ახასიათებს სეზონურობა, ვლინდება გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულში, ხოლო რესპირატორულ დაავადებებს, შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში ვხვდებით. მთავარია ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა.